Eleos

Contents

თავი - 14

Previous
1ხოლო იყო პასექი და უფუარობა ორი დღის შემდეგ. და ეძებდნენ მღვდელმთავრები და მწიგნობრები იესოს, როგორ შეეპყროთ იგი მზაკვრობით და მოეკლათ,
2და ამბობდნენ: არა დღესასწაულზე, რათა არ იყოს შფოთი ერში.
3და როდესაც იყო იგი ბეთანიაში, სიმონ კეთროვნის სახლში, და ინახით იჯდა იგი, მივიდა დედაკაცი, რომელსაც ჰქონდა ალაბასტრი სუფთა ნარდის ნელსაცხებლით, ძვირფასი; და გატეხა ალაბასტრი და დაასხა მას თავზე;
4ხოლო იყვნენ ზოგიერთები, რომლებიც დრტვინავდნენ ერთმანეთში და ამბობდნენ: რისთვის დაიხარჯა ეს ნელსაცხებელი?
5რადგან შეიძლებოდა ამ ნელსაცხებლის გაყიდვა სამას დინარზე მეტად და მიცემა გლახაკებისთვის, და კიცხავდნენ მას;
6ხოლო იესომ უთხრა: აცადეთ მაგას, რატომ აწუხებთ მას? კეთილი საქმე გააკეთა ჩემთვის
7რადგან გლახაკები ყოველთვის თქვენთან არიან და, როცა მოინდომებთ, შეგიძლიათ სიკეთე გაუკეთოთ მათ; ხოლო მე არა ვარ ყოველთვის თქვენთან,
8რაც შეეძლო, გააკეთა წინასწარ სცხო ნელსაცხებელი ჩემს სხეულს დასამარხად.
9ამინ გეუბნებით თქვენ: სადაც იქადაგება ეს სახარება მთელ ქვეყანაზე ითქმება, რაც გააკეთა მან, მის მოსახსენებლად.
10და იუდა ისკარიოტელი, ერთი თორმეტთაგანი, წავიდა მღვდელმთავრებთან, რომ გადაეცა იგი მათთვის:
11ხოლო მათ, რომ გაიგონეს, გაიხარეს და აღუთქვეს მას ვერცხლის მიცემა. და ეძებდა, როგორ გადაეცა იგი ხელსაყრელ დროს.
12და უფუარობის პირველ დღეს, როდესაც პასექს კლავდნენ, უთხრეს მას მისმა მოწაფეებმა: სად გინდა, წავიდეთ და მოგიმზადოთ, რომ ჭამო პასექი?
13და გაგზავნა ორნი თავის მოწაფეთაგან და უთხრა მათ: წადით ქალაქში და შეგხვდებათ თქვენ კაცი, რომელსაც დოქით წყალი მიაქვს, და გაჰყევით მას
14და სადაც შევა, უთხარით სახლის პატრონს: მოძღვარი ამბობს: სად არის ჩემი სავანე, სადაც პასექს ჩემს მოწაფეებთან ერთად შევჭამ?
15ის თქვენ გიჩვენებთ დიდ ზედა ოთახს, მოფარდაგებულს და გამზადებულს, და იქ მოამზადეთ ჩვენთვის.
16და გამოვიდნენ მისი მოწაფეები და მივიდნენ ქალაქში და იპოვეს, როგორც უთხრა მათ, და მოუმზადეს პასექი.
17და როდესაც მოსაღამოვდა, მივიდა თორმეტთან ერთად.
18და როცა ინახით ისხდნენ ისინი და ჭამდნენ, უთხრა იესომ: ამინ გეუბნებით თქვენ, რომ ერთი თქვენგანი, ვინც ჭამს ჩემთან ერთად, გამცემს მე,
19ხოლო მათ დაიწყეს წუხილი და ეუბნებოდა მას თითოეული: ნუთუ მე ვარ? და სხვა: ნუთუ მე ვარ?
20ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: ერთი თორმეტთაგანი, რომელიც ჩაყოფს ხელს ჩემთან ერთად ჯამში, ის გამცემს მე.
21ძე კაცისა კი მიდის, როგორც წერია მის შესახებ, ხოლო ვაი იმ კაცს, ვის მიერაც ძე კაცისა გაიცემა, უმჯობესი იქნებოდა მისთვის, რომ არ შობილიყო ის კაცი.
