თავი - 4
Previous1და კვლავ დაიწყო სწავლება ზღვის პირას და შეიკრიბა მასთან უამრავი ხალხი, ისე რომ იგი ავიდა და ჩაჯდა ნავში, ზღვაზე, და მთელი ხალხი ზღვის პირას, მიწაზე იდგა.
2და ასწავლიდა მათ იგავებით ბევრს და ეუბნებოდა მათ თავისი სწავლებისას:
3ისმინეთ: აჰა, გამოვიდა მთესველი დასათესად.
4და იყო, თესვისას ზოგი დავარდა გზასთან და მივიდნენ ფრინველები და შეჭამეს იგი;
5და სხვა დავარდა კლდოვანზე, სადაც არ იყო ბევრი მიწა, და მყისვე აღმოცენდა, რადგან არ ჰქონდა მიწას სიღრმე;
6და მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა და, რადგან არ ჰქონდა ფესვი, გახმა;
7და სხვა ჩავარდა ეკლებში და ამოვიდა ეკლები და მოაშთო იგი და ნაყოფი ვერ გამოიღო;
8და სხვა დავარდა კარგ მიწაზე და იძლეოდა ნაყოფს, რომელიც აღმოცენდებოდა და იზრდებოდა, და გამოჰქონდა ერთი ოცდაათად და ერთი — სამოცად და ერთი — ასად;
9და ეუბნებოდა: ვისაც აქვს ყურები სასმენად, ისმინოს!
10და როდესაც იყო მარტო, ჰკითხეს მას, ვინც მის გარშემო იყვნენ იმ თორმეტთან ერთად, იგავებზე;
11და ეუბნებოდა მათ: თქვენთვის მოცემულია საიდუმლო ღვთის სასუფევლისა, ხოლო მათთვის, გარეშეთათვის, ყველაფერი იგავებით ითქმება;
12ისე რომ, ხედვით ხედავენ და არ ხედავენ და სმენით ისმენენ და არ ესმით, რომ არ მოიქცნენ და არ მიეტეოთ მათ ცოდვები (ეს.6,9-10).
13და უთხრა მათ: არ იცით ეს იგავი? და როგორ გაიგებთ ყველა იგავს?
14მთესველი სიტყვას თესავს.
15ხოლო ესენი არიან, რომლებიც გზასთან არიან, სადაც ითესება სიტყვა და, როდესაც ისმენენ, მყისვე მოდის სატანა და ართმევს სიტყვას, დათესილს მათ გულში;
16და ესენი არიან კლდოვანზე დათესილნი, რომლებიც, როდესაც ისმენენ სიტყვას, მყისვე სიხარულით იღებენ
17და არა აქვთ ფესვი თავის თავში, არამედ დროებითნი არიან; და როცა იქნება გაჭირვება ან დევნა ამ სიტყვის გამო, მყისვე დაბრკოლდებიან;
18და ესენი არიან ეკლებში დათესილნი, რომლებიც სიტყვას ისმენენ,
19და ამ სოფლის საზრუნავი და სიმდიდრის საცდური და სხვა გულისთქმები შედიან და აშთობენ სიტყვას და უნაყოფო ხდება;
20და ესენი არიან კარგ მიწაზე დათესილნი, რომლებიც ისმენენ სიტყვას და იღებენ და გამოაქვთ ნაყოფი: ერთი — ოცდაათად და ერთი — სამოცად და ერთი — ასად.
21და ეუბნებოდა მათ: განა მოაქვთ სანთელი, რომ საწყაოს ქვეშ დადგან ან სარეცლის ქვეშ? განა სასანთლეზე არ დგამენ?
22რადგან არ არის საიდუმლო, რომელიც არ გაცხადდება, არც იქნება დაფარული, არამედ მოვა გაცხადებულად.
23ვისაც აქვს ყურები სასმენად, ისმინოს
24და ეუბნებოდა მათ: იხილეთ, რაც გესმით რა საწყაოთიც მიუწყავთ, მოგეწყვებათ თქვენ და შეგემატებათ თქვენ, რომლებიც ისმენთ;
25რადგან ვისაც აქვს, მიეცემა მას და ვისაც არა აქვს, რაც აქვს, წაერთმევა მას.
26და ეუბნებოდა: ისეა სასუფეველი ღვთისა, კაცი რომ აგდებს თესლს მიწაში
27და იძინებს და დგება ღამით და დღისით და თესლი აღმოცენდება და იზრდება ისე, რომ არ იცის მან,
28რადგან მიწას თავისთავად გამოაქვს ნაყოფი: პირველად — ღერო, შემდეგ — თავთავი, შემდეგ სავსე ხორბალი თავთავში;
29ხოლო როცა დამწიფდება ნაყოფი, მაშინვე გზავნის ნამგალს, რადგან დადგა მკა.
30და ამბობდა: რას ვამსგავსოთ სასუფეველი ღვთისა? რომელი იგავი მივუსადაგოთ მას?
31როგორც მდოგვის მარცვალი, რომელიც, როცა ითესება მიწაზე, მცირეა ყველა თესლზე, რაც არის ქვეყანაზე,
32და როდესაც ითესება, ამოდის და ხდება ყველა მხალზე უფრო დიდი და გამოიღებს დიდ რტოებს, ისე რომ შეძლებენ მის ჩრდილქვეშ ცის ფრინველები დაბუდებას.
33და მრავალი ასეთი იგავით ეუბნებოდა მათ სიტყვას, რამდენადაც შეეძლოთ მოსმენა.
34და იგავის გარეშე არაფერს ეუბნებოდა მათ, ხოლო თავის მოწაფეებს ცალკე განუმარტავდა ყველაფერს.
35და უთხრა მათ იმ დღეს, როდესაც მოსაღამოვდა: გავიდეთ გაღმა.
36და გაუშვეს ხალხი და წაიყვანეს იგი, როგორც იყო ნავში, და სხვა ნავებიც, რომლებიც იყო მასთან.
37და იყო დიდი ქარიშხალი და ტალღები ეხეთქებოდა ნავს ისე, რომ უკვე ივსებოდა ნავი.
38და თვითონ იყო კიჩოზე და სასთუმალზე ეძინა. და გააღვიძეს იგი და უთხრეს: მოძღვარო, არ გედარდება შენ, რომ ვიღუპებით?
39და გაიღვიძა და შერისხა ქარი და უთხრა ზღვას: დადუმდი, დაწყნარდი და დაცხრა ქარი და დადგა დიდი მყუდროება.
40და უთხრა მათ: რატომ შეშინდით? როგორ არა გაქვთ რწმენა?
41და შეეშინდათ დიდი შიშით და ეუბნებოდნენ ერთმანეთს: ვინ არის ეს, რომ ქარიც და ზღვაც ემორჩილებიან მას?
Next