Eleos

Contents

თავი - 2

Previous
1და შევიდა კვლავ კაპერნაუმში რამდენიმე დღის შემდეგ და გაიგეს, რომ სახლშია.
2და მაშინვე შეიკრიბნენ ბევრნი, ისე რომ აღარ იყო ტევა კარის წინაც კი, და ეუბნებოდა მათ სიტყვას.
3და მივიდნენ მასთან და მიიყვანეს დავრდომილი, რომელიც მოჰყავდა ოთხს;
4და რადგან ვერ შეძლეს მიახლოება მასთან ხალხის გამო, მოხადეს სახურავი სახლს, სადაც იყო იგი, გათხარეს და ჩაუშვეს საწოლი, რომელზეც იწვა დავრდომილი.
5და იხილა იესომ მათი რწმენა და უთხრა დავრდომილს: შვილო, მოგეტეოს შენ შენი ცოდვები.
6ხოლო იყო იქ ზოგი მწიგნობართაგანი, იჯდა და ფიქრობდა თავის გულში:
7რად ამბობს ეს ასე? გმობს; ვის შეუძლია ცოდვების მიტევება, თუ არა მხოლოდ ღმერთს?
8და მყისვე გულისხმაყო იესომ თავისი სულით, რომ ასე ფიქრობდნენ თავის გულში და უთხრა მათ: რად ფიქრობთ მაგას თქვენს გულში?
9რა უფრო ადვილია, თქმა დავრდომილისთვის: მოგეტევა შენ ცოდვები, თუ თქმა: ადექი, აიღე შენი საწოლი და იარე?
10ხოლო რათა იცოდეთ, რომ ხელმწიფება აქვს ძეს კაცისას ქვეყანაზე ცოდვების მიტევებისა, უთხრა დავრდომილს:
11შენ გეუბნები, ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი შენს სახლში!
12და ადგა და მაშინვე აიღო საწოლი და გამოვიდა ყველას წინაშე, ისე რომ გაოგნდა ყველა და ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: ამგვარი რამ არასოდეს გვიხილავს.
13და გავიდა კვლავ ზღვის პირას და მთელი ხალხი მიდიოდა მასთან და ასწავლიდა მათ.
14და როდესაც გაიარა, იხილა ლევი, ალფესი, მჯდომარე საზვერეში, და უთხრა მას: გამომყევი მე. და ადგა და გაჰყვა მას.
15და იყო, როდესაც ინახით იჯდა იგი მის სახლში, მრავალი მეზვერე და ცოდვილი იჯდა თანამეინახედ იესოსთან და მის მოწაფეებთან, რადგან ბევრნი იყვნენ და მიჰყვებოდნენ მას.
16და მწიგნობრებმა და ფარისევლებმა, როდესაც ნახეს იგი, რომ მეზვერეებთან და ცოდვილებთან ჭამდა, უთხრეს მის მოწაფეებს: რატომ ჭამს და სვამს მეზვერეებთან და ცოდვილებთან?
17და გაიგონა იესომ და უთხრა მათ: არ სჭირდებათ მკურნალი ჯანმრთელებს, არამედ ავადმყოფებს; არ მოვსულვარ მოსაწოდებლად მართალთა, არამედ ცოდვილთა.
18და როდესაც მარხულობდნენ იოანეს და ფარისეველთა მოწაფეები, მივიდნენ და უთხრეს მას: რატომ მარხულობენ იოანეს და ფარისეველთა მოწაფეები, ხოლო შენი მოწაფეები არ მარხულობენ?
19და უთხრა მათ იესომ: განა შეუძლიათ ქორწილის ძეებს მარხვა, ვიდრე სიძე არის მათთან? ვიდრე სიძე არის მათთან, არ შეუძლიათ მარხვა,
20ხოლო მოვა დღეები, როცა წაიყვანენ მათგან სიძეს და მაშინ იმარხულებენ, იმ დღეებში.
21არავინ ადებს ახალი ნაჭრის საკერებელს ძველ სამოსს, თორემ დაარღვევს ახალი ძველის მთლიანობას და უფრო დაიხევა.
22და არავინ ასხამს ახალ ღვინოს ძველ თხიერებში, თორემ გახეთქავს ახალი ღვინო თხიერებს და ღვინო დაიღვრება და თხიერები უვარგისი გახდება, არამედ ახალ ღვინოს ახალ თხიერებში ასხამენ.
23და იყო, როდესაც მიდიოდა იგი შაბათს ნათესებში, მისმა მოწაფეებმა დაიწყეს გზად თავთავების მოწყვეტა.
24და ფარისევლები ეუბნებოდნენ მას: ნახე, იმას აკეთებენ შაბათს, რაც არ არის მართებული?
25და მან უთხრა მათ: არასოდეს ამოგიკითხავთ, რა გააკეთა დავითმა, როდესაც დასჭირდა, როცა მოშივდათ მას და მასთან მყოფებს?
26როგორ შევიდა ღვთის სახლში აბიათარის მღვდელმთავრობისას და შესაწირავი პურები შეჭამა, რომელთა ჭამაც არ იყო მართებული არავისთვის, მღვდლების გარდა, და მისცა იმათაც, ვინც მასთან იყო?
27და ეუბნებოდა მათ: შაბათი კაცისათვის შეიქმნა და არა კაცი — შაბათისათვის.
28ასე რომ, ძე კაცისა უფალი არის შაბათისაც.
Next