Eleos

Contents

თავი - 1

Previous
1ვინაიდან უკვე მრავალმა მიჰყო ხელი ჩვენ შორის ნამდვილად აღსრულებული საქმეების თხრობის აღწერას,
2როგორც გადმოგვცეს ჩვენ მათ, ვინც დასაბამიდან თვითმხილველნი და მსახურნი იყვნენ სიტყვისა,
3მივიჩნიე მეც, ვინც თავიდანვე შევუდექი, ყველაფერი ზედმიწევნით თანამიმდევრულად მომეწერა შენთვის, ღირსეულო თეოფილე,
4რათა შეიცნო შესწავლილი სიტყვების სიმტკიცე.
5იყო ჰურიასტანის მეფის, ჰეროდეს, დღეებში მღვდელი ვინმე, სახელად ზაქარია, აბიას მორიგეობიდან, და ცოლი მისი — აარონის ასულთაგან და სახელი მისი — ელისაბედი.
6და იყო ორივე მართალი ღვთის წინაშე და დადიოდნენ უფლის ყველა მცნებითა და სიმართლით, უბიწონი,
7და არ ჰყავდათ მათ შვილი, რადგან ელისაბედი იყო ბერწი, და ორივენი ხანგადასულები იყვნენ.
8და იყო მისი მღვდელმსახურებისას, მისი მორიგეობის წესის მიხედვით ღვთის წინაშე,
9ჩვეულებისამებრ მღვდელმსახურებისა, წილად ხვდა კმევა და შევიდა უფლის ტაძარში,
10და მთელი სიმრავლე ერისა ლოცულობდა გარეთ კმევის დროს.
11და ეჩვენა მას ანგელოზი უფლისა, მდგომარე საკმევლის სამსხვერპლოს მარჯვნივ.
12და შეძრწუნდა ზაქარია, როცა იხილა, და შიში დაეცა მას.
13უთხრა მას ანგელოზმა: ნუ გეშინია, ზაქარია, რადგან შესმენილია შენი ვედრება, და შენი ცოლი, ელისაბედი, გიშობს შენ ძეს და უწოდებ მის სახელს, იოანეს.
14და გექნება შენ სიხარული და მხიარულება და მრავალნი მისი შობით გაიხარებენ;
15რადგან დიდი იქნება უფლის წინაშე და ღვინოსა და თაფლუჭს არ შესვამს და სულიწმიდით აივსება თავისი დედის მუცლიდანვე,
16და მრავალს ისრაელის ძეთაგან მოაქცევს მათი უფალი ღმერთისკენ.
17და ჯერ იგი მოვა მასზე წინ ელიას სულითა და ძალით, რათა მოაქციოს მამათა გულები შვილებისკენ და ურჩები მართალთა გონებაზე და მოუმზადოს უფალს ერი გამზადებული.
18და უთხრა ზაქარიამ ანგელოზს: რითი გავიგო ეს, რადგან მე მოხუცებული ვარ და ჩემი ცოლი ხანგადასულია?
19და მიუგო ანგელოზმა და უთხრა მას: მე ვარ გაბრიელი, წინამდგომი ღვთის წინაშე, და გამოგზავნილი ვარ, რომ გითხრა შენ და გახარო შენ ეს.
20და აჰა, იქნები დადუმებული და ვერ შეძლებ ლაპარაკს იმ დღემდე, ვიდრე ეს არ მოხდება, რადგან არ ირწმუნე ჩემი სიტყვებისა, რომელიც აღსრულდება თავის დროზე.
21და იყო ერი, რომელიც ელოდა ზაქარიას, გაკვირვებული მისი დაყოვნებით ტაძარში,
22ხოლო როცა გამოვიდა, ვერ შეძლო ლაპარაკი მათთან და მიხვდნენ, რომ ჩვენება იხილა ტაძარში, და იგი ანიშნებდა მათ დამუნჯებული.
23და იყო, როგორც კი დასრულდა მისი მსახურების დღეები, წავიდა თავის სახლში.
