თავი - 10
Previous1და ადგა იქიდან და მივიდა ჰურიასტანის საზღვრებთან, იორდანის გაღმა, და კვლავ შეიკრიბა ხალხი მასთან და როგორც ჩვეულება ჰქონდა, კვლავ ასწავლიდა მათ.
2და მივიდნენ ფარისევლები და ეკითხებოდნენ მას: მართებულია კაცისთვის, რომ ცოლი გაუშვას? — და სცდიდნენ მას.
3ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: რა გამცნოთ თქვენი მოსემ?
4ხოლო მათ უთხრეს: მოსემ ბრძანა განტევების წერილის დაწერა და გაშვება.
5და მიუგო იესომ და უთხრა მათ: თქვენი გულქვაობის გამო დაგიწერათ თქვენ მოსემ ეს მცნება
6ხოლო დასაბამიდან შექმნისა მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი: ღმერთმა (დაბ.1,27);
7ამიტომ დატოვებს კაცი თავის მამას და დედას და შეუერთდება თავის ცოლს
8და იქნებიან ორნი ერთხორცი: ასე რომ, აღარ არიან ორნი, არამედ ერთხორცი (დაბ.2,24),
9ამიტომ ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ განაშორებს.
10და როცა სახლში იყო, მოწაფეებმა ამის შესახებ კვლავ ჰკითხეს მას.
11და უთხრა მათ: ვინც გაუშვებს თავის ცოლს და სხვას შეირთავს, მრუშობს მასთან.
12და თუ ცოლი გაშორდება ქმარს და გაჰყვება სხვას, მრუშობს.
13და მიჰყავდათ მასთან ყრმები, რათა შეხებოდა მათ, ხოლო მოწაფეები კიცხავდნენ მათ, ვისაც მოჰყავდათ.
14როდესაც იხილა იესომ, გაკიცხა და უთხრა მათ: აცადეთ ყრმებს ჩემთან მოსვლა და ნუ აბრკოლებთ მათ, რადგან ასეთების არის სასუფეველი ღვთისა.
15ამინ გეუბნებით თქვენ: ვინც არ შეიწყნარებს ღვთის სასუფეველს როგორც ყრმა, ვერ შევა მასში.
16და მოეხვია მათ, დაადო ხელი და აკურთხა ისინი.
17და როცა გამოვიდა იგი გზაზე, მიირბინა ვიღაც მდიდარმა, მუხლი მოუყარა მას და ჰკითხა მას: მოძღვარო სახიერო, რა გავაკეთო, რომ საუკუნო ცხოვრება დავიმკვიდრო?
18ხოლო იესომ უთხრა მას: რად მეძახი მე სახიერს? არავინ არის სახიერი, არამედ მხოლოდ ღმერთი.
19მცნებები იცი: არ მოკლა, არ იმრუშო, არ მოიპარო, ცილი არ დასწამო, არ დაჩაგრო, პატივი ეცი შენს მამას და შენს დედას (გამ.20,12-27);
20ხოლო მან მიუგო და უთხრა მას: მოძღვარო, ამ ყველაფერს ვიცავდი ჩემი სიჭაბუკიდან.
21და შეხედა იესომ და შეუყვარდა იგი და უთხრა მას: ერთიღა გაკლია შენ, წადი, რაც გაქვს, გაყიდე და მიეცი გლახაკებს და გექნება საუნჯე ცაში და მოდი და გამომყევი მე და აიღე შენი ჯვარი;
22ხოლო იგი დაღონდა ამ სიტყვის გამო და წავიდა დამწუხრებული, რადგან დიდი ქონება ჰქონდა.
23და მიმოიხედა იესომ და უთხრა თავის მოწაფეებს: როგორი ძნელია მათთვის, ვისაც სიმდიდრე აქვს, ღვთის სასუფეველში შესვლა!
24ხოლო მოწაფეები გაოცდნენ მის სიტყვებზე და იესომ კვლავ მიუგო და უთხრა მათ: შვილებო, როგორი ძნელია მათთვის, ვინც სიმდიდრეს არის მინდობილი, ღვთის სასუფეველში შესვლა!
25უფრო ადვილია აქლემის გასვლა ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდრის შესვლა ღვთის სასუფეველში;
26ხოლო ისინი უფრო მეტად განცვიფრდნენ და ეუბნებოდნენ ერთმანეთს: და ვის შეუძლია ცხონება?
27შეხედა მათ იესომ და უთხრა: კაცთათვის შეუძლებელია, მაგრამ არა ღვთისათვის, რადგან ყოველივე შესაძლებელია ღვთისათვის.
28დაიწყო პეტრემ საუბარი მასთან: აჰა, ჩვენ დავტოვეთ ყველაფერი და გამოგყევით შენ.
29მიუგო იესომ და უთხრა მათ: ამინ გეუბნებით თქვენ, არავინ არის, ვინც დატოვა სახლი ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან ცოლი, ან შვილები. ან მამულები ჩემთვის და სახარებისთვის,
30რომ არ მიიღოს ასწილად ახლა, ამ დროს, სახლი და ძმები და დები და მამა და დედა და შვილები და მამულები დევნის შემდეგ, და მომავალ საუკუნეში — ცხოვრება საუკუნო.
31ხოლო მრავალი პირველი იქნება უკანასკნელი და უკანასკნელი — პირველი.
32და როცა გზაში იყვნენ, ადიოდნენ რა იერუსალიმში, წინ უძღოდა მათ იესო; და გაოცებულნი იყვნენ, ხოლო ვინც მიჰყვებოდა, ეშინოდა. და წამოიყვანა კვლავ თორმეტნი და დაუწყო მათ საუბარი იმაზე, რაც მას უნდა შემთხვეოდა:
33აჰა, ავდივართ იერუსალიმში და ძე კაცისა გადაეცემა მღვდელმთავრებს და მწიგნობრებს და მიუსჯიან მას სიკვდილს და გადასცემენ მას წარმართებს;
34და დასცინებენ მას და გვემენ მას და აფურთხებენ მას და მოკლავენ და მესამე დღეს აღდგება.
35და მივიდნენ მასთან იაკობი და იოანე, ზებედეს ძეები, და უთხრეს მას: მოძღვარო, გვინდა, რომ, რასაც გთხოვთ, გაგვიკეთო ჩვენ;
36ხოლო მან უთხრა მათ: რა გინდათ, რომ გაგიკეთოთ თქვენ?
37და მათ უთხრეს მას: მოგვეცი ჩვენ, რომ ერთი შენ მარჯვნივ და ერთი შენ მარცხნივ დავსხდეთ შენს დიდებაში;
38ხოლო იესომ უთხრა მათ: არ იცით, რას ითხოვთ. შეგიძლიათ, შესვათ სასმისი, რომელსაც მე ვსვამ, ან ნათელი მიიღოთ ნათლისღებით, რომლითაც მე ნათელს ვიღებ?
39და მათ უთხრეს მას: შეგვიძლია. ხოლო იესომ უთხრა მათ: სასმისს, რომელსაც მე ვსვამ, შესვამთ და ნათლისღებით, რომლითაც მე ნათელს ვიღებ, ნათელს იღებთ,
40ხოლო დაჯდომა ჩემ მარჯვნივ ან მარცხნივ არ არის ჩემი მისაცემი, არამედ ვისთვისაც გამზადებულია.
41და როცა გაიგონა იმ ათმა, დაიწყო გაკიცხვა იაკობისა და იოანესი;
42ხოლო იესომ მოუხმო და უთხრა მათ: იცით, რომ ვინც მიაჩნიათ წარმართთა მთავრად, ბატონობს მათზე და მათი დიდებულები ხელმწიფობენ მათზე,
43ხოლო ასე ნუ იქნება თქვენ შორის, არამედ ვისაც უნდა დიდი იყოს თქვენ შორის, იყოს თქვენი მსახური,
44და ვისაც უნდა, თქვენ შორის იყოს პირველი, იყოს ყველას მონა;
45რადგან ძე კაცისა არ მოვიდა, რომ ემსახურონ, არამედ ემსახუროს და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად.
46და მივიდნენ იერიქოში. და როცა გამოდიოდა იგი თავის მოწაფეებთან ერთად იერიქოდან, და უამრავი ხალხი მათთან ერთად, ძე ტიმესი, ბარტიმეოსი, ბრმა, იჯდა გზის პირას და ითხოვდა მოწყალებას.
47და როცა გაიგონა, რომ იესო ნაზარეველია, დაიწყო ღაღადება და ამბობდა: იესო, ძეო დავითისაო, შემიწყალე მე.
48და კიცხავდა მას ბევრი, რათა დადუმებულიყო; ხოლო ის უფრო მეტად ღაღადებდა: ძეო დავითისაო, შემიწყალე მე.
49და შეჩერდა იესო და თქვა: მოუხმეთ მას. და მოუხმეს ბრმას და უთხრეს მას: გამხნევდი, ადექი, გიხმობს შენ;
50ხოლო მან დააგდო თავისი სამოსი, ადგა და მივიდა იესოსთან.
51და მიუგო მას იესომ და უთხრა: რა გინდა, რომ გაგიკეთო შენ? ხოლო ბრმამ უთხრა მას: რაბუნი, რომ ამეხილოს თვალები
52და იესომ უთხრა მას: წადი, შენმა რწმენამ გიხსნა შენ. და მაშინვე აეხილა და გაჰყვა მას გზაზე.
Next