თავი - 28
Previous1ხოლო შაბათს, გვიან, როდესაც თენდებოდა ერთშაბათი, მივიდა მარიამ მაგდალელი, და სხვა მარიამი საფლავის სანახავად.
2და აჰა, იყო დიდი მიწისძვრა, რადგან უფლის ანგელოზი გადმოვიდა ზეციდან, მივიდა და გადააგორა ლოდი საფლავის კარიდან და დაჯდა მასზე.
3და იყო მისი სახე როგორც ელვა, და მისი სამოსი თეთრი როგორც თოვლი.
4და მისი შიშით შეძრწუნდნენ მცველები და გახდნენ როგორც მკვდრები.
5მიუგო ანგელოზმა და უთხრა დედაკაცებს: ნუ გეშინიათ თქვენ, რადგან ვიცი, რომ იესოს, ჯვარცმულს, ეძებთ.
6არ არის აქ, რადგან აღდგა, როგორც თქვა. მოდით და იხილეთ ადგილი, სადაც ესვენა უფალი;
7და სწრაფად წადით და უთხარით მის მოწაფეებს, რომ აღდგა მკვდრეთით, და აჰა, წინ გიძღვით თქვენ გალილეაში; იქ იხილავთ მას; აჰა, გითხარით თქვენ.
8და გამოვიდნენ სწრაფად საფლავიდან შიშით და დიდი სიხარულით და მირბოდნენ, რომ ეუწყებინათ მისი მოწაფეებისთვის.
9და როდესაც მიდიოდნენ, რომ ეუწყებინათ მისი მოწაფეებისათვის, აჰა, იესო შეხვდა მათ და უთხრა: გიხაროდეთ! ხოლო ისინი მივიდნენ და მოეხვივნენ ფეხებზე და თაყვანი სცეს მას.
10მაშინ უთხრა მათ იესომ: ნუ გეშინიათ, წადით და აუწყეთ ჩემს ძმებს, რომ წავიდნენ გალილეაში, და იქ მიხილავენ მე.
11და როდესაც ისინი წავიდნენ, აჰა, ზოგიერთი მის მცველთაგან შევიდა ქალაქში და აუწყა მღვდელმთავრებს ყოველივე, რაც მოხდა,
12ხოლო ისინი შეიკრიბნენ უხუცესებთან ერთად და ბჭობა გამართეს და დიდძალი ვერცხლი მისცეს ჯარისკაცებს
13და უთხრეს: თქვით, რომ მისი მოწაფეები ღამე მოვიდნენ და მოიპარეს იგი, ვიდრე ჩვენ გვეძინა;
14და თუ გაიგო ეს მმართველმა, ჩვენ დავარწმუნებთ მას და თქვენ საზრუნავი არ გექნებათ;
15ხოლო მათ აიღეს ვერცხლი და მოიქცნენ ისე, როგორც იყვნენ დარიგებულნი და გავრცელდა ეს სიტყვა ჰურიათა შორის დღევანდელ დღემდე;
16ხოლო თერთმეტი მოწაფე წავიდა გალილეაში, იმ მთაზე, სადაც უბრძანა მათ იესომ.
17და იხილეს იგი და თაყვანი სცეს მას, ხოლო ზოგი დაეჭვდა.
18და მოვიდა იესო, ეუბნებოდა მათ და უთხრა: მომეცა მე მთელი ხელმწიფება ცაში და ქვეყანაზე;
19წადით და დაიმოწაფეთ ყველა წარმართი და ნათელი ეცით მათ მამისა ძისა და და სულიწმიდის სახელით;
20და ასწავლეთ მათ, დაიცვან ყოველივე, რაც გამცნეთ თქვენ. და აჰა, მე თქვენთან ვარ ყოველდღე საუკუნეთა დასასრულამდე. ამინ.
Next