24და იმ დღეების შემდეგ მუცლადიღო ელისაბედმა, მისმა ცოლმა, და იფარავდა თავს ხუთი თვე და ამბობდა:
25ასე მიყო მე უფალმა ამ დღეებში, როცა მომხედა, რათა მოესპო ჩემი ყვედრება კაცთა შორის.
26და მეექვსე თვეს მოვლენილ იქნა გაბრიელ ანგელოზი ღვთის მიერ გალილეის ქალაქში, რომლის სახელია ნაზარეთი,
27ქალწულთან, რომელიც დაწინდული იყო ქმართან, რომლის სახელი იყო იოსები, დავითის სახლიდან და სახელი ქალწულისა — მარიამი.
28და შევიდა ანგელოზი მასთან და უთხრა: გიხაროდეს, მიმადლებულო, უფალი შენთან არის; კურთხეული ხარ შენ დედათა შორის.
29ხოლო მან, როცა იხილა, შეძრწუნდა მის სიტყვაზე და ფიქრობდა: რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვა?
30და უთხრა ანგელოზმა მას: ნუ გეშინია, მარიამ, რადგან ჰპოვე მადლი ღვთის წინაშე.
31და აჰა, მუცლადიღებ და შობ ძეს და უწოდებ მის სახელს, იესოს.
32იგი იქნება დიდი და ძე მაღლისა ეწოდება და მისცემს მას უფალი ღმერთი დავითის, მისი მამის, ტახტს,
33და იმეფებს იაკობის სახლზე საუკუნოდ და მის სუფევას არ ექნება დასასრული.
34და უთხრა მარიამმა ანგელოზს: როგორ იქნება ეს, რადგან მამაკაცი არ ვიცი?
35და მიუგო ანგელოზმა და უთხრა მას: სულიწმიდა გადმოვა შენზე და ძალი მაღლისა დაგფარავს შენ; ამიტომ შობილსაც წმიდა ეწოდება, ძე მაღლისა.
36და აჰა, ელისაბედი, ნათესავი შენი, მანაც მუცლადიღო ძე თავის სიბერეში და ეს მეექვსე თვეა იმისი, რომელსაც ერქვა ბერწი,
37რადგან არ არის შეუძლებელი ღვთისათვის არც ერთი სიტყვა.
38და უთხრა მარიამმა: აჰა, მხევალი უფლისა, მეყოს მე სიტყვისამებრ შენისა. და წავიდა მისგან ანგელოზი.
39და ადგა მარიამი იმ დღეებში და წავიდა სწრაფად მთიან მხარეში, იუდას ქალაქში,
40და შევიდა ზაქარიას სახლში და მოიკითხა ელისაბედი.
41და იყო, როგორც კი გაიგონა ელისაბედმა მარიამის მოკითხვა, შეიძრა ყრმა მის მუცელში და აივსო სულიწმიდით ელისაბედი
42და შეღაღადა დიდი ხმით და თქვა: კურთხეული ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულია ნაყოფი შენი მუცლისა.
43და საიდან მეუწყა მე ეს, რომ მოვიდა დედა უფლისა ჩემისა ჩემთან?
44რადგან, აჰა, როგორც კი შენი მოკითხვის ხმამ მოაღწია ჩემს ყურამდე შეიძრა ყრმა სიხარულით ჩემს მუცელში.
45და ნეტარია, ვინც ირწმუნა, რადგან აღსრულდება ნათქვამი მის მიმართ უფლის მიერ.
46და თქვა მარიამმა: ადიდებს სული ჩემი უფალს,
47და გაიხარა სულმა ჩემმა ღვთის მიმართ, ჩემი მაცხოვრისა,
48რადგან მოხედა თავისი მხევლის სიმდაბლეს, რადგან, აჰა, ამიერიდან შემომნატრებს მე ყოველი მოდგმა;
49რადგან ქმნა დიდებული ჩემთვის ძლიერმა და წმიდაა სახელი მისი,
50და წყალობა მისი იყოს მოდგმიდან მოდგმამდე მის მოშიშთათვის.
