Eleos

Contents

თავი - 16

Previous
1და როდესაც გავიდა შაბათი, მარიამ მაგდალელმა და მარიამ იაკობისამ და სალომემ იყიდეს ნელსაცხებელი, რათა მისულიყვნენ და ეცხოთ მისთვის.
2და ადრე განთიადისას, ერთშაბათს, მივიდნენ საფლავზე მზის ამოსვლისას
3ეუბნებოდნენ ერთმანეთს: ვინ გადაგვიგორებს ჩვენ ლოდს საფლავის კარიდან?
4და შეხედეს და დაინახეს, რომ გადაგორებული იყო ლოდი, რომელიც იყო ძალიან დიდი.
5და შევიდნენ რა საფლავში, იხილეს ჭაბუკი, მჯდომარე მარჯვნივ, შემოსილი თეთრი სამოსლით, და გაოცდნენ;
6ხოლო მან უთხრა მათ: ნუ გაოცდებით; იესოს ეძებთ, ნაზარეველს ჯვარცმულს? აღდგა, არ არის აქ; აჰა, ადგილი, სადაც დადეს იგი;
7არამედ წადით, უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს, რომ წინ მიგიძღვით თქვენ გალილეაში; იქ იხილავთ მას, როგორც გითხრათ თქვენ.
8და გამოვიდნენ და გაიქცნენ საფლავიდან, რადგან კანკალებდნენ და გაოგნებულნი იყვნენ და არავის არაფერი უთხრეს, რადგან ეშინოდათ.
9და როცა აღდგა განთიადისას, პირველ შაბათს, გამოეცხადა პირველად მარიამ მაგდალელს, რომლისგანაც განდევნა შვიდი ეშმაკი.
10და იგი წავიდა და აუწყა მათ, ვინც მასთან იყო, რომლებიც გლოვობდნენ და ტიროდნენ;
11და მათ გაიგეს რა, რომ ცოცხალია და ეჩვენა მას, არ ირწმუნეს.
12ხოლო ამის შემდეგ ორ მათგანს, მიმავალს, გამოეცხადა სხვა სახით, როდესაც მიდიოდნენ სოფელში;
13და ისინი მივიდნენ და აუწყეს დანარჩენებს, და არც მათი ირწმუნეს.
14ბოლოს ინახით მჯდომ იმ თერთმეტს გამოეცხადა და გაკიცხა მათი ურწმუნოება და გულქვაობა, რადგან ვინც იხილა იგი აღმდგარი, მათი არ ირწმუნეს.
15და უთხრა მათ: წადით მთელ ქვეყანაზე და უქადაგეთ სახარება ყოველ დაბადებულს.
16ვინც ირწმუნებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ხოლო ვინც არ ირწმუნებს, დაისჯება.
17და ვინც ირწმუნა, მათ თან სდევთ სასწაულები: ჩემი სახელით ეშმაკებს განდევნიან, ახალ ენებზე ამეტყველდებიან,
18გველებს აიყვანენ და თუ სასიკვდილო რამეს დალევენ, არ ავნებს მათ, სნეულებს ხელს დაადებენ და განიკურნებიან.
19და უფალი მათთან საუბრის შემდეგ ამაღლდა ზეცად და დაჯდა ღვთის მარჯვნივ
20ხოლო ისინი გამოვიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან უფლის შეწევნით და სიტყვას ამტკიცებდნენ სასწაულებით, რომლებიც თან სდევდა მას. ამინ.
Next