თავი - 2
Previous1იყო, იმ დღეებში გამოვიდა ბრძანება ავგუსტუს კეისრისა, რომ აღწერილიყო მთელი ქვეყანა.
2ეს აღწერა პირველი იყო კვირინუსის სირიაში მმართველობისას.
3და მიდიოდა ყველა, რომ აღწერილიყო, თითოეული — თავის ქალაქში.
4და ავიდა იოსებიც გალილეიდან, ქალაქ ნაზარეთიდან, ჰურიასტანში, დავითის ქალაქში, რომელსაც ჰქვია ბეთლემი, რადგან იყო იგი დავითის სახლიდან და ტომიდან,
5რათა აღწერილიყო მარიამთან, თავის დაწინდულთან, ერთად, რომელიც იყო მუცლადღებული.
6და იყო, მათი ყოფნისას იქ, დადგა მისი შობის დღეები.
7და შვა ძე თავისი, პირმშო, და შეახვია იგი და ჩააწვინა იგი ბაგაში, რადგან არ იყო მათთვის ადგილი სასტუმროში.
8და მწყემსები იყვნენ იმ მხარეში ველად და იცავდნენ ღამის სახმილავზე თავის ფარას.
9და, აჰა, ანგელოზი უფლისა დაადგა მათ და დიდება უფლისა გამოუბრწყინდა მათ და შეშინდნენ დიდი შიშით.
10და უთხრა მათ ანგელოზმა: ნუ გეშინიათ, რადგან, აჰა, გახარებთ თქვენ დიდ სიხარულს, რომელიც იქნება მთელი ერისთვის,
11რადგან იშვა თქვენთვის დღეს მხსნელი, რომელიც არის ქრისტე უფალი, დავითის ქალაქში.
12და ეს იქნება თქვენთვის ნიშანი — იპოვით ყრმას, შეხვეულს და მწოლიარეს ბაგაში.
13და უეცრად ანგელოზთან გაჩნდა სიმრავლე ზეციურ მხედრობათა, რომლებიც აქებდნენ ღმერთს და ამბობდნენ:
14დიდება მაღალთა შინა ღმერთს, ქვეყანაზე მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.
15და იყო, როდესაც ავიდნენ მათგან ცაში ანგელოზები, მწყემსებმა უთხრეს ერთმანეთს: გავიდეთ ბეთლემამდე და ვიხილოთ ეს სიტყვა, რომელიც აღსრულდა, რომელიც უფალმა გვაუწყა ჩვენ.
16და მივიდნენ სწრაფად და იპოვეს მარიამი და იოსები და ყრმა, მწოლიარე ბაგაში.
17და როდესაც იხილეს, გულისხმაყვეს სიტყვა, რომელიც ითქვა მათ მიმართ იმ ყრმის შესახებ.
18და ყველას, ვისაც ესმოდა, უკვირდა მწყემსების ნათქვამი მათთვის;
19ხოლო მარიამმა დაიმარხა ეს სიტყვები და ჩაიდო თავის გულში.
20და მიბრუნდნენ მწყემსები, ადიდებდნენ და აქებდნენ ღმერთს ყველაფრის გამო, რაც მოისმინეს და იხილეს, როგორც ითქვა მათთვის.
21და როცა შესრულდა რვა დღე, რათა წინადაეცვითათ მისთვის, ეწოდა მისი სახელი, იესო, რომელიც ეწოდა ანგელოზისგან მის მუცლადღებამდე.
22და როცა შესრულდა მათი განწმენდის დღეები, მოსეს სჯულის მიხედვით აიყვანეს იგი იერუსალიმში, რომ წარედგინათ უფლის წინაშე —
23როგორც დაწერილია უფლის სჯულში ყოველ წულს, რომელიც გახსნის საშოს, წმიდა უფლისა ეწოდება (გამ.13,2) —
24და რომ მიეცათ შესაწირი, როგორც ნათქვამია უფლის სჯულში, ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი.
25და, აჰა, იყო კაცი იერუსალიმში, რომლის სახელი იყო სიმეონი; და ეს იყო კაცი მართალი და ღვთისმოშიში და მოელოდა ისრაელის ნუგეშისცემას და სულიწმიდა იყო მასზე;
26და იყო მისთვის უწყებული სულიწმიდისგან, რომ არ იხილავდა სიკვდილს, ვიდრე არ იხილავდა უფლის ცხებულს.