22და როდესაც ჭამდნენ ისინი, აიღო იესომ პური და აკურთხა, გატეხა და მისცა მათ და უთხრა: მიიღეთ და ჭამეთ, ეს არის ხორცი ჩემი.
23და აიღო სასმისი და მადლობდა, მისცა მათ და დალია მისგან ყველამ
24და უთხრა მათ: ეს არის სისხლი ჩემი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დათხეული.
25ამინ გეუბნებით თქვენ, რომ აღარ შევსვამ ვენახის ნაყოფისგან იმ დღემდე, როცა შევსვამ მას, ახალს, ღვთის სასუფეველში.
26და იგალობეს და გავიდნენ ზეთისხილის მთაზე.
27და უთხრა მათ იესომ: ყველანი დაბრკოლდებით ჩემ მომართ ამ ღამეს, რადგან წერია: დავცემ მწყემსს და განიბნევიან სამწყსოს ცხვრები (საქ.13,7 );
28მაგრამ ჩემი აღდგომის შემდეგ წაგიძღვებით თქვენ გალილეისკენ;
29ხოლო პეტრემ უთხრა მას: თუნდაც ყველა დაბრკოლდეს, მაგრამ მე — არა.
30და უთხრა მას იესომ: ამინ გეუბნები შენ, რომ შენ დღეს, ამ ღამეს, მამლის მეორედ ყივილამდე. სამგზის უარმყოფ მე;
31ხოლო პეტრე უფრო მეტს ეუბნებოდა: თუნდაც მომიწიოს მე სიკვდილი შენთან ერთად, არ უარგყოფ შენ. — და ამგვარად ამბობდა ყველა.
32და მივიდნენ ადგილზე, რომლის სახელია გეთსიმანია, და უთხრა თავის მოწაფეებს: დასხედით აქ, ვიდრე ვილოცებ.
33და თან წაიყვანა პეტრე, იაკობი და იოანე და დაიწყო ძრწოლა და ურვა
34და უთხრა მათ: მწუხარეა ჩემი სული სიკვდილამდე, გაჩერდით აქ და იფხიზლეთ.
35და წავიდა ცოტა წინ და დავარდა მიწაზე და ლოცულობდა, რომ თუ შესაძლებელი იყო, არიდებოდა მას ეს ჟამი;
36და ამბობდა: აბბა მამაო, ყოველივე შესაძლებელია შენთვის; ამარიდე ეს სასმისი მე; მაგრამ არა რაც მე მნებავს, არამედ რაც — შენ.
37და მივიდა და ნახა ისინი მძინარე და უთხრა პეტრეს: სიმონ, გძინავს? ვერ შეძელი, ერთხანს გეფხიზლა?
38იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ შეხვიდეთ განსაცდელში; სული მხნეა, ხოლო ხორცი — უძლური.
39და კვლავ წავიდა და ლოცულობდა და იგივე სიტყვა თქვა.
40და მობრუნდა და ნახა ისინი კვლავ მძინარე, რადგან მათ თვალები დამძიმებული ჰქონდათ, და არ იცოდნენ, რა ეპასუხათ მისთვის.
41და მივიდა მესამედ და უთხრა მათ: დაიძინეთ ცოტა კიდევ და დაისვენეთ; მოახლოვდა დასასრული და მოვიდა ჟამი, აჰა, გადაეცემა ძე კაცისა ცოდვილთა ხელში;
42ადექით, წავიდეთ; აჰა, ჩემი გამცემი მოახლოვდა.
43და მაშინვე, ვიდრე იგი ამას ამბობდა, მივიდა იუდა ისკარიოტელი, ერთი თორმეტთაგანი, და მასთან ერთად მრავალი ხალხი მახვილებითა და კეტებით მღვდელმთავრებისგან, მწიგნობრებისა და ერის უხუცესებისგან.
44და მისცა მათ ნიშანი მისმა გამცემმა და უთხრა: ვისაც ვეამბორები, ის არის; შეიპყარით იგი და წაიყვანეთ დაცვით.
45და მაშინვე მივიდა და მიუახლოვდა მას და უთხრა: — რაბი, რაბი. და ეამბორა მას;
46ხოლო მათ დაადეს მას ხელი და შეიპყრეს იგი.
47ხოლო ერთმა წინ მდგომმა იშიშვლა მახვილი და დაარტყა მღვდელმთავრის მონას და მოჰკვეთა მას ყური.
