თავი - 6
Previous1და გამოვიდა იქიდან და მივიდა თავის მამულში და მიჰყვებოდნენ მას მისი მოწაფეები.
2და იყო შაბათი და დაიწყო სწავლება შესაკრებელში; და მრავალი, ვისაც ესმოდა, განცვიფრებული ამბობდა: საიდან აქვს ამას ეს? და რა სიბრძნეა მოცემული მისთვის და როგორი სასწაულები სრულდება მისი ხელით?
3განა ეს არ არის ხურო, ძე მარიამისა და ძმა იაკობისა და იოსესი და იუდასი და სიმონისა? და მისი დები ყველანი აქ, ჩვენთან, არ არიან? და ბრკოლდებოდნენ მის მიმართ.
4და ეუბნებოდა მათ იესო: არ არის წინასწარმეტყველი უპატიოდ, გარდა თავისი მამულისა და თავისი ნათესავებისა და თავისი სახლისა.
5და ვერ შეძლო იქ აღსრულება ვერც ერთი სასწაულისა, მხოლოდ მცირერიცხოვან სნეულებს დაადო ხელი და განკურნა,
6და უკვირდა ურწმუნოება მათი. და დადიოდა გარშემო დაბებში და ასწავლიდა.
7და მოუწოდა თორმეტს და დაიწყო მათი გაგზავნა ორ-ორად და აძლევდა მათ ხელმწიფებას არაწმინდა სულებზე;
8და ამცნებდა მათ, რომ არაფერი წაეღოთ გზაში, არამედ მხოლოდ კვერთხი; არც პური, არც აბგა, არც სარტყელში რვალი,
9არამედ ჩაეცვათ სანდლები და არ შემოსილიყვნენ ორი კვართით.
10და ეუბნებოდა მათ: თუ სადმე შეხვალთ სახლში, იქ გაჩერდით, ვიდრე არ გამოხვალთ იქიდან.
11და ვინც არ მიგიღებთ თქვენ და არც ისმენს თქვენსას, როცა გამოხვალთ იქიდან, დაიბერტყეთ მტვერი, რომელიც თქვენ ფეხქვეშ არის, მათზე დასამოწმებლად. ამინ გეუბნებით თქვენ: მეტი შვება ექნება სოდომსა და გომორს განკითხვის დღეს, ვიდრე იმ ქალაქს.
12და გამოვიდნენ და უქადაგებდნენ, რათა შეენანათ;
13და მრავალი ეშმაკი განდევნეს და სცხებდნენ ზეთს მრავალ სნეულს და კურნავდნენ.
14და გაიგო ჰეროდე მეფემ რადგან გაცხადდა მისი სახელი და ამბობდა: იოანე ნათლისმცემელი აღმდგარა მკვდრეთით და ამის გამო მოქმედებენ ძალები მის მიერ
15სხვები ამბობდნენ: ელია არის, სხვები კი ამბობდნენ: წინასწარმეტყველია, როგორც ერთი წინასწარმეტყველთაგანი;
16ხოლო როდესაც გაიგო ჰეროდემ, თქვა: ვისაც მე თავი მოვკვეთე, იოანეს, იგი აღმდგარა მკვდრეთით. —
17რადგან ამ ჰეროდემ გაგზავნა და შეიპყრო იოანე და ჩაკეტა იგი საპყრობილეში ჰეროდიას, თავისი ძმის, ფილიპეს, ცოლის, გამო, რადგან იგი შეირთო ცოლად
18ვინაიდან ეუბნებოდა იოანე ჰეროდეს: არ არის მართებული შენთვის, რომ ცოლად გყავდეს შენი ძმის ცოლი;
19ხოლო ჰეროდია გულმოსული იყო მასზე და უნდოდა მისი მოკვლა და ვერ შეძლო,
20რადგან ჰეროდეს ეშინოდა იოანესი, იცოდა, რომ იგი მართალი და წმიდა კაცი იყო, და იცავდა მას და ისმენდა რა მისას, ბევრ რამეს უკეთებდა და სიამოვნებით უსმენდა მას.
21და იყო ხელსაყრელი დღე, როცა ჰეროდემ თავის დაბადების დღეს ნადიმი გაუმართა თავის დიდებულებსა და ათასისთავებს და გალილეის წარჩინებულებს.
22და შევიდა ასული ჰეროდიასი და როკავდა; და მოეწონა ჰეროდეს და მის თანამეინახეებს და უთხრა მეფემ ქალიშვილს: მთხოვე მე, რაც გინდა, და მოგცემ შენ.
23და შეჰფიცა მას: რასაც ითხოვ ჩემგან, მოგცემ შენ, ჩემი სამეფოს ნახევარსაც კი;
24ხოლო იგი გავიდა და უთხრა თავის დედას: რა ვთხოვო? ხოლო მან უთხრა: თავი იოანე ნათლისმცემლისა.
25და შევიდა მაშინვე სწრაფად მეფესთან და სთხოვა და უთხრა: მსურს, რომ ახლავე მომცე მე ლანგრით თავი იოანე ნათლისმცემლისა.
26და შეწუხდა მეფე, მაგრამ ფიცისა და თანამეინახეთა გამო არ ინება უარის თქმა მისთვის.
27და მაშინვე გაგზავნა მეფემ მცველი და უბრძანა მისი თავის მოტანა.
28და წავიდა და მოჰკვეთა მას თავი საპყრობილეში და მოიტანა მისი თავი ლანგრით და მისცა იგი ქალიშვილს და ქალიშვილმა მისცა იგი თავის დედას.
29და გაიგეს მისმა მოწაფეებმა და მივიდნენ და აიღეს მისი ცხედარი და დადეს იგი საფლავში.
30და შეიკრიბნენ მოციქულები იესოსთან და აუწყეს მას ყველაფერი, რაც გააკეთეს და რაც ასწავლეს.
31და უთხრა მათ: მოდით თქვენ თვითონ, მარტო, უდაბურ ადგილას და დაისვენეთ ცოტა; — რადგან იყო მრავალი მომსვლელი და წამსვლელი და ჭამის დროც არ ჰქონდათ.
32და წავიდნენ ნავით უდაბურ ადგილას მარტო.
33და დაინახეს ისინი, რომ მიდიოდნენ, და იცნო. ბევრმა და ყველა ქალაქიდან ფეხით მირბოდნენ იქ და მივიდნენ მათთან.
34და გამოვიდა იესო და იხილა დიდძალი ხალხი და შეებრალა ისინი, რადგან იყვნენ, როგორც ცხვრები, რომელთაც არა ჰყავთ მწყემსი, და დაიწყო და ბევრს ასწავლიდა მათ.
35და როცა უკვე დიდი დრო იყო გასული, მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები და უთხრეს: უდაბურია ეს ადგილი და უკვე გვიანია;
36გაუშვი ესენი, რომ წავიდნენ გარშემო სოფლებში და დაბებში და იყიდონ თავისთვის საჭმელი, რადგან არაფერი აქვთ, რომ ჭამონ;
37ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: თქვენ მიეცით მათ საჭმელი. და უთხრეს მას: წავიდეთ და ვიყიდოთ ორასი დინარის პური და მივცეთ მათ, რომ ჭამონ?
38ხოლო მან უთხრა მათ: რამდენი პური გაქვთ? მიდით და ნახეთ. და ნახეს და უთხრეს: ხუთი პური და ორი თევზი.
39და უბრძანა მათ, დაესხათ ყველა ჯგუფ-ჯგუფად მწვანე ბალახზე.
40და დასხდა რიგ-რიგად ას-ასი და ორმოცდაათ-ორმოცდაათი.
41და აიღო ხუთი პური და ორი თევზი და აიხედა ცისკენ და აკურთხა და გატეხა პურები და აძლევდა თავის მოწაფეებს, რათა დაერიგებინათ მათთვის, და ორი თევზიც გაუყო ყველას.
42და ჭამა ყველამ და გაძღა.
43და აიღეს ნატეხები, თორმეტი გოდორით სავსე, და თევზიც.
44და იყო, ვინც ჭამა, ხუთი ათასამდე კაცი.
45და მაშინვე აიძულა თავისი მოწაფეები, ასულიყვნენ ნავზე და მასზე წინ გასულიყვნენ გაღმა, ბეთსაიდისკენ, ვიდრე იგი გაუშვებდა ხალხს.
46და გაშორდა მათ და ავიდა მთაზე სალოცავად.
47და როდესაც მოსაღამოვდა, ნავით იყო შუა ზღვაში, ხოლო თვითონ მარტო იყო ხმელეთზე.
48და იხილა ისინი, რომ უჭირდათ ცურვისას, რადგან იყო ქარი მათ საპირისპიროდ. და ღამის მეოთხე სახმილავზე მივიდა მათთან ზღვაზე სვლით და უნდოდა გვერდის ავლა მათთვის;
49ხოლო მათ, როცა იხილეს იგი, ზღვაზე მავალი, ეგონათ, რომ მოჩვენებაა, და შეყვირეს,
50რადგან ყველამ იხილა იგი და შეძრწუნდა; და მაშინვე დაელაპარაკა მათ და უთხრა მათ: გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ.
51და ავიდა მათთან ნავში და დაცხრა ქარი; და უფრო მეტად გაოგნდნენ და უკვირდათ თავის გულში,
52რადგან ვერ მიხვდნენ პურებით, იმიტომ რომ მათი გული გაქვავებული იყო.
53და გავიდნენ გაღმა და მივიდნენ გენესარეთის ქვეყანაში.
54და როდესაც გადმოვიდნენ ისინი ნავიდან, მაშინვე იცნეს იგი
55და შემოირბინეს მთელი ის მხარე და დაიწყეს საწოლებით ავადმყოფების მიყვანა, სადაც იგებდნენ, რომ იქ არის.
56და როდესაც შედიოდა დაბებში ან ქალაქებში, ან სოფლებში, მოედნებზე აწვენდნენ უძლურებს და ევედრებოდნენ მას, რომ მისი სამოსის კიდეს მაინც შეხებოდნენ; და რამდენიც ეხებოდა მას, იკურნებოდა.
Next