27და მივიდა სულიწმიდით ტაძარში და, როცა შეიყვანეს მშობლებმა ყრმა იესო, როგორც ევალებოდათ მათ სჯულის წესისამებრ მის მიმართ,
28მან აიყვანა იგი თავის ხელში და აკურთხა ღმერთი და თქვა:
29აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, სიტყვისამებრ შენისა მშვიდობით,
30რადგან იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი,
31რომელიც გაამზადე ყოველი ერის წინაშე,
32ნათელი განსაცხადებლად წარმართთათვის და სადიდებლად ერისა შენისა ისრაელისა.
33და იყვნენ იოსები და დედა მისი გაკვირვებულნი იმით, რაც ითქვა მასზე.
34და აკურთხა ისინი სიმეონმა და უთხრა მარიამს, მის დედას: აჰა, იგი დგას დასამხობად და აღსადგენად მრავალთა ისრაელში და ნიშნად ცილობისა.
35და თვით შენს სულშიც გაივლის მახვილი, რათა გაცხადდეს ზრახვა მრავალი გულისა.
36და იყო ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ასერის ტომიდან; იგი ძლიერ ხანდაზმული იყო და იცხოვრა ქმართან ერთად შვიდი წელი თავისი სიქალწულიდან.
37და იგი იყო ქვრივი, დაახლოებით, ოთხმოცდაოთხი წელი, რომელიც არ შორდებოდა ტაძარს და მარხვით და ვედრებით ემსახურებოდა ღამე და დღე.
38და იგი იმავე დროს წარდგა და მადლობდა უფალს და ეუბნებოდა მის შესახებ ყველას, ვინც მოელოდა გამოხსნას იერუსალიმში.
39და როდესაც აღასრულეს ყველაფერი უფლის სჯულის მიხედვით, დაბრუნდნენ გალილეაში, თავის ქალაქ ნაზარეთში.
40ხოლო ყრმა იზრდებოდა და მტკიცდებოდა სულით და ივსებოდა სიბრძნით და მადლი ღვთისა იყო მასზე.
41და ადიოდნენ მისი მშობლები ყოველწლიურად იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე.
42და როცა იყო იგი თორმეტი წლისა, ავიდნენ ისინი იერუსალიმში, ჩვეულებისამებრ, დღესასწაულზე;
43და აღასრულეს ის დღეები და, როდესაც ბრუნდებოდნენ ისინი, დარჩა ყრმა იესო იერუსალიმში და არ იცოდნენ იოსებმა და მისმა დედამ
44და ეგონათ, რომ იგი მგზავრებთან ერთად იყო; და გაიარეს ერთი დღის გზა და ეძებდნენ მას ნათესავებსა და ნაცნობებს შორის
45და ვერ იპოვეს და დაბრუნდნენ იერუსალიმში და ეძებდნენ მას.
46და იყო, სამი დღის შემდეგ იპოვეს იგი ტაძარში მჯდომი მოძღვართა შორის, უსმენდა მათ და ეკითხებოდა მათ.
47და გაოგნებული იყო ყველა მისი მსმენელი მისი გონიერებით და პასუხებით.
48და დაინახეს იგი და განცვიფრდნენ და უთხრა მას თავისმა დედამ: შვილო, რა გვიყავი ჩვენ ეს? აჰა, მე და მამაშენი გულმოკლულები გეძებდით შენ.
49და უთხრა მათ: და რატომ მეძებდით მე განა არ ცოდით, რომ რაც ჩემი მამისა არის, იქ მმართებს მე ყოფნა?
50და მათ ვერ გაიგეს სიტყვა, რომელიც უთხრა მათ.
51და ჩამოვიდა მათთან ერთად და მივიდა ნაზარეთში და ემორჩილებოდა მათ; ხოლო მისმა დედამ დაიმარხა ყველა ეს სიტყვა თავის გულში.
52და იესო წარემატებოდა სიბრძნით და ასაკით და მადლით ღვთისა და კაცთა წინაშე.
Next