51გამოავლინა ძალა თავისი მკლავით, განაბნია ამპარტავანნი მათი გულის ზრახვებით;
52დაამხო ძლიერნი ტახტებიდან და აამაღლა მდაბალნი,
53მშიერნი აავსო სიკეთით და მდიდარნი გაუშვა ცარიელნი.
54შეეწია ისრაელს, თავის მსახურს, მოსახსენებლად წყალობისა,
55როგორც ეუბნებოდა ჩვენს მამებს, აბრაამს და მის თესლს საუკუნოდ.
56და დარჩა მარიამი მასთან სამიოდე თვე და დაბრუნდა თავის სახლში.
57ხოლო ელისაბედს შეუსრულდა დრო შობისა და შვა ძე.
58და გაიგეს მის გარშემო მკვიდრებმა და ნათესავებმა, რომ განადიდა უფალმა თავისი წყალობა მასზე, და ხარობდნენ მასთან ერთად.
59და იყო, მერვე დღეს მოვიდნენ, რომ წინადაეცვითათ ყრმისთვის და ეწოდებინათ მისთვის სახელი მისი მამისა, ზაქარია.
60და მიუგო მისმა დედამ და უთხრა: არა, არამედ ეწოდოს იოანე.
61და უთხრეს მას: არავინ არის შენს ნათესავებში, ვისაც ჰქვია ეგ სახელი.
62და ანიშნებდნენ მის მამას, რის დარქმევას ისურვებდა მისთვის.
63და მოითხოვა ფიცარი და დაწერა და თქვა: იოანე არის მისი სახელი. და გაუკვირდა ყველას.
64და გაეხსნა უცებ მას პირი და ენა და ამეტყველდა და აკურთხებდა ღმერთს.
65და მოიცვა შიშმა ყველა, ვინც მათ გარშემო მკვიდრობდა, და ჰურიასტანის მთელ მთიან მხარეში გავრცელდა ყველა ეს სიტყვა,
66და ჩაიდო ყველამ, ვისაც ესმოდა ეს, თავის გულში და ამბობდა: ვინ იქნება ეს ყრმა? და ხელი უფლისა იყო მასზე.
67და ზაქარია, მისი მამა, აივსო სულიწმიდით, წინასწარმეტყველებდა და თქვა:
68კურთხეულია უფალი ღმერთი ისრაელისა, რადგან გადმოხედა და გამოიხსნა თავისი ერი;
69და აღგვიდგინა ჩვენ რქა ხსნისა, დავითის, თავისი მონის, სახლში,
70როგორც ეუბნებოდა წმიდანთა პირით, რომლებიც იყვნენ საუკუნიდან მისი წინასწარმეტყველნი,
71რომ გვიხსნის ჩვენი მტრებისგან და ყველა ჩვენი მოძულის ხელისგან,
72წყალობას გაიღებს ჩვენი მამების მიმართ და გაიხსენებს თავის წმიდა აღთქმას,
73ფიცს, რომელიც შეჰფიცა აბრაამს, ჩვენს მამას, რომ მოეცა ჩვენთვის,
74მტრების ხელიდან გამოხსნილთათვის, უშიშრად მსახურება მის მიმართ
75სიწმინდით და სიმართლით მის წინაშე ჩვენი ცხოვრების ყოველ დღეს.
76და შენ, ყრმაო, წინასწარმეტყველი მაღლისა გეწოდოს, რადგან წინამორბედი იქნები უფლის წინაშე გასამზადებლად მისი გზებისა (მალ.3,1),
77რათა მისცე ცოდნა გამოხსნისა მის ერს მიტევებით მათი ცოდვებისა,
78მოწყალებით ჩვენი ღვთის წყალობისა, რომლითაც გადმოგვხედა ჩვენ აღმოსავლეთმა მაღლიდან
79მათ გასანათლებლად, რომლებიც სხედან ბნელსა და სიკვდილის ჩრდილში, და ჩვენ ფეხთა წარსამართავად მშვიდობის გზაზე.
80ხოლო ყრმა იზრდებოდა და მტკიცდებოდა სულით და იყო უდაბნოში იმ დღემდე, ვიდრე გამოეცხადებოდა იგი ისრაელს.
Next