თავი - 11
Previous1და როდესაც მიუახლოვდნენ იერუსალიმს, ბეთბაგეს და ბეთანიას, ზეთისხილის მთასთან, გაგზავნა თავისი ორი მოწაფე
2და უთხრა მათ: წადით დაბაში, რომელიც არის თქვენ პირდაპირ და როგორც კი შეხვალთ მასში, იპოვით დაბმულ კვიცს, რომელზეც კაცთაგან არავინ მჯდარა; ახსენით იგი და მომიყვანეთ.
3და თუ ვინმე გეტყვით თქვენ: რას აკეთებთ ამას? უთხარით: უფალს სჭირდება, და მაშინვე გამოგზავნის მას აქ.
4და წავიდნენ და იპოვეს კვიცი, დაბმული კართან, გარეთ, ქუჩაში და ახსნეს იგი.
5და ზოგიერთები იქ მდგომთაგან ეუბნებოდნენ მათ: რას აკეთებთ, რატომ ხსნით კვიცს?
6ხოლო მათ უთხრეს, როგორც უბრძანა იესომ, და გაუშვეს ისინი
7და მიიყვანეს კვიცი იესოსთან და დადეს მასზე თავისი სამოსი და დაჯდა მასზე.
8და ბევრი თავის სამოსს უფენდა გზაზე, ხოლო სხვები ჭრიდნენ რტოებს ხეებიდან და უფენდნენ გზაზე.
9და ვინც წინ უძღოდა და ვინც უკან მიჰყვებოდა, ღაღადებდა და ამბობდა: ოსანა! კურთხეულია მომავალი უფლის სახელით (ფს.117,26)!
10კურთხეულია ჩვენი მამის, დავითის, მომავალი მეუფება! ოსანა მაღალთა შინა!
11და შევიდა იესო იერუსალიმში, ტაძარში, და გადახედა ყველაფერს. უკვე საღამო ხანი იყო და გავიდა ბეთანიაში თორმეტთან ერთად.
12და მომდევნო დღეს, როცა გამოდიოდნენ ისინი ბეთანიიდან, მოშივდა.
13და დაინახა შორიდან ლეღვის ხე, რომელსაც ჰქონდა ფოთლები. მივიდა, რომ იქნებ რამე ეპოვა მასზე და, როცა მივიდა მასთან, ვერაფერი იპოვა, გარდა ფოთლებისა, რადგან არ იყო ლეღვის დრო;
14და უთხრა მას: ნუღარავინ შეჭამს უკუნისამდე შენგან ნაყოფს! და ესმოდათ მის მოწაფეებს.
15და მივიდნენ იერუსალიმში და შევიდა იესო ტაძარში და დაიწყო გამოყრა, ვინც ყიდდა და ყიდულობდა ტაძარში და მეკერმეთა მაგიდები და მტრედის გამყიდველთა დასასხდომები დაამხო,
16და არ უშვებდა, რომ ვინმეს გამოეტანა ნივთი ტაძრის გავლით;
17და ასწავლიდა და ეუბნებოდა მათ: წერია: ჩემს სახლს სალოცავი სახლი ეწოდოს ყველა წარმართის მიერ, ხოლო თქვენ გიქცევიათ იგი ავაზაკთა გამოქვაბულად (ეს.56,7; იერ.7,11).
18და ესმოდათ მღვდელმთავრებს და მწიგნობრებს და ეძიებდნენ, როგორ დაეღუპათ იგი; და ეშინოდათ მისი, რადგან მთელი ხალხი განცვიფრებული იყო მისი მოძღვრებით.
19და როცა მოსაღამოვდა, გავიდა ქალაქგარეთ.
20და როდესაც ჩაიარეს, განთიადისას, ნახეს ლეღვის ხე, გამხმარი ძირიდან.
21და გაახსენდა პეტრეს და უთხრა მას: რაბი, აჰა, ლეღვის ხე რომელიც დაწყევლე გახმა.
22და მიუგო იესომ და უთხრა მათ:
23თუ გაქვთ რწმენა ღვთისა, ამინ გეუბნებით თქვენ, რომ ვინც ეტყვის ამ მთას: აღმოიფხვერი და ჩავარდი ზღვაში, — და არ დაეჭვდება თავის გულში, არამედ ირწმუნებს, რომ, რასაც ამბობს, მოხდება, იქნება ისე.
24ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყველაფერს, რასაც ლოცვისას ითხოვთ, გწამდეთ, რომ მიიღებთ, და იქნება თქვენთვის.
25და როდესაც დგახართ და ლოცულობთ, მიუტევეთ, თუ გაქვთ რამე ვინმეს წინააღმდეგ, რათა თქვენმა ზეციერმა მამამაც მოგიტეოთ თქვენ თქვენი შეცოდებები;
26ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ, არც მამა თქვენი ზეციერი მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს.
27და მივიდნენ კვლავ იერუსალიმში. და როდესაც დადიოდა იგი ტაძარში, მივიდნენ მასთან მღვდელმთავრები და მწიგნობრები და უხუცესები
28და ეუბნებოდნენ მას: რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას? ან ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება, რომ ამას აკეთებ?
29ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მათ: გკითხავთ მეც თქვენ ერთ სიტყვას და მიპასუხეთ მე და გეტყვით თქვენ, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას:
30ნათლისცემა იოანესი ზეციდან იყო თუ კაცთაგან? მიპასუხეთ მე;
31ხოლო ისინი ბჭობდნენ თავისთვის და ამბობდნენ: თუ ვიტყვით: ზეციდან, გვეტყვის: რატომ არ ირწმუნეთ მისი?
32მაგრამ თუ ვიტყვით: კაცთაგან, გვეშინია ხალხისა, რადგან ყველამ იცის, რომ იოანე ჭეშმარიტად წინასწარმეტყველი იყო.
33და მიუგეს და უთხრეს იესოს: არ ვიცით. და მიუგო იესომ და უთხრა მათ: არც მე გეტყვით თქვენ, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.
Next