თავი - 15
Previous1და მაშინვე, განთიადისას, ბჭობა გამართეს მღვდელმთავრებმა უხუცესებთან და მწიგნობრებთან ერთად და მთელმა საკრებულომ; და შეკრეს იესო და წაიყვანეს და გადასცეს იგი პილატეს.
2და ჰკითხა მას პილატემ: შენა ხარ მეფე იუდეველთა? ხოლო მან მიუგო და უთხრა მას: შენ ამბობ.
3და ბევრ რამეს აბრალებდნენ მას მღვდელმთავრები.
4და პილატემ კვლავ ჰკითხა მას და უთხრა: არაფერს მიუგებ? აჰა, რამდენს გაბრალებენ შენ,
5ხოლო იესომ აღარაფერი მიუგო, ისე რომ უკვირდა პილატეს.
6და ყოველ დღესასწაულზე უთავისუფლებდა მათ ერთი პატიმარს, რომელსაც სთხოვდნენ.
7და იყო ვინმე, რომელსაც ერქვა ბარაბა, მეამბოხეებთან ერთად შეპყრობილი, რომელსაც ამბოხებისას მკვლელობა ჩაედინა.
8და აყვირდა ხალხი და დაიწყო თხოვნა იმისა, რასაც მუდამ უკეთებდა მათ.
9ხოლო პილატემ მიუგო მათ და უთხრა: გინდათ, გაგითავისუფლოთ თქვენ მეფე იუდეველთა?
10რადგან იცოდა, რომ შურის გამო გადასცეს იგი მღვდელმთავრებმა;
11ხოლო მღვდელმთავრებმა წააქეზეს ხალხი, რომ უმჯობესი იყო, ბარაბა გაეთავისუფლებინა მათთვის;
12ხოლო პილატემ კვლავ მიუგო და უთხრა მათ: რა გინდათ, რომ ვუყო, ვისაც უწოდებთ იუდეველთა მეფეს?
13და მათ კვლავ იყვირეს: ჯვარს აცვი იგი!
14ხოლო პილატე ეუბნებოდა მათ: რა ბოროტება ჩაიდინა? და ისინი უფრო მეტად ყვიროდნენ: ჯვარს აცვი იგი!
15ხოლო პილატეს სურდა ხალხის მომადლიერება და გაუთავისუფლა მათ ბარაბა და იესოს შოლტით სცემა და გადასცა, რათა ჯვარცმულიყო.
16და წაიყვანეს ჯარისკაცებმა იგი შიდა ეზოში, რომელიც არის პრეტორიუმი, და მოუხმეს მთელ მხედრობას.
17და შემოსეს იგი ძოწეულით და დაადგეს მას დაწნული ეკლის გვირგვინი
18და დაუწყეს მისალმება მას: გიხაროდეს, მეფეო იუდეველთა!
19და ურტყამდნენ მას თავში ლერწამს და აფურთხებდნენ მას და მუხლს იყრიდნენ და თაყვანს სცემდნენ მას.
20და როდესაც შეურაცხყვეს იგი, გახადეს მას ძოწეული და შემოსეს იგი თავისივე სამოსით და გაიყვანეს იგი, რათა ჯვარს ეცვათ.
21და აიძულეს ვინმე გამვლელი, სიმონ კვირინელი, მომავალი მინდვრიდან, მამა ალექსანდრესი და რუფესი, რომ აეღო მისი ჯვარი.
22და მიიყვანეს იგი გოლგოთის ადგილზე, რაც ითარგმნება: თხემის ადგილი.
23და აძლევდნენ მას. შემურვილ ღვინოს, ხოლო მან არ მიიღო.
24და ჯვარს აცვეს იგი და იყოფდნენ მის სამოსს და წილს იყრიდნენ იმაზე, ვის რა აეღო.
25ხოლო იყო ჟამი მესამე და ჯვარს აცვეს იგი.
26და იყო წარწერა მისი ბრალდებისა, დაწერილი: მეფე იუდეველთა.
27მასთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი, ერთი მის მარჯვნივ და ერთი — მარცხნივ.
28და აღსრულდა დაწერილი, რომელიც ამბობს: უსჯულოებთან შეირაცხა (ეს.53,12).
29და გამვლელები გმობდნენ მას, აქნევდნენ თავებს და ამბობდნენ: ეჰა, რომელიც ანგრევ ტაძარს და სამ დღეში აშენებ,
30იხსენი შენი თავი და გადმოდი ჯვრიდან.
31ასევე მღვდელმთავრებიც დასცინოდნენ ერთმანეთში მწიგნობრებთან ერთად და ამბობდნენ: სხვები იხსნა, ხოლო თავისი თავის ხსნა არ ძალუძს.
32ქრისტე, მეფე ისრაელისა, გადმოვიდეს ახლა ჯვრიდან, რომ ვნახოთ და ვირწმუნოთ იგი. და მასთან ერთად ჯვარცმულნიც კიცხავდნენ მას.
33და როცა იყო ჟამი მეექვსე, დაბნელდა მთელ ქვეყანაზე მეცხრე ჟამამდე.
34და მეცხრე ჟამზე შეღაღადა იესომ დიდი ხმით და თქვა: ელოი, ელოი, ლამა საბაქთანი? რაც ითარგმნება: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად დამტოვე მე (ფს.21,2)?
35და ზოგიერთმა წინ მდგომმა გაიგონა და ამბობდა: აჰა, ელიას უხმობს;
36და გაიქცა ვიღაცა და აავსო ღრუბელი ძმრით, დააგო ლერწამზე, ასმევდა მას და ამბობდა: აცალეთ, ვნახოთ, თუ მოვა ელია, რომ გადმოხსნას იგი;
37ხოლო იესომ შეღაღადა დიდი ხმით და განუტევა სული.
38და კრეტსაბმელი ტაძრისა გაიპო ორად, ზემოდან ქვემოთ.
39როდესაც იხილა ასისთავმა, რომელიც იდგა მის წინ, რომ ასე შეღაღადა და განუტევა სული, თქვა: ჭეშმარიტად ეს კაცი ძე ღვთისა იყო.
40და იყვნენ დედაკაცებიც, რომლებიც შორიდან უყურებდნენ და რომლებთანაც იყო მარიამ მაგდალელი და მარიამი, იაკობ მცირისა და იოსეს დედა, და სალომე,
41რომლებიც, როდესაც იყო გალილეაში, გაჰყვნენ მას და ემსახურებოდნენ მას, და სხვაც მრავალი, ვინც მასთან ერთად ავიდა იერუსალიმში.
42როდესაც მოსაღამოვდა — რადგან პარასკევი იყო, რომელიც არის შაბათზე წინ
43მოვიდა იოსები არიმათიიდან, ჩინებული მრჩეველი, რომელიც ასევე მოელოდა ღვთის სასუფეველს, და გაბედა შესვლა პილატესთან და გამოითხოვა გვამი იესოსი;
44ხოლო პილატეს გაუკვირდა, რომ უკუე მომკვდარიყო, და მოუხმო ასისთავს და ჰკითხა მას: დიდი ხანია, რაც მოკვდა?
45და როცა გაიგო ასისთავისგან, უბოძა გვამი იოსებს.
46და იყიდა სუდარა და გადმოხსნა იგი, შემოახვია სუდარა და დადო იგი საფლავში, რომელიც გამოკვეთილი იყო კლდეში, და მიაგორა ლოდი საფლავის კართან;
47ხოლო მარიამ მაგდალელი და მარიამ იოსესი უყურებდნენ, სად დადეს.
Next