48და მიუგო იესომ და უთხრა მათ: როგორც ავაზაკზე, მახვილებითა და კეტებით გამოხვედით ჩემ შესაპყრობად,
49ყოველდღე თქვენთან ვიყავი ტაძარში, გასწავლიდით და არ შემიპყარით მე; არამედ რათა აღსრულდეს წერილი
50და დატოვეს იგი და გაიქცა ყველა.
51და ვიღაც ერთი ჭაბუკი, რომელსაც შეემოსა ტილო შიშველ სხეულზე, მისდევდა მას; და შეიპყრეს იგი სხვა ჭაბუკებმა,
52ხოლო მან შეატოვა ტილო და შიშველი გაიქცა.
53და მიიყვანეს იესო მღვდელმთავართან და შეიკრიბა მასთან ყველა მღვდელმთავარი და უხუცესი და მწიგნობარი.
54და პეტრე მოშორებით მიჰყვებოდა მას მღვდელმთავრის შიდა ეზომდე და დაჯდა მსახურებთან და თბებოდა ცეცხლთან;
55ხოლო მღვდელმთავრები და მთელი საკრებულო ეძებდნენ იესოს წინააღმდეგ მოწმობას, რათა მოეკლათ იგი, და ვერ პოულობდნენ;
56რადგან მრავალი ცრუდ მოწმობდა მის წინააღმდეგ და ერთნაირი მოწმობები არ იყო.
57და ზოგიერთები ადგნენ და ცრუდ მოწმობდნენ მის წინააღმდეგ და ამბობდნენ:
58ჩვენ გავიგონეთ მაგის ნათქვამი: მე დავანგრევ ამ ხელით ქმნილ ტაძარს და სამ დღეში სხვას, ხელთუქმნელს, ავაშენებ.
59არც მათი მოწმობა იყო ერთნაირი.
60და დადგა მღვდელმთავარი შუაში, ჰკითხა იესოს და უთხრა: არაფერს მიუგებ იმაზე, რასაც ესენი შენ წინააღმდეგ მოწმობენ?
61ხოლო იგი დუმდა და არაფერი მიუგო. კვლავ ჰკითხა მღვდელმთავარმა მას და უთხრა: შენა ხარ ქრისტე, ძე კურთხეულისა?
62ხოლო იესომ უთხრა: მე ვარ; და იხილავთ ძეს კაცისას, მჯდომარეს ძალის მარჯვნივ და მომავალს ცის ღრუბლებზე (დან.7,35).
63ხოლო მღვდელმთავარმა შემოიხია თავისი კვართი და თქვა; რაღად გვჭირდება მოწმეები?
64გაიგონეთ ყველამ გმობა მაგისგან, თქვენ როგორ გგონიათ? და ყველამ მსჯავრი დასდო მას, რომ ღირსი იყო სიკვდილისა.
65და დაუწყეს ზოგიერთებმა ფურთხება მას და აფარებდნენ მას სახეზე და მუშტით სცემდნენ მას და ეუბნებოდნენ: გვიწინასწარმეტყველე ჩვენ, ქრისტე, ვინ არის, ვინც დაგარტყა შენ? — და მსახურები ყვრიმალში სცემდნენ მას.
66და იყო რა პეტრე ქვემოთ, ეზოში, მივიდა მღვდელმთავრის ერთი მხევალთაგანი
67და როდესაც ნახა პეტრე, რომელიც თბებოდა, შეხვდა მას და უთხრა: შენც იყავი იესო ნაზარეველთან;
68ხოლო მან უარყო და უთხრა: არ ვიცი, არც მესმის, რასაც შენ ამბობ. და გამოვიდა გარეთ, წინა ეზოში, და მამალმა იყივლა.
69და კვლავ ნახა მხევალმა იგი და დაუწყო საუბარი იქ მდგომთ: ესეც იმათგანია;
70ხოლო მან უარყო. და ცოტა ხნის შემდეგ, ვინც გარშემო იდგა, კვლავ ეუბნებოდა პეტრეს: ჭეშმარიტად იმათგანი ხარ, რადგან გალილეველი ხარ და შენი ლაპარაკითაც ჰგავხარ;
71ხოლო მან დაიწყო შეჩვენება და ფიცი: არ ვიცნობ ამ კაცს, რომელზეც ამბობთ.
72და მყისვე მამალმა მეორედ იყივლა. და გაახსენდა პეტრეს სიტყვა, რომელიც უთხრა მას იესომ: მამლის მეორედ ყივილამდე სამგზის უარმყოფ მე, და დაიწყო ტირილი.
Next