Eleos

Contents

თავი - 1

Previous
1დასაწყისი სახარებისა იესო ქრისტესი, ძისა ღვთისა.
2როგორც წერია წინასწარმეტყველებთან: აჰა, მე მივავლენ ჩემს ანგელოზს შენი პირის წინაშე, რომელიც გაამზადებს შენს გზას შენ წინაშე (მალ.3,1).
3ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: გაამზადეთ გზა უფლისა და გამართეთ მისი ბილიკები (ეს.40,3).
4იყო იოანე და ნათელს სცემდა უდაბნოში და ქადაგებდა სინანულის ნათლისღებას ცოდვათა მისატევებლად.
5და გადიოდა მასთან ჰურიასტანის მთელი ქვეყანა და ყველა იერუსალიმელი და ნათელს იღებდნენ ყველანი მისგან მდინარე იორდანეში და აღიარებდნენ თავის ცოდვებს.
6და იყო იოანე შემოსილი აქლემის ბეწვით და ტყავის სარტყელი ჰქონდა მას წელზე და ჭამდა კალიასა და ველურ თაფლს,
7და ქადაგებდა და ამბობდა: მოდის ჩემზე ძლიერი ჩემ შემდეგ, ვის წინაშეც არა ვარ ღირსი, მოვიდრიკო და გავხსნა მის ხამლთა თასმები.
8მე ნათელი გეცით თქვენ წყლით, ხოლო იგი ნათელს გცემთ თქვენ სულიწმიდით.
9და იყო, იმ დღეებში მოვიდა იესო გალილეის ნაზარეთიდან და ნათელი მიიღო იოანესგან იორდანეში.
10და მყისვე, წყლიდან ამოსვლისას, იხილა ცანი გახსნილნი და სული, როგორც მტრედი, გადმომავალი მასზე.
11და ხმა იყო ზეციდან: შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, შენ სათნო ხარ ჩემთვის.
12და მაშინვე გაიყვანა სულმა იგი უდაბნოში.
13და იყო იქ ორმოცი დღე და გამოიცდებოდა სატანისგან და იყო მხეცებთან და ანგელოზები ემსახურებოდნენ მას.
14ხოლო იოანეს შეპყრობის შემდეგ მივიდა იესო გალილეაში და ქადაგებდა სახარებას ღვთის სასუფევლისას
15და ამბობდა: აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა სასუფეველი ღვთისა; შეინანეთ და გწამდეთ სახარება.
16და როდესაც მიდიოდა გალილეის ზღვის პირას, იხილა სიმონი და ანდრია, ძმა მისი, რომლებიც ისროდნენ ბადეს ზღვაში, რადგან იყვნენ მებადურები.
17და უთხრა მათ იესომ: მოდით და შემომიდექით მე და გაქცევთ თქვენ კაცთა მებადურებად.
18და მყისვე დატოვეს ბადეები და გაჰყვნენ მას.
19და ცოტა რომ გაიარა, იხილა იაკობ ზებედესი და იოანე, ძმა მისი; ისინიც ამზადებდნენ ბადეებს ნავში.
20და მყისვე უხმო მათ. და მათ დატოვეს თავისი მამა, ზებედე, ნავში მუშებთან და გაჰყვნენ მას,
21და შევიდნენ კაპერნაუმში, და მაშინვე, შაბათს, შევიდა შესაკრებელში და ასწავლიდა.
22და განცვიფრებული იყვნენ მისი მოძღვრებით, რადგან ასწავლიდა მათ, როგორც ხელმწიფების მქონე და არა როგორც მწიგნობრები.
23და იყო მათ შესაკრებელში კაცი, არაწმინდა სულით შეპყრობილი, და შეჰყვირა
24და თქვა: ეჰა, რა გინდა ჩვენგან შენ, იესო ნაზარეველო? მოხვედი ჩვენს წარსაწყმედად? გიცნობთ შენ, ვინ ხარ, წმიდა ღვთისა.
25და შერისხა იგი იესომ და უთხრა გაჩუმდი და გადი მაგისგან
26და დაანარცხა იგი არაწმინდა სულმა და იყვირა დიდი ხმით და გავიდა მისგან.
27და გაოცდა ყველა, ისე რომ კამათობდნენ ერთმანეთში და ამბობდნენ: ვინ არის ეს? რა არის ეს ახალი მოძღვრება, რომ ხელმწიფებით არაწმინდა სულებსაც უბრძანებს და ემორჩილებიან მას?
28და გავრცელდა მისი ამბავი მყისვე გალილეის მთელ შემოგარენში.
29და მაშინვე გამოვიდა შესაკრებლიდან და მივიდა სიმონისა და ანდრიას სახლში. იაკობთან და იოანესთან ერთად.
30ხოლო სიმონის სიდედრი იწვა ცხელებით და მაშინვე უთხრეს მას მის შესახებ.
31და მივიდა და მოჰკიდა ხელი და ააყენა იგი; და მყისვე დატოვა იგი ცხელებამ და ემსახურებოდა მათ.
32ხოლო როცა მოსაღამოვდა, მზის ჩასვლისას, მოჰყავდათ მასთან ყველა ავადმყოფი და ეშმაკეული
33და მთელი ქალაქი შეკრებილი იყო კარების წინ.
34და განკურნა მრავალი ავადმყოფი. სხვადასხვა სენისგან და მრავალი ეშმაკი განდევნა, და არ ანებებდა ეშმაკებს თქმას, რომ იცოდნენ, რომ იგია ქრისტე.
35და განთიადისას, რიჟრაჟზე, ადგა და გამოვიდა და მივიდა უდაბურ ადგილას და იქ ლოცულობდა.
36და მისდევდნენ. მას სიმონი და ვინც მასთან იყო.
37და იპოვეს იგი და უთხრეს მას: ყველანი გეძებენ შენ.
38და უთხრა მათ: მოდით, წავიდეთ მახლობელ დაბა-ქალაქებში, რომ იქაც ვიქადაგო, რადგან ამისთვის მოვედი.
39და ქადაგებდა მათ შესაკრებლებში მთელ გალილეაში და ეშმაკებს დევნიდა.
40მივიდა მასთან კეთროვანი და ევედრებოდა მას მუხლმოდრეკილი და ეუბნებოდა: თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი განწმენდა,
41ხოლო იესოს შეებრალა, გაიწოდა ხელი და შეახო მას და უთხრა: მნებავს, განიწმინდე.
42და როდესაც ეს თქვა, მაშინვე მოშორდა მას კეთრი და განიწმინდა.
43და მკაცრად მიმართა მას და მაშინვე გააგდო იგი
44და უთხრა მას: იცოდე, არავის არაფერი უთხრა, არამედ წადი და უჩვენე შენი თავი მღვდელს და შესწირე შენი განწმენდისათვის, რაც ბრძანა მოსემ მათთვის დასამოწმებლად;
45ხოლო როდესაც იგი გამოვიდა, დაიწყო ბევრი ქადაგება და გავრცელება სიტყვისა, ისე რომ აღარ შეეძლო მას ცხადად ქალაქში შესვლა, არამედ გარეთ, უდაბურ ადგილებში, იმყოფებოდა და მიდიოდნენ მასთან ყოველი მხრიდან.
Next