თავი - 13
Previous1და როდესაც გამოდიოდა იგი ტაძრიდან, უთხრა მას ერთმა თავისმა მოწაფეთაგანმა: მოძღვარო, ნახე, როგორი ქვებია და როგორი ნაგებობები.
2და მიუგო იესომ და უთხრა მას: ხედავ ამ დიდ ნაგებობებს? არ დარჩება აქ ქვა ქვაზე, რომელიც არ დაირღვევა.
3და როცა დაჯდა იგი ზეთისხილის მთაზე, ტაძრის პირდაპირ, ეკითხებოდნენ მას განმარტოებით პეტრე და იაკობი, იოანე და ანდრია:
4გვითხარი ჩვენ, როდის იქნება ეს და რა იქნება ნიშანი, როდესაც ეს ყოველივე უნდა აღსრულდეს?
5ხოლო იესომ მიუგო და დაიწყო საუბარი მათთან: გაფრთხილდით, ვინმემ არ გაცდუნოთ თქვენ,
6რადგან მრავალი მოვა ჩემი სახელით და იტყვის: მე ვარ. და მრავალს აცდუნებენ.
7და როდესაც გაიგებთ ომებზე და ომების ამბებს, ნუ შეძრწუნდებით, რადგან ეს უნდა იყოს, მაგრამ ჯერ არ არის აღსასრული;
8რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ და იქნება მიწისძვრები ადგილ-ადგილ და იქნება შიმშილი და არეულობა; ეს არის ტკივილების დასაწყისი.
9და გაუფრთხილდით თქვენ თქვენს თავს, რადგან გადაგცემენ თქვენ საკრებულოს და თავის შესაკრებლებში დაგტანჯავენ თქვენ და მთავართა და მეფეთა წინაშე წარგადგენენ ჩემს გამო მათთვის დასამოწმებლად,
10და ყველა წარმართს ჯერ უნდა ექადაგოს სახარება.
11ხოლო როდესაც მიგიყვანენ თქვენ და გადაგცემენ, წინასწარ ნუ ზრუნავთ და ნუ იღვწით, რა თქვათ, არამედ რაც მოგეცემათ თქვენ იმ დროს, ის თქვით, რადგან არა თქვენ იქნებით მეტყველნი, არამედ სულიწმიდა.
12და გადასცემს ძმა ძმას სასიკვდილოდ და მამა — შვილს და აღდგებიან შვილები მშობლებზე და დახოცავენ მათ.
13და იქნებით მოძულებულნი ყველასგან ჩემი სახელის გამო; და ვინც მოითმენს ბოლომდე, ის ცხონდება.
14ხოლო როდესაც იხილავთ მოოხრების სისაძაგლეს, თქმულს დანიელ წინასწარმეტყველის მიერ — მდგომარეს, სადაც არ არის მართებული (დან.9,27) — ვინც წაიკითხავს, გულისხმაყოს. მაშინ ვინც ჰურიასტანში იქნება, გაიქცეს მთაში,
15ხოლო ვინც ერდოზე იქნება, ნუ ჩამოვა სახლში, ნურც შევა რამის ასაღებად თავისი სახლიდან;
16და ვინც ველზე იქნება, ნუ მობრუნდება უკან თავისი სამოსის ასაღებად.
17ხოლო ვაი ორსულებს და ვინც აწოვებს იმ დღეებში.
18არამედ ილოცეთ, რომ არ მოხდეს თქვენი გაქცევა ზამთარში.
19რადგან იქნება ის დღეები გაჭირვებისა, რომლის მსგავსი არ ყოფილა დასაბამიდან შექმნისა როცა შექმნა ღმერთმა — აქამდე, და არც იქნება.
20და თუ უფალი არ შეამოკლებს იმ დღეებს, ვერ გადარჩება ვერც ერთი ხორციელი; არამედ რჩეულთათვის, რომლებიც გამოირჩია, შეამოკლებს დღეებს.
21და მაშინ თუ ვინმე გეტყვით თქვენ: აჰა, აქ არის ქრისტე, ან აჰა — იქ, — ნუ ირწმუნებთ;
22რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და აღასრულებენ სასწაულებს და ნიშნებს, რომ აცდუნონ, თუ შეძლებენ, რჩეულნიც;
23და თქვენ გაფრთხილდით; აჰა, წინასწარ გითხარით თქვენ ყველაფერი.
24ხოლო იმ დღეებში, იმ გაჭირვების შემდეგ, მზე დაბნელდება და მთვარე არ გამოსცემს თავის ნათელს
25და ვარსკვლავები ჩამოცვივა ზეციდან და ძალები, რომლებიც იქნება ცაში, შეიძვრება (ეს.13,10; ეზეკ.32,7).
26მაშინ იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს ღრუბლებზე მრავალი ძალითა და დიდებით (დან.7,13-14).
27და მაშინ მოავლენს თავის ანგელოზებს და შეკრებს თავის რჩეულებს ოთხივე ქართაგან, ქვეყნის კიდიდან ცის კიდემდე.
28ხოლო ლეღვის ხის მაგალითით ისწავლეთ: როცა უკვე მისი რტო დარბილდება და გამოვა ფოთოლი, იცოდეთ, რომ ახლოს არის ზაფხული;
29ასევე თქვენც, როცა იხილავთ, რომ ეს ყველაფერი მოხდა, იცოდეთ, რომ ახლოს არის, კარებთან.
30ამინ გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ეს ყოველივე არ იქნება.
31ცა და ქვეყანა გადავა, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავა.
32ხოლო იმ დღის ან ჟამის შესახებ არავინ იცის: არც ანგელოზებმა ცაში, არც ძემ, არამედ მამამ.
33გაფრთხილდით, იფხიზლეთ და ილოცეთ, რადგან არ იცით, როდის იქნება ჟამი —
34როგორც კაცი, გზად მიმავალი, ტოვებს თავის სახლს და აძლევს თავის მონებს ძალაუფლებას და თითოეულს მის საქმეს და მეკარეს უბრძანებს, რომ იფხიზლოს
35ასე რომ იფხიზლეთ, რადგან არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი — საღამოს თუ შუაღამისას, მამლის ყივილისას თუ განთიადისას.
36ვაითუ მოვიდეს უეცრად და გიპოვოთ თქვენ მძინარენი;
37ხოლო რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ!
Next