თავი - 3
Previous1და შევიდა კვლავ შესაკრებელში; და იყო იქ კაცი, რომელსაც გამხმარი ჰქონდა ხელი.
2და უთვალთვალებდნენ მას, შაბათს თუ განკურნავდა, რათა დაესმინათ იგი.
3და უთხრა კაცს, რომელსაც გამხმარი ჰქონდა ხელი: ადექი და დადექი შუაში!
4და უთხრა მათ: მართებულია შაბათს სიკეთის კეთება, თუ ბოროტების კეთება, სულის ცხონება, თუ დაღუპვა? ხოლო ისინი დუმდნენ.
5და შეხედა მათ რისხვით და შეწუხებულმა მათი გულქვაობით, უთხრა კაცს: გაშალე შენი ხელი, და გაშალა და აღუდგა მას ხელი.
6და როდესაც გამოვიდნენ ფარისევლები, მაშინვე ბჭობა გამართეს ჰეროდიანებთან მის წინააღმდეგ, თუ როგორ დაეღუპათ იგი;
7ხოლო იესო თავის მოწაფეებთან ერთად გაშორდა მათ და წავიდა ზღვისკენ; და მრავალი ხალხი გაჰყვა მას გალილეიდან და ჰურიასტანიდან
8და იერუსალიმიდან და იდუმეიდან და იორდანის გაღმიდან და ტვიროსისა და სიდონის მხარიდან; და ძალიან ბევრი, ვინც გაიგო, რასაც აკეთებდა, მივიდა მასთან.
9და უთხრა თავის მოწაფეებს, რომ ნავი გაემზადებინათ მისთვის ხალხის გამო, რათა არ შეევიწროებინათ იგი;
10რადგან მრავალი განკურნა, ამიტომ ზედ აწყდებოდნენ მას, რათა შეხებოდნენ, რომლებიც უძლურებაში იყვნენ.
11და არაწმინდა სულები, როცა ხედავდნენ მას, ეცემოდნენ მის წინ, ღაღადებდნენ და ამბობდნენ: შენ ხარ ძე ღვთისა!
12და ძლიერ გაკიცხა ისინი, რათა არ გაეცხადებინათ იგი.
13და ავიდა მთაზე და მოუწოდა მათ, ვინც მას უნდოდა. და მივიდნენ მასთან.
14და დაადგინა თორმეტი, რათა ყოფილიყვნენ მასთან და გაეგზავნა ისინი საქადაგებლად.
15და ჰქონოდათ ხელმწიფება ეშმაკთა განდევნისა;
16და დაარქვა სახელი სიმონს — პეტრე
17და იაკობ ზებედესას და იოანეს, იაკობის ძმას, მათაც დაარქვა სახელები, ბანერგესი, რაც არის ძენი ქუხილისა.
18ანდრიას და ფილიპეს, ბართლომეს და მათეს, თომას იაკობ ალფესას, თადეოზსა და სიმონ კანანელს
19და იუდა ისკარიოტელს, რომელმაც გასცა იგი.
20და მივიდნენ სახლში და შეიკრიბა კვლავ ხალხი, ისე რომ ვერ შეძლეს მათ პურის ჭამაც.
21და გაიგეს მისიანებმა და გამოვიდნენ მის შესაპყრობად, რადგან ამბობდნენ, რომ შეიშალა.
22და მწიგნობრები, რომლებიც იერუსალიმიდან იყვნენ ჩამოსულნი, ამბობდნენ: ბელზებული არის მასთან და ეშმაკთა მთავრით დევნის ეშმაკებს.
23და მოუხმო მათ და იგავებით ეუბნებოდა: როგორ შეუძლია სატანას სატანის განდევნა?
24და თუ სამეფო თავის თავში გაიყოფა, ვერ შეძლებს დგომას ის სამეფო;
25და თუ სახლი თავის თავში გაიყოფა, ვერ შეძლებს ის სახლი დგომას;
26და თუ სატანა აღუდგა თავის თავს და გაიყო, ვერ შეძლებს დგომას, არამედ აღსასრული დაუდგა.
27არავის შეუძლია შესვლა ძლიერის სახლში და მისი ქონების გატაცება, თუ ჯერ ძლიერს არ შეკრავს, და მაშინღა გაძარცვავს მის სახლს.
28ამინ გეუბნებით თქვენ, რომ ყველაფერი მიეტევებათ ადამიანთა ძეებს, ცოდვა და გმობა, რამდენსაც უნდა გმობდნენ,
29ხოლო ვინც დაგმობს სულიწმიდას, არა აქვს მიტევება უკუნისამდე, არამედ ღირსია საუკუნო სასჯელისა;
30რადგან ამბობდნენ: არაწმინდა სული არის მასთან.
31და მივიდნენ დედა მისი და ძმები და გარეთ დადგნენ და შეაგზავნეს მასთან და უხმობდნენ მას.
32და ისხდა მის გარშემო ხალხი და უთხრეს მას: აჰა, დედა შენი და შენი ძმები გარეთ გეძებენ შენ.
33და მიუგო მათ და უთხრა: ვინ არის დედა ჩემი ან ჩემი ძმები?
34და გადახედა თავის გარშემო მსხდომთ და უთხრა: აჰა, დედა ჩემი და ჩემი ძმები, —
35რადგან ვინც აღასრულებს ღვთის ნებას, ის არის ჩემი ძმა და ჩემი და, და დედა ჩემი.
Next