Eleos

Contents

თავი - 12

Previous
1და დაიწყო მათთან იგავებით საუბარი: ერთმა კაცმა გააშენა ვენახი და შემოავლო ღობე, ამოთხარა საწნახელი და ააშენა გოდოლი და გადასცა იგი მიწათმოქმედებს და წავიდა.
2და გაგზავნა მიწათმოქმედებთან თავის დროზე მონა, რათა მიწათმოქმედთაგან მიეღო ვენახის ნაყოფი
3ხოლო მათ შეიპყრეს იგი, სცემეს და გაუშვეს ცარიელი.
4და შემდეგ გაგზავნა მათთან სხვა მონა; და მასაც ქვით გაუტეხეს თავი და გაუშვეს შეურაცხყოფილი.
5და შემდეგ სხვა გაგზავნა და ისიც მოკლეს; და ბევრი სხვაც — ზოგს სცემდნენ და ზოგს კლავდნენ.
6კიდევ ერთი ძე ჰყავდა, საყვარელი; ბოლოს გაგზავნა იგიც მათთან და თქვა: მოერიდებათ ჩემი ძისა.
7ხოლო იმ მიწათმოქმედებმა უთხრეს ერთმანეთს: ეს არის მემკვიდრე, მოდით, მოვკლათ იგი და ჩვენი იქნება მემკვიდრეობა.
8და შეიპყრეს და მოკლეს იგი და გადააგდეს. იგი ვენახის გარეთ.
9ახლა რას უზამს მათ ვენახის პატრონი? მივა და ამოწყვეტს მიწათმოქმედებს და მისცემს ვენახს სხვებს.
10არც ეს დაწერილი ამოგიკითხავთ: ლოდი, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, იგი იქცა თავკიდურად,
11უფლის მიერ იყო ეს და საკვირველია, ჩვენს თვალში (ფს.117,22-23)?
12და ცდილობდნენ მის შეპყრობას და ეშინოდათ ხალხისა, რადგან იცოდნენ, რომ მათთვის თქვა იგავი. და დატოვეს იგი და წავიდნენ.
13და გაგზავნეს მასთან ზოგიერთი ფარისეველთაგან და ჰეროდიანთაგან, რათა დაეჭირათ იგი სიტყვაში;
14ხოლო ისინი მივიდნენ და უთხრეს მას: მოძღვარო, ვიცით, რომ ჭეშმარიტი ხარ და არ პირმოთნეობ შენ არავისთან, რადგან არ უყურებ კაცის სახეს, არამედ ჭეშმარიტად ღვთის გზას ასწავლი. მართებულია ხარკის მიცემა კეისრისთვის თუ არა? მივცეთ თუ არ მივცეთ?
15ხოლო მან იცოდა მათი თვალთმაქცობა და უთხრა მათ: რად მცდით მე? მომიტანეთ მე დინარი, რომ ვნახო;
16ხოლო მათ მიუტანეს. და უთხრა მათ: ვისია ეს სახე და წარწერა? ხოლო მათ უთხრეს მას: კეისრისა.
17და მიუგო იესომ და უთხრა მათ: კეისრისა მიეცით კეისარს და ღვთისა — ღმერთს. და უკვირდათ მისგან.
18და მივიდნენ მასთან სადუკევლები, რომლებიც ამბობდნენ: აღდგომა არ არსებობს, — და ეკითხებოდნენ მას და ეუბნებოდნენ:
19მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა ჩვენ: თუ ვინმეს ძმა მოუკვდეს და დარჩეს ცოლი და შვილი არ დარჩეს, მოიყვანოს მისმა ძმამ მისი ცოლი და აღუდგინოს თესლი თავის ძმას (2სჯ.25,5).
20შვიდი ძმა იყო; და პირველმა მოიყვანა ცოლი და მოკვდა და არ დატოვა თესლი;
21და მეორემ მოიყვანა იგი და მოკვდა და არც მან დატოვა თესლი; და მესამემაც — ასევე;
22და მოიყვანა იგი შვიდივემ და არ დატოვეს თესლი. ყველაზე ბოლოს მოკვდა დედაკაციც.
23აღდგომისას, როცა აღდგებიან, რომელი მათგანის ცოლი იქნება, რადგან შვიდივეს ჰყავდა იგი ცოლად?
24და მიუგო იესომ და უთხრა მათ: განა იმიტომ არ ცდებით, რომ არ იცით წერილი, არც ძალა ღვთისა?
25რადგან, როცა მკვდრეთით აღდგებიან, არც ქორწინდებიან, არც თხოვდებიან, არამედ არიან, როგორც ანგელოზები ცაში.
26ხოლო იმის შესახებ, რომ მკვდრები აღდგებიან, არ ამოგიკითხავთ მოსეს წიგნში, მაყვლოვანთან როგორ უთხრა მას ღმერთმა და თქვა: მე ვარ ღმერთი აბრაამისა და ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა (გამ.3,6)?
27არ არის ღმერთი მკვდართა, არამედ ცოცხალთა; ხოლო თქვენ ძლიერ ცდებით.
28და მივიდა მასთან ერთი მწიგნობართაგანი, რომელსაც ესმოდა მათი კამათი. როცა ნახა, რომ კარგად უპასუხა მათ, ჰკითხა მას: რომელია ყველაზე პირველი მცნება?
29ხოლო იესომ მიუგო მას: ყველაზე პირველი მცნება არის: ისმინე, ისრაელო, უფალი ღმერთი თქვენი უფალი ერთია;
30და შეიყვარე უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით (2სჯ.6,4-5). ეს არის პირველი მცნება.
31და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი (ლევ.9,18). ამაზე დიდი სხვა მცნება არ არის.
32და უთხრა მას მწიგნობარმა: კეთილი, მოძღვარო, ჭეშმარიტად თქვი, რომ ერთია ღმერთი და არ არის სხვა მის გარდა;
33და რომ გიყვარდეს იგი მთელი გულით და მთელი გონებით და მთელი სულით და მთელი ძალით; და რომ გიყვარდეს მოყვასი, როგორც თავი შენი — მეტია ყოველგვარ ყოვლადდასაწველზე და შესაწირავზე.
34და ნახა იესომ, რომ გონივრულად მიუგო და უთხრა მას: არა ხარ შორს ღვთის სასუფევლისაგან და ვერავინ ვეღარ იკადრა, ეკითხა მისთვის.
35და მიუგო იესომ და უთხრა, როცა ასწავლიდა ტაძარში: როგორ ამბობენ მწიგნობრები, რომ: ქრისტე ძე არის დავითისა?
36რადგან თვითონ დავითმა თქვა სულიწმიდით: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემ მარჯვნივ, ვიდრე დავცემ შენს მტრებს შენ ფეხთქვეშ (ფს.109,1).
37თვით დავითი უწოდებს მას უფალს და როგორ არის მისი ძე? და უამრავი ხალხი უსმენდა მას სიამოვნებით.
38და ეუბნებოდა მათ თავისი სწავლებისას: უფრთხილდით მწიგნობრებს, რომლებსაც სურთ შესამოსლებით სიარული და მისალმება მოედნებზე
39და წინ დასხდომა შესაკრებლებში და ინახით წინ სხდომა ნადიმებზე.
40ვინც ჭამს ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად ხანგრძლივად ლოცულობს, ის მიიღებს უმეტეს სასჯელს.
41და დაჯდა იესო განძის საცავის წინ და უყურებდა, როგორ დებდა ხალხი რვალს განძის საცავში. და მრავალმა მდიდარმა დადო ბევრი.
42და მოვიდა ერთი გლახაკი ქვრივი და დადო ორი ლეპტა, რომელიც არის კოდრანტი.
43და მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა მათ: ამინ გეუბნებით თქვენ, რომ ამ გლახაკმა ქვრივმა ყველაზე მეტი დადო განძის საცავში;
44რადგან ყველამ თავისი მომეტებულიდან დადო, ხოლო ამან თავისი ნაკლულევანებიდან ყველაფერი, რაც ჰქონდა, დადო — მთელი თავისი საცხოვრებელი.
Next