Eleos

Contents

თავი - 27

Previous
1და როდესაც გათენდა, ბჭობა გამართა ყველა მღვდელმთავარმა და ერის უხუცესმა იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი;
2და შეკრეს იგი, წაიყვანეს და გადასცეს პონტოელ პილატეს, მმართველს.
3მაშინ, როდესაც ნახა იუდამ, მისმა გამცემმა, რომ მსჯავრი დასდეს, ინანა და დაუბრუნა ოცდაათი ვერცხლი მღვდელმთავრებსა და უხუცესებს
4და თქვა: შევცოდე, რადგან გავეცი მართალი სისხლი. ხოლო მათ უთხრეს: ჩვენ რა? შენ ნახე.
5და დაყარა ვერცხლი ტაძარში, გაშორდა და წავიდა და თავი ჩამოიხრჩო;
6ხოლო მღვდელმთავრებმა აიღეს ვერცხლი და თქვეს: არ არის მართებული ამის დადება საგანძურში, რადგან სისხლის საფასურია.
7და ბჭობა გამართეს და იყიდეს იმით მექოთნის მიწა უცხოთა დასამარხად.
8ამიტომ ეწოდა იმ მიწას სისხლის მიწა დღევანდელ დღემდე.
9მაშინ აღსრულდა თქმული იერემია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: და აიღეს ოცდაათი ვერცხლი, ფასი: შეფასებულისა, რომელიც შეფასდა ისრაელის ძეების მიერ,
10და მისცეს იგი მექოთნის მიწაში, როგორც მიბრძანა მე უფალმა (იერ.18,2; 32,7-9; ზაქ.11,13).
11ხოლო იესო დადგა მმართველის წინაშე; და ჰკითხა მას მმართველმა და უთხრა: შენა ხარ მეფე იუდეველთა? ხოლო იესომ უთხრა: შენ ამბობ.
12და როდესაც ბრალი დასდეს მას მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა, არაფერი მიუგო.
13მაშინ უთხრა მას პილატემ: არ გესმის, რამდენს მოწმობენ შენ წინააღმდეგ?
14და არ უპასუხა მას არც ერთ სიტყვაზე, ისე რომ ძლიერ უკვირდა მმართველს;
15ხოლო დღესასწაულზე ჩვეულება ჰქონდა მმართველს: ათავისუფლებდა ხალხისთვის ერთ პატიმარს, რომელსაც ისურვებდნენ.
16და ჰყავდათ მაშინ ერთი ცნობილი პატიმარი, რომელსაც ერქვა ბარაბა.
17და როდესაც შეკრებილები იყვნენ ისინი, უთხრა მათ პილატემ: ვინ გინდათ, რომ გაგითავისუფლოთ თქვენ: ბარაბა თუ იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე? —
18რადგან იცოდა, რომ შურის გამო გადასცეს იგი.
19და როდესაც დაჯდა იგი მსაჯულის ტახტზე, გაგზავნა მასთან მისმა ცოლმა და უთხრა: ნურაფერი იქნება შენსა და მაგ მართალს შორის, რადგან ჩვენებით ბევრი ვიტანჯე დღეს მის გამო.
20ხოლო მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა დაარწმუნეს ხალხი, რათა გამოეთხოვათ ბარაბა, ხოლო იესო დაეღუპათ.
21მიუგო მმართველმა და უთხრა მათ: ვინ გინდათ ამ ორთაგან, რომ გაგითავისუფლოთ თქვენ? ხოლო მათ უთხრეს: ბარაბა.
22უთხრა მათ პილატემ: რა ვუყო იესოს, რომელსაც ჰქვია ქრისტე? უთხრა მას ყველამ: ჯვარს ეცვას!
23ხოლო მმართველმა უთხრა მათ: და რა ბოროტება ჩაიდინა? ხოლო ისინი უფრო მეტად ყვიროდნენ და ამბობდნენ: ჯვარს ეცვას
24როდესაც ნახა პილატემ, რომ ვერაფერს შველოდა, არამედ უფრო მატულობდა შფოთი, აიღო წყალი და დაიბანა ხელები ხალხის წინაშე და თქვა: უდანაშაულო ვარ ამ მართლის სისხლში, თქვენ ნახეთ.
25და მიუგო მთელმა ერმა და უთხრა: სისხლი მაგისი ჩვენზე და ჩვენს შვილებზე!
26მაშინ გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესოს შოლტით სცემა და გადასცა, რათა ჯვარცმულიყო.
27მაშინ მმართველის ჯარისკაცებმა წაიყვანეს იესო პრეტორიუმში და შეკრიბეს მის წინააღმდეგ მთელი მხედრობა
28და გახადეს მას და მეწამული ქლამიდით შემოსეს იგი.
29და დაწნეს გვირგვინი ეკლისგან და დაადგეს მას თავზე და ლერწამი მისცეს მარჯვენა ხელში და მუხლი მოიყარეს მის წინაშე. დასცინოდნენ მას და ეუბნებოდნენ: გიხაროდეს, მეფეო იუდეველთა!
30და აფურთხებდნენ მას და აიღეს ლერწამი და ურტყამდნენ მას თავში.
31და როდესაც შეურაცხყვეს იგი, გახადეს მას ქლამიდი და შემოსეს მისივე სამოსით და წაიყვანეს იგი, რათა ჯვარს ეცვათ.
32ხოლო როცა გამოვიდნენ, ნახეს კაცი კვირინელი, სახელად სიმონი; იგი აიძულეს, რომ აეღო მისი ჯვარი.
33და მივიდნენ ადგილზე, რომელსაც ჰქვია გოლგოთა, რაც ნიშნავს თხემის ადგილს.
34მისცეს მას სასმელად ძმარი, ნაღვლით შეზავებული; და როცა იგემა, არ ისურვა დალევა.
35და ჯვარს აცვეს იგი და გაიყვეს მისი სამოსი და იყარეს წილი, რათა აღსრულებულიყო თქმული წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: გაიყვეს სამოსი ჩემი ერთმანეთში და ჩემს კვართზე იყარეს წილი (ფს.21,10)
36და ისხდნენ და სდარაჯობდნენ მას იქ.
37და დადეს მის თავს ზემოთ მისი ბრალდება, დაწერილი: ეს არის იესო, მეფე იუდეველთა.
38მაშინ ჯვარს აცვეს მასთან ერთად ორი ავაზაკი, ერთი — მარჯვნივ და ერთი — მარცხნივ;
39ხოლო გამვლელები გმობდნენ მას, აქნევდნენ თავებს
40და ამბობდნენ: რომელიც ანგრევ ტაძარს და სამ დღეში აშენებ, იხსენი შენი თავი, თუ ძე ხარ ღვთისა, გადმოდი ჯვრიდან.
41ასევე მღვდელმთავრებიც დასცინოდნენ მწიგნობრებთან და უხუცესებთან და ფარისევლებთან ერთად და ამბობდნენ:
42სხვები იხსნა, თავისი თავის ხსნა კი არ ძალუძს; თუ მეფეა ისრაელისა, გადმოვიდეს ახლა ჯვრიდან და ვირწმუნებთ მას.
43თუ ღმერთს იყო მინდობილი, იხსნას ახლა იგი, თუ ნებავს იგი, რადგან თქვა: ღვთის ძე ვარ.
44ასევე ავაზაკებიც, მასთან ერთად ჯვარცმულნი, კიცხავდნენ მას.
45ხოლო მეექვსე ჟამიდან დაბნელდა მთელ ქვეყანაზე მეცხრე ჟამამდე.
46და დაახლოებით მეცხრე ჟამზე შეღაღადა იესომ დიდი ხმით და თქვა: ელი, ელი, ლამა საბაქთანი? ეს არის: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რისთვის დამტოვე მე (ფს.21,2)?
47და ზოგიერთმა იქ მდგომმა გაიგონა და ამბობდა: ელიას უხმობს ეს.
48და მაშინვე გაიქცა ერთი მათგანი და აიღო ღრუბელი, აავსო ძმრით და დააგო ლერწამზე და ასმევდა მას;
49ხოლო დანარჩენები ამბობდნენ: აცალეთ, ვნახოთ, თუ მოვა ელია მის დასახსნელად;
50ხოლო იესომ კვლავ შეღაღადა დიდი ხმით და განუტევა სული.
51და აჰა, კრეტსაბმელი ტაძრისა გაიპო ორად, ზემოდან ქვემოთ, და მიწა შეიძრა და კლდეები დასკდა
52და საფლავები გაიხსნა და მრავალი გვამი განსვენებულ წმიდანთა აღდგა
53და გამოვიდნენ საფლავებიდან მისი აღდგომის შემდეგ, შევიდნენ წმიდა ქალაქში და გამოეცხადნენ მრავალთ;
54ხოლო ასისთავი და ვინც მასთან ერთად სდარაჯობდა იესოს — როცა ნახეს, რომ მიწა იძრა და რაც მოხდა — შეშინდნენ ძლიერ და თქვეს: ჭეშმარიტად ძე ღვთისა იყო იგი.
55და იყო იქ მრავალი დედაკაცი, რომლებიც შორიდან უყურებდნენ და რომლებიც გაჰყვნენ იესოს გალილეიდან და ემსახურებოდნენ მას,
56რომელთა შორის იყვნენ: მარიამ მაგდალელი და მარიამი, იაკობისა და იოსეს დედა, და დედა ზებედეს ძეთა.
57ხოლო როდესაც მოსაღამოვდა, მოვიდა მდიდარი კაცი არიმათიიდან, სახელად იოსები, რომელიც თვითონაც დამოწაფებოდა იესოს.
58იგი მივიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი. მაშინ პილატემ ბრძანა, მიეცათ.
59და აიღო გვამი იოსებმა და გაახვია იგი წმინდა სუდარაში
60და დადო იგი თავის ახალ საფლავში, რომელიც გამოეკვეთა კლდეში; და მიაგორა დიდი ლოდი საფლავის კართან და წავიდა.
61და იყო იქ მარიამ მაგდალელი და სხვა მარიამი, რომლებიც ისხდნენ საფლავის წინ.
62ხოლო მომდევნო დღეს, რომელიც არის პარასკევის შემდეგ, შეიკრიბნენ მღვდელმთავრები და ფარისევლები პილატესთან
63და ეუბნებოდნენ: ბატონო, გაგვახსენდა, რომ იმ მაცდურმა თქვა, სანამ ცოცხალი იყო: სამი დღის შემდეგ აღვდგები, —
64ამიტომ ბრძანე, დაიცვან საფლავი მესამე დღემდე, რომ არ მივიდნენ მისი მოწაფეები ღამით მის მოსაპარად და არ უთხრან ხალხს: აღდგა მკვდრეთით — და იქნება უკანასკნელი საცდური პირველზე უარესი.
65უთხრა მათ პილატემ: გყავთ თქვენ მცველები; წადით და დაიცავით, როგორც იცით,
66ხოლო ისინი წავიდნენ და დაიცვეს საფლავი და დაბეჭდეს ლოდი მცველებთან ერთად.
Next