Eleos

Contents

თავი - 5

Previous
1და გავიდა ზღვის გაღმა, გერგესელთა მხარეში.
2და როდესაც გადმოვიდა იგი ნავიდან, მაშინვე მიეგება მას საფლავებიდან კაცი, ვისთანაც იყო არაწმინდა სული,
3რომელსაც სამყოფელი ჰქონდა საფლავებში, და ჯაჭვებითაც არავის შეეძლო მისი შეკვრა;
4რადგან იგი მრავალგზის იყო ბორკილებითა და ჯაჭვებით შეკრული და იგლეჯდა ჯაჭვებს და ბორკილებს ამსხვრევდა და არავის შეეძლო მისი მოთოკვა
5და ყოველთვის, ღამე და დღე საფლავებსა და მთებში იყო და ყვიროდა და იცემდა ქვებს.
6და როდესაც დაინახა იესო შორიდან, გამოიქცა და თაყვანი სცა მას
7და შეღაღადა დიდი ხმით და უთხრა: რა გინდა ჩემგან შენ, იესო, ძეო ღვთისა მაღლისაო? გაფიცებ შენ ღმერთს, ნუ მტანჯავ მე. —
8რადგან ეუბნებოდა მას: გადი, არაწმინდა სულო, მაგ კაცისგან.
9და ჰკითხა მას: რა არის შენი სახელი? და მიუგო და უთხრა: ლეგიონია ჩემი სახელი, რადგან ბევრნი ვართ.
10და ევედრებოდა მას ძლიერ, რათა არ განედევნა ისინი იმ მხარიდან.
11და იყო იქ, მთასთან, ღორების დიდი კოლტი, მძოვარი.
12და ევედრებოდა მას ყველა ეშმაკი და ეუბნებოდა: გაგვიშვი ჩვენ ღორებთან, რომ მათში შევიდეთ.
13და უბრძანა მათ და გავიდნენ არაწმინდა სულები და შევიდნენ ღორებში; და გადაეშვა კოლტი კბოდიდან ზღვაში — და იყო დაახლოებით ორი ათასი და შთაინთქა ზღვაში;
14ხოლო მათი მწყემსები გაიქცნენ და შეატყობინეს ქალაქსა და სოფლებს; და გამოვიდნენ, რათა ენახათ, რა მოხდა.
15და მივიდნენ იესოსთან და ნახეს ეშმაკეული, რომელთანაც იყო ლეგიონი, იჯდა შემოსილი და გონს მოსული, და შეეშინდათ.
16და უამბობდნენ მათ, ვინც ნახა, რა შეემთხვათ ეშმაკეულსა და ღორებს.
17და დაუწყეს ვედრება მას, რომ წასულიყო მათი საზღვრებიდან.
18და როცა ავიდა იგი ნავში, ევედრებოდა მას, ვინც ადრე ეშმაკეული იყო, რომ მასთან ყოფილიყო.
19და ნება არ დართო, არამედ უთხრა მას: წადი შენს სახლში, შენიანებთან და შეატყობინე მათ, რაც შენ უფალმა გაგიკეთა და რომ შეგიწყალა შენ.
20და წავიდა და დაიწყო ქადაგება ათქალაქში იმისა, რაც გაუკეთა მას იესომ, და ყველას უკვირდა.
21და გავიდა იესო ნავით კვლავ გაღმა და შეიკრიბა დიდძალი ხალხი მასთან, და იყო ზღვის პირას.
22და აჰა, მოვიდა ერთი შესაკრებლის მთავართაგანი, სახელად იაიროსი, და დაინახა იგი და ჩაუვარდა მას ფეხებში
23და ევედრებოდა მას ძლიერ და ეუბნებოდა: ჩემი ასული კვდება, გთხოვ, მოდი და ხელი დაადე მას, რათა განიკურნოს და იცოცხლოს.
24და წავიდა იესო მასთან და მიჰყვებოდა მას დიდძალი ხალხი და ავიწროებდნენ მას.
25და ვიღაც დედაკაცს ჰქონდა სისხლდენა თორმეტი წელი,
26და ბევრი იტანჯა მრავალი მკურნალისგან და დახარჯა, რაც ჰქონდა, ყველაფერი და არაფერმა არგო, არამედ უფრო უარესად გახდა.
27და როდესაც გაიგონა იესოს შესახებ, მივიდა მასთან ხალხში, ზურგიდან და შეეხო მის სამოსს,
28რადგან ამბობდა თავის გულში: მის სამოსსაც რომ შევეხო, განვიკურნები.
29და როდესაც შეეხო, მყისვე გაუშრა მას სისხლის წყარო და იგრძნო სხეულით, რომ განიკურნა სატკივრისაგან;
30ხოლო თვით იესომ მყისვე გულისხმაყო თავისგან გასული ძალა, მიბრუნდა ხალხში და თქვა: ვინ შეეხო ჩემს სამოსს?
31და ეუბნებოდნენ მას მისი მოწაფეები: ხედავ ხალხს, რომელიც გავიწროებს შენ და ამბობ: ვინ შემეხო მე?
32და მიმოიხედა გარშემო, რომ დაენახა, ვინ გააკეთა ეს;
33ხოლო დედაკაცი შეშინდა და აკანკალდა; იცოდა, რაც მოხდა, მივიდა და დავარდა მის წინაშე და უთხრა მთელი სიმართლე;
34ხოლო მან უთხრა მას: ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა შენ; წადი მშვიდობით, განკურნებული ხარ შენი სატკივრისგან.
35და როდესაც იგი ჯერ კიდევ ამას ამბობდა, მოვიდნენ შესაკრებლის მთავრისგან და უთხრეს: შენი ასული მოკვდა; რაღას აწუხებ მოძღვარს?
36ხოლო იესომ, როცა გაიგონა ეს სიტყვა, უთხრა შესაკრებლის მთავარს: ნუ გეშინია, მხოლოდ გწამდეს.
37და არავის დართო ნება, რომ მას გაჰყოლოდა, გარდა პეტრესი და იაკობისა და იოანესი, იაკობის ძმისა.
38და მივიდა შესაკრებლის მთავრის სახლში და იხილა შფოთი და ტიროდნენ და ყვიროდნენ ძლიერ.
39და შევიდა და უთხრა მათ: რად შფოთავთ და ტირით? ბავშვი არ მომკვდარა, არამედ სძინავს.
40და ისინი დასცინოდნენ მას; ხოლო მან გამოყარა ყველა და შეიყვანა მამა ბავშვისა და დედა და თავისთან მყოფნი და შევიდა, სადაც ბავშვი იწვა.
41და მოჰკიდა ხელი ბავშვს და უთხრა მას: ტალითა, კუმი! — რაც ითარგმნება: გოგონა, შენ გეუბნები, ადექი!
42და მყისვე ადგა გოგონა და გაიარა, რადგან იყო თორმეტიოდე წლისა, და გაოგნდნენ დიდი გაოგნებით.
43და უბრძანა მათ მრავალგზის, რათა არავის გაეგო ეს; და უთხრა, რომ მიეცათ მისთვის საჭმელი.
Next