Eleos

Contents

თავი - 8

Previous
1იმ დღეებში კვლავ უამრავი ხალხი იყო და არაფერი ჰქონდათ, რომ ეჭამათ; მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა მათ:
2მებრალება ეს ხალხი, რადგან უკვე სამი დღეა, მელოდებიან და არაფერი აქვთ, რომ ჭამონ;
3და თუ გავუშვებ მათ უჭმელებს თავის სახლში, დაუძლურდებიან გზაში, რადგან ზოგი მათგანი შორიდან არის მოსული.
4და მიუგეს მას მისმა მოწაფეებმა: საიდან შეგვიძლია ამდენი ხალხის გაძღომა პურით აქ, უდაბნოში?
5და ჰკითხა მათ: რამდენი გაქვთ პური? ხოლო მათ უთხრეს: შვიდი.
6და უბრძანა ხალხს დასხდომა მიწაზე; და აიღო შვიდი პური, მადლობდა, გატეხა და მისცა თავის მოწაფეებს, რათა დაერიგებინათ; და დაურიგეს ხალხს.
7და ჰქონდათ ცოტა თევზი; ისიც აკურთხა და უთხრა, დაერიგებინათ ისიც.
8და ჭამეს და გაძღნენ და აიღეს დარჩენილი ნატეხები, შვიდი კალათი.
9და იყო, ვინც ჭამა, დაახლოებით ოთხი ათასი; და გაუშვა ისინი.
10და მაშინვე ავიდა ნავზე თავის მოწაფეებთან ერთად და მივიდა დალმანუთის მხარეში.
11და გამოვიდნენ ფარისევლები და დაუწყეს კამათი და მოითხოვდნენ მისგან სასწაულს ზეციდან და სცდიდნენ მას.
12და ამოიოხრა თავისი სულით და თქვა: რისთვის ეძებს ეს მოდგმა სასწაულს? ამინ გეუბნებით თქვენ: არ მიეცემა ამ მოდგმას სასწაული.
13და დატოვა ისინი და კვლავ ავიდა ნავზე და გავიდა გაღმა.
14და დაავიწყდათ პურის წაღება და ერთი პურის მეტი არ ჰქონდათ თან ნავში.
15და უბრძანა მათ და უთხრა: იცოდეთ, ერიდეთ ფარისეველთა საფუარს და ჰეროდიანთა საფუარს.
16ხოლო ისინი ბჭობდნენ ერთმანეთში და ამბობდნენ: იმიტომ რომ პური არა გვაქვს;
17და გულისხმაყო იესომ და უთხრა მათ: რატომ ფიქრობთ თქვენს გულში, მცირედმორწმუნენო, რომ პური არა გაქვთ? კიდევ ვერც ხვდებით, გაქვავებული გაქვთ თქვენი გულები?
18თვალები გაქვთ და არ ხედავთ და ყურები გაქვთ და არ გესმით? და არ გახსოვთ (იერ.5,21; ეზ.12,2),
19როდესაც ხუთი პური გავტეხე ხუთი ათასისთვის და რამდენი გოდორი აიღეთ ნატეხებით სავსე? უთხრეს მას: თორმეტი;
20ხოლო როდესაც შვიდი — ოთხი ათასისთვის, რამდენი კალათი აიღეთ ნატეხებით სავსე? ხოლო მათ უთხრეს: შვიდი.
21და ეუბნებოდა მათ: როგორ ვერ ხვდებით?!
22და მივიდა ბეთსაიდაში. და მიუყვანეს მას ბრმა და ევედრებოდნენ მას, რათა შეხებოდა მას.
23და მოჰკიდა ხელი ბრმას და გაიყვანა იგი დაბის გარეთ და დაანერწყვა მის თვალებს, დაადო ხელები და ჰკითხა მას: თუ ხედავ რამეს?
24და აიხედა და თქვა: ვხედავ ადამიანებს, როგორც მიმომავალ ხეებს.
25შემდეგ კვლავ დაადო ხელები მის თვალებს და აუხილა; და აღუდგა მას მხედველობა და ხედავდა ნათლად ყველაფერს.
26და გაგზავნა იგი მის სახლში და უთხრა: წადი შენს სახლში და ნურავის ეტყვი დაბაში.
27და გამოვიდა იესო, და მისი მოწაფეები ფილიპეს კესარიის დაბებში; და გზაში ეკითხებოდა თავის მოწაფეებს და ეუბნებოდა მათ: რას ამბობენ ჩემზე ადამიანები: ვინ ვარ მე?
28ხოლო მათ მიუგეს და უთხრეს: იოანე ნათლისმცემელი, — და სხვები ამბობენ: ელია, ხოლო სხვები — ერთი წინასწარმეტყველთაგანი.
29და მან უთხრა მათ: ხოლო თქვენ რას ამბობთ ჩემზე: ვინ ვარ მე? და მიუგო მას პეტრემ და უთხრა: შენ ხარ ქრისტე.
30და შერისხა ისინი, რომ არავისთვის ეთქვათ მის შესახებ.
31და დაიწყო სწავლება მათი, რომ მართებს ძეს კაცისას მრავალი ვნება და შეურაცხყოფა უხუცესებისგან, მღვდელმთავრებისა და მწიგნობრებისგან და მოიკვლება და სამი დღის შემდეგ აღდგება;
32და ცხადად ამბობდა ამ სიტყვას. და გაიყვანა იგი პეტრემ და დაუწყო მას შეპასუხება;
33ხოლო იგი მიბრუნდა და შეხედა თავის მოწაფეებს, შერისხა პეტრე და უთხრა: გამშორდი, სატანა, რადგან არ ფიქრობ ღვთისას, არამედ კაცისას.
34და მოუხმო ხალხს თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა მათ: ვისაც უნდა, რომ შემომიდგეს მე, უარყოს თავისი თავი და აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე;
35რადგან ვისაც უნდა თავისი სულის გადარჩენა, წარწყმედს მას; ხოლო ვინც წარწყმედს თავის სულს ჩემთვის და სახარებისთვის, გადაარჩენს მას;
36რადგან რა სარგებელი აქვს კაცს, თუ შეიძენს მთელ ქვეყანას და ავნებს თავის სულს?
37რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?
38რადგან ვისაც შერცხვება ჩემი და ჩემი სიტყვებისა ამ მრუშსა და ცოდვილ მოდგმაში, ძეს კაცისასაც შერცხვება მისი, როცა მოვა თავისი მამის დიდებით წმიდა ანგელოზებთან ერთად.
Next