თავი - 26
Previous1და იყო, როცა დაასრულა იესომ ყველა ეს სიტყვა, უთხრა თავის მოწაფეებს:
2იცით, რომ ორი დღის შემდეგ პასექი იქნება და ძე კაცისა გადაეცემა ჯვარზე საცმელად?
3მაშინ შეიკრიბნენ მღვდელმთავრები და მწიგნობრები და ერის უხუცესები ეზოში მღვდელმთავრისა, რომელსაც ერქვა კაიაფა,
4და განიზრახეს, რომ იესო მზაკვრულად შეეპყროთ და მოეკლათ,
5და ამბობდნენ: არა დღესასწაულზე, რომ შფოთი არ იყოს ერში.
6ხოლო როდესაც იესო იყო ბეთანიაში, სიმონ კეთროვნის სახლში,
7მივიდა მასთან დედაკაცი, რომელსაც ჰქონდა ალაბასტრი ძვირფასი ნელსაცხებლით, და თავზე დაასხა მას, ინახით მჯდომს,
8და როცა დაინახეს მოწაფეებმა, გაკიცხეს და თქვეს: რისთვის იყო ეს ხარჯი?
9რადგან შეიძლებოდა ამ ნელსაცხებლის გაყიდვა ძვირად და მიცემა გლახაკებისთვის.
10ხოლო იესომ გულისხმაყო და უთხრა მათ: რატომ აწუხებთ ამ დედაკაცს? მან კეთილი საქმე გააკეთა ჩემთვის,
11რადგან გლახაკები ყოველთვის თქვენთან არიან, ხოლო მე არა ვარ ყოველთვის თქვენთან,
12რადგან ეს ნელსაცხებელი რომ დაასხა მან ჩემს სხეულს, ჩემს დასამარხად გააკეთა.
13ამინ გეუბნებით თქვენ: სადაც იქადაგება ეს სახარება მთელ ქვეყანაზე, ითქმება, რაც გააკეთა მან თავის მოსახსენებლად.
14მაშინ წავიდა ერთი თორმეტთაგანი, რომელსაც ერქვა იუდა ისკარიოტელი, მღვდელმთავრებთან და უთხრა:
15რას ინებებთ, რომ მომცეთ, თუ მე გადმოგცემთ მას თქვენ? ხოლო მათ მიუთვალეს მას ოცდაათი ვერცხლი.
16და ამიერიდან ეძებდა ხელსაყრელ დროს, რათა გადაეცა იგი მათთვის.
17ხოლო უფუარობის პირველ დღეს მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და უთხრეს მას: სად გინდა, რომ მოგიმზადოთ შენ საჭმელად პასექი?
18ხოლო მან უთხრა: წადით ქალაქში ამა და ამ კაცთან და უთხარით მას: მოძღვარი ამბობს: ჟამი ჩემი ახლოს არის, შენთან აღვასრულებ პასექს ჩემს მოწაფეებთან ერთად.
19და გააკეთეს მოწაფეებმა, როგორც უბრძანა მათ იესომ, და მოამზადეს პასექი.
20და როცა მოსაღამოვდა, ინახით იჯდა თავის თორმეტ მოწაფესთან ერთად.
21და როდესაც ჭამდნენ ისინი, უთხრა: ამინ გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი გამცემს მე;
22ხოლო ისინი შეწუხდნენ ძლიერ; და დაიწყო თითოეულმა და ეუბნებოდა მას: ნუთუ მე ვარ, უფალო?
23ხოლო მან მიუგო და უთხრა: ვინც ჩაყოფს ჩემთან ერთად ხელს ჯამში, ის გამცემს მე.
24ძე კაცისა კი მიდის, როგორც წერია მის შესახებ, ხოლო ვაი იმ კაცს, