თავი - 7
Previous1და შეიკრიბნენ მასთან ფარისევლები და ზოგი მწიგნობარი, მოსულები იერუსალიმიდან;
2და დაინახეს ზოგიერთი მისი მოწაფე არაწმინდა ხელებით, ესე იგი, დაუბანელით, ჭამდა პურს და კიცხავდნენ,
3რადგან ფარისევლები და ყველა იუდეველი, თუ გულმოდგინედ არ დაიბანენ ხელებს, არ ჭამენ, იცავენ რა ხუცესთა გადმოცემას.
4და მოედნებიდან როცა მოდიან, თუ არ დაიბანენ, არ ჭამენ; და სხვაც მრავალია, რაც მიიღეს დასაცავად: გარეცხვა სასმისებისა და ქილებისა და ქვაბებისა და ტახტებისა.
5მაშინ ჰკითხეს მას ფარისევლებმა და მწიგნობრებმა: რატომ არ მისდევენ შენი მოწაფეები ხუცესთა გადმოცემას, არამედ დაუბანელი ხელებით ჭამენ პურს?
6ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: კარგად იწინასწარმეტყველა ესაიამ თქვენზე, თვალთმაქცებზე, როგორც წერია: ეს ერი ბაგით პატივს მცემს მე, ხოლო გული მათი შორს არის განშორებული ჩემგან;
7ამაოდ მემსახურებიან მე, რადგან ასწავლიან კაცთა მოძღვრებებსა და მცნებებს (ეს.39,13);
8რადგან დაგიტოვებიათ მცნება ღვთისა და იცავთ კაცთა გადმოცემას — რეცხავთ ქილებსა და სასმისებს და სხვა მრავალ ამის მსგავსს აკეთებთ.
9და ეუბნებოდა მათ: უარს კარგად ამბობთ ღვთის მცნებაზე, რომ თქვენი გადმოცემა დაიცვათ,
10რადგან მოსემ თქვა: პატივი ეცი მამას შენსას და დედას შენსას; და: ვინც იტყვის ბოროტს მამაზე ან დედაზე, სიკვდილით აღესრულოს (გამ.20,12; 21,7);
11ხოლო თქვენ ამბობთ: თუ ეტყვის კაცი მამას ან დედას: კორბანი, რაც არის ძღვენი, რითაც ჩემგან უნდა გესარგებლა, —
12და უშვებთ, რომ მან არაფერი გაუკეთოს მამას ან დედას, —
13აუქმებთ ღვთის სიტყვას თქვენი გადმოცემით, რომელსაც ასწავლით; და ამის მსგავსს მრავალს აკეთებთ.
14და მოუხმო მთელ ხალხს და ეუბნებოდა მათ: ისმინეთ ჩემი ყველამ და გაიგეთ
15არაფერია გარედან შემავალი კაცში, რასაც შეუძლია მისი წაბილწვა, არამედ რაც გამოდის მისგან, ის არის, რაც ბილწავს კაცს.
16ვისაც აქვს ყურები სასმენად, ისმინოს!
17და როდესაც გამოვიდა ხალხიდან, შევიდა სახლში და ეკითხებოდნენ მას მისი მოწაფეები იგავზე.
18და უთხრა მათ: თქვენც ასევე უგულისხმონი ხართ? არ იცით, რომ არაფერს, გარედან შემავალს კაცში, არ შეუძლია მისი წაბილწვა?
19რადგან არ შედის იგი გულში, არამედ მუცელში და გასავალში გადის და გაწმენდს მთელ საჭმელს;
20და ამბობდა: რაც კაცისგან გამოდის, ის ბილწავს კაცს,
21რადგან კაცთა გულის შიგნიდან გამოდის ბოროტი გულისზრახვები: მრუშობა, სიძვა, მკვლელობა,
22პარვა, ანგარება, უკეთურება, მზაკვრობა, გარყვნილება, ავთვალობა, გმობა, ამპარტავნება, უგუნურება;
23ყველა ეს ბოროტება შიგნიდან გამოდის და ბილწავს კაცს.
24და ადგა იქიდან და წავიდა ტვიროსისა და სიდონის საზღვრებთან და შევიდა სახლში და არ უნდოდა, რომ გაეგო ვინმეს, და ვერ შეძლო დამალვა,
25რადგან მაშინვე გაიგო მის შესახებ ვიღაც დედაკაცმა, რომლის ასულიც არაწმინდა სულით იყო შეპყრობილი, მივიდა და ფეხებში ჩაუვარდა მას
26ხოლო დედაკაცი იყო წარმართი, წარმოშობით ასურელი ფინიკიელი და სთხოვდა მას, რათა განედევნა ეშმაკი მისი ასულისგან.
27და იესომ უთხრა მას: აცალე, ჯერ გაძღნენ შვილები, რადგან არ არის კარგი პურის აღება შვილებისგან და ძაღლებისთვის დაგდება.
28ხოლო მან მიუგო და უთხრა მას: ჰო, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ჭამენ ტაბლის ქვეშ შვილების ნამცეცებს.
29და უთხრა მას: მაგ სიტყვის გამო წადი, გავიდა ეშმაკი შენი ასულისგან.
30და წავიდა თავის სახლში და ნახა, რომ ბავშვი იწვა სარეცელზე და ეშმაკი გასულიყო.
31და კვლავ გამოვიდა ტვიროსისა და სიდონის საზღვრებიდან და მივიდა გალილეის ზღვასთან, ათქალაქის საზღვრებს შორის.
32და მოუყვანეს მას ყრუ და ენაბრგვნილი და ევედრებოდნენ მას, რომ დაედო მისთვის ხელი.
33და გაიყვანა იგი ხალხიდან განმარტოებით და დაადო თავისი თითები მას ყურებზე და დაანერწყვა და შეახო მის ენას,
34და ახედა ცას, ამოიოხრა და უთხრა მას: ეფფათა! — რაც არის: გაიხსენი.
35და მაშინვე გაეხსნა მას სასმენელი და აეხსნა მას ბორკილი ენისა და ამეტყველდა გამართულად.
36და უბრძანა მათ, რომ არავისთვის ეთქვათ, და რაც უფრო მეტს უბრძანებდა მათ, მით უფრო ქადაგებდნენ
37და კიდევ უფრო განცვიფრებულები ამბობდნენ: ყველაფერს კარგს აკეთებს: ყრუებს ანიჭებს სმენას და მუნჯებს მეტყველებას.
Next