თავი - 3
Previous1ტიბერიუს კეისრის მმართველობის მეთხუთმეტე წელს, პონტოელი პილატეს მმართველობისას ჰურიასტანში, ჰეროდეს ტეტრარქობისას გალილეაში, ხოლო ფილიპეს, მისი ძმის, ტეტრარქობისას იტურიაში და ტრაქონელთა მხარეში და ლისანიუსის ტეტრარქობისას აბილინესში,
2ანასა და კაიაფას მღვდელმთავრობისას, იყო სიტყვა უფლისა იოანეს, ზაქარიას ძის, მიმართ უდაბნოში.
3და მოიარა იორდანის მთელი შემოგარენი და ქადაგებდა ნათლისღებას სინანულისას მოსატევებლად ცოდვათა,
4როგორც წერია ესაია წინასწარმეტყველის სიტყვათა წიგნში: ხმა მღაღადებლისა უდაბნოში; გაამზადეთ გზა უფლისა და გამართეთ მისი ბილიკები.
5ყოველი ხევი ამოივსება და ყოველი მთა და ბორცვი დადაბლდება და იქცევა მრუდე გამართულად და უსწორმასწორო სწორ გზად;
6და იხილავს ყოველი ხორციელი ღვთისაგან ხსნას (ეს.40,3-5).
7და ეუბნებოდა მისგან ნათლის მისაღებად მოსულ ხალხს: იქედნეთა ნაშობნო, ვინ გიჩვენათ თქვენ გაქცევა მომავალი რისხვისგან?
8გამოიღეთ ნაყოფი, ღირსი სინანულისა, და ნუ ფიქრობთ და ამბობთ თქვენთვის: მამა გვყავს აბრაამი, — რადგან გეუბნებით თქვენ, რომ შეუძლია ღმერთს, ამ ქვათაგან აღუდგინოს შვილები აბრაამს,
9რადგან ცული უკვე ხეების ძირთან დევს. ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს კეთილ ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა.
10და ეკითხებოდა მას ხალხი და ეუბნებოდა: და რა ვქნათ?
11მიუგო და უთხრა მათ: ვისაც აქვს ორი კვართი, მისცეს, ვისაც არა აქვს, და ვისაც აქვს საჭმელი, მსგავსადვე გააკეთოს.
12მივიდნენ მეზვერეებიც ნათლის მისაღებად და უთხრეს მას: მოძღვარო, რა ვქნათ?
13ხოლო მან უთხრა მათ: თქვენთვის დაწესებულზე მეტს ნურაფერს აიღებთ.
14ეკითხებოდნენ მას მეომრად განწესებულნიც: ჩვენ რაღა ვქნათ? და უთხრა მათ: ნურავის დასწამებთ ცილს, ნურც შეავიწროებთ და იკმარეთ თქვენი გასამრჯელო.
15და როცა ელოდებოდა ერი, ყველა ფიქრობდა თავის გულში იოანეზე: ნუთუ ის არის ქრისტე?
16მიუგო იოანემ ყველას და უთხრა: მე წყლით ნათელს გცემთ თქვენ, ხოლო მოდის ჩემზე ძლიერი, რომლის ხამლთა თასმების გახსნის ღირსიც არა ვარ. იგი თქვენ ნათელს გცემთ სულიწმიდით და ცეცხლით.
17მისი ნიჩაბი მის ხელთ არის და გაწმენდს თავის კალოს და შეაგროვებს ხორბალს ბეღელში, ხოლო ბზეს დაწვავს უშრეტი ცეცხლით.
18და ბევრ სხვა რამესაც სანუგეშოდ ახარებდა ერს.
19ხოლო ჰეროდე ტეტრარქმა, რომელსაც ამხელდა იგი ჰეროდიას, მისი ძმის ცოლის, გამო და ყოველივე ამის გამო, რა ბოროტებაც ჩაიდინა ჰეროდემ
20ყველაფერს ესეც დაუმატა და დაამწყვდია იოანე საპყრობილეში.
21და იყო, როცა ნათელს იღებდა მთელი ერი, იესომაც ნათელი მიიღო და ლოცულობდა; და გაიხსნა ცა
22და გადმოვიდა სულიწმიდა ხორციელი სახით, როგორც მტრედი, მასზე და ხმა იყო ზეციდან მეტყველი: შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, შენ სათნო ხარ ჩემთვის.
23და თავად იესო, როდესაც იწყებდა, იყო დაახლოებით ოცდაათი წლისა, და ეგონათ ძე იოსებისა, ელისა,
24მატთანისა, ლევისა, მელქისა, იანესი, იოსებისა,
25მატათისა, ამოსისა, ნაუმისა, ესლისა, ნაგესი,
26მაათისა, მატათისა, სემისა, იოსებისა, იუდასი,
27იონანისა, რესასი, ზორობაბელისა, სალათიელისა, ნერისა,
28მელქისა, ადისა, კოსამისა, ელმოდადისა, ერისა,
29იოსისა, ელეაზარისა, იორამისა, მატათისა, ლევისა,
30სიმეონისა, იუდასი, იოსებისა, იონანისა, ელიაკიმისა,
31მელეასი, მაინანისა, მატათანისა, ნათანისა,
32დავითისა, იესესი, იობედისა, ბოოსისა, სალმონისა, ნაასონისა,
33ამინადაბისა, არამისა, ესრომისა, ფარეზისა, იუდასი,
34იაკობისა, ისააკისა, აბრაამისა, თარასი, ნაქორისა,
35სერუქისა, რაგავისა, ფალეგისა, ებერისა, სალასი,
36კაინანისა, არფაქსადისა, სემისა, ნოესი, ლამექისა,
37მათუსალასი, ენოქისა, იარედისა, მალელეილისა, კაინანისა,
38ენოსისა, სეითისა, ადამისა და ღვთისა.
Next