Eleos

Contents

თავი - 9

Previous
1და ეუბნებოდა მათ: ამინ გეუბნებით თქვენ, რომ არიან ზოგიერთები აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, ვიდრე არ იხილავენ ღვთის სასუფეველს, მომავალს ძალით.
2და ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და იოანე და აიყვანა ისინი მაღალ მთაზე განმარტოებით და ფერი იცვალა მათ წინაშე;
3მისი სამოსი გახდა ბრწყინვალე და თეთრი ძლიერ, როგორც თოვლი, ისეთი, რომ არ შეუძლია ქვეყანაზე არც ერთ მათეთრებელს ასე გათეთრება.
4და ეჩვენა მათ ელია მოსესთან ერთად და იყვნენ იესოსთან და საუბრობდნენ.
5და მიუგო პეტრემ და უთხრა იესოს: რაბი, კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა, გავაკეთოთ სამი კარავი: შენთვის — ერთი, მოსესთვის — ერთი და ელიასთვის — ერთი,
6რადგან არ იცოდა, რა ეთქვა, ვინაიდან შეშინებულნი იყვნენ.
7და იყო ღრუბელი და დაჩრდილა ისინი და ხმა იყო ღრუბლიდან: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, მაგისი ისმინეთ.
8და მყისვე მიმოიხედეს და ვერავინ დაინახეს, არამედ მხოლოდ იესო იყო მათთან.
9და როდესაც ჩამოდიოდნენ. ისინი მთიდან, უბრძანა მათ, რომ არავისთვის ეთქვათ, რაც იხილეს, ვიდრე ძე კაცისა მკვდრეთით არ აღდგებოდა.
10და ეს სიტყვა დაიმარხეს თავის თავში და კამათობდნენ: რა არის ვიდრე მკვდრეთით არ აღდგება?
11და ეკითხებოდნენ მას და ეუბნებოდნენ: როგორ ამბობენ მწიგნობრები, რომ პირველად ელიას მართებს მოსვლა (მალ.4,5)?
12ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: პირველად ელია მოვა და აღადგენს ყოველივეს; და როგორ წერია ძე კაცისაზე, რომ ფრიად ივნება და შეურაცხყოფილი იქნება?
13არამედ გეუბნებით თქვენ, რომ ელიაც მოვიდა და მოექცნენ მას, როგორც უნდოდათ, როგორც წერია მასზე.
14და მივიდა თავის მოწაფეებთან და ნახა უამრავი ხალხი მათ გარშემო და მწიგნობრები კამათობდნენ მათთან.
15და მაშინვე მთელმა ხალხმა დაინახა იგი და გაოცდა; და მირბოდნენ და ესალმებოდნენ მას.
16და ჰკითხა მწიგნობრებს: რას ეკამათებოდით მათ?
17და მიუგო მას ერთმა იმ ხალხიდან და უთხრა: მოძღვარო, მოვიყვანე შენთან ჩემი ძე, რომელიც არის უტყვი სულით შეპყრობილი;
18და სადაც მას შეიპყრობს, დასცემს და დუჟი გადმოსდის და აღრჭენს კბილებს და შეშდება; და ვუთხარი შენს მოწაფეებს, რომ განედევნათ იგი, და ვერ შეძლეს.
19და მიუგო მათ და უთხრა: ო, მოდგმავ ურწმუნო, როდემდე ვიქნები თქვენთან? როდემდე გიტვირთავთ თქვენ? მოიყვანეთ იგი ჩემთან.
20და მიიყვანეს იგი მასთან. და როცა იხილა იგი არაწმინდა სულმა, მყისვე შეარყია იგი, და დავარდა მიწაზე, გორავდა და დუჟი გადმოსდიოდა.
21და ჰკითხა მის მამას: რამდენი ხანია, რაც ეს დაემართა მას? ხოლო მან უთხრა: სიყრმიდან;
22და მრავალგზის ცეცხლშიც ჩააგდო იგი და წყალშიც, რათა დაეღუპა იგი; მაგრამ თუ რამე შეგიძლია, შეგვეწიე ჩვენ და შეგვიწყალე ჩვენ;
23ხოლო იესომ უთხრა მას: თუ შეგიძლია, ირწმუნო, ყველაფერი შესაძლებელია მორწმუნისათვის.
24და მყისვე შეღაღადა ყრმის მამამ და აცრემლებულმა უთხრა: მწამს, უფალო, შეეწიე ჩემს ურწმუნოებას.
25და იხილა რა იესომ, რომ სწრაფად იკრიბებოდა ხალხი, შერისხა არაწმინდა სული და უთხრა მას: უტყვო და ყრუ სულო, მე გიბრძანებ შენ გამოდი მაგისგან და აღარასოდეს შეხვიდე მასში
26და შეყვირა და ძლიერ დასცა და გავიდა მისგან; და იყო როგორც მკვდარი, ისე რომ ბევრი ამბობდა: მოკვდა;
27ხოლო იესომ მოჰკიდა მას ხელი და ააყენა იგი, და ადგა.
28და როდესაც შევიდა იგი სახლში, მისმა მოწაფეებმა განმარტოებით ჰკითხეს მას: რატომ ჩვენ ვერ შევძელით მისი განდევნა?
29და უთხრა მათ: ამ მოდგმის გასვლა არაფრით შეიძლება, თუ არა ლოცვითა და მარხვით.
30და იქიდან გამოვიდნენ და გამოიარეს გალილეა და არ უნდოდა, რომ ვინმეს გაეგოთ
31რადგან ასწავლიდა თავის მოწაფეებს და ეუბნებოდა მათ: ძე კაცისა გადაეცემა კაცთა ხელში და მოკლავენ მას და, როცა მოკვდება, მესამე დღეს აღდგება;
32ხოლო მათ ვერ გაიგეს ეს სიტყვა და ეშინოდათ, მისთვის ეკითხათ.
33და მივიდა კაპერნაუმში და როდესაც იყო სახლში, ეკითხებოდა მათ: რაზე ბჭობდით ერთმანეთთან გზაში?
34ხოლო ისინი დუმდნენ, რადგან ერთმანეთთან დავობდნენ გზაში, ვინ უფრო დიდი იყო.
35და დაჯდა და მოუხმო თორმეტს და უთხრა მათ: ვისაც უნდა, პირველი იყოს, იყოს ყველაზე უკანასკნელი და ყველას მსახური.
36და მოიყვანა ყრმა და დააყენა იგი მათ შორის და მოეხვია მას და უთხრა მათ:
37ვინც ერთ ასეთ ყრმას შეიწყნარებს ჩემი სახელით, მე შემიწყნარებს; და ვინც მე შემიწყნარებს, შემიწყნარებს არა მე, არამედ ჩემს მომავლინებელს.
38მიუგო მას იოანემ და უთხრა: მოძღვარო, ვნახეთ ვიღაც, ვინც შენი სახელით დევნიდა ეშმაკებს და ჩვენ არ მოგვყვება; და ვუშლიდით მას, რადგან არ მოგვყვება ჩვენ;
39ხოლო იესომ უთხრა: ნუ დაუშლით მას, რადგან არავინ არის, ვინც აღასრულებს სასწაულს ჩემი სახელით და შეძლებს, ცუდი თქვას ჩემზე;
40რადგან ვინც არ არის ჩვენ წინააღმდეგ, ის ჩვენკენ არის.
41ვინც გასმევთ თქვენ სასმის წყალს ჩემი სახელით — რადგან ქრისტესნი ხართ — ამინ გეუბნებით თქვენ: არ დაეკარგება თავისი საზღაური;
42ხოლო ვინც დააბრკოლებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც სწამს ჩემი, უმჯობესია მისთვის, რომ მოაბან წისქვილის დოლაბი მას ქედზე და ჩააგდონ ზღვაში.
43და თუ გაცდუნებს შენ ხელი შენი, მოიკვეთე იგი; უმჯობესია შენთვის, ხეიბარი შეხვიდე საუკუნო ცხოვრებაში, ვიდრე ორი ხელი გქონდეს და შეხვიდე გეენაში, უშრეტ ცეცხლში,
44სადაც მათი მატლი არ ილევა და ცეცხლი არ იშრიტება (ეს.66,24),
45და თუ ფეხი შენი გაცდუნებს შენ, მოიკვეთე იგი; უმჯობესია შენთვის, შეხვიდე საუკუნო ცხოვრებაში კოჭლი, ვიდრე ორი ფეხი გქონდეს და ჩავარდე გეენაში, უშრეტ ცეცხლში,
46სადაც მათი მატლი არ ილევა და ცეცხლი არ იშრიტება.
47და თუ თვალი შენი გაცდუნებს შენ, ამოიგდე იგი; უმჯობესია შენთვის, ერთი თვალით შეხვიდე ღვთის სასუფეველში, ვიდრე ორი თვალი გქონდეს და ჩავარდე ცეცხლის გეენაში,
48სადაც მათი მატლი არ ილევა და ცეცხლი არ იშრიტება;
49რადგან ყოველივე ცეცხლით დამარილდება და ყოველი შესაწირავი მარილით დამარილდება.
50კარგია მარილი, ხოლო თუ მარილი უმარილო გახდება, რითღა შენელდება? არის თქვენში მარილი და მშვიდობით იყავით ერთმანეთში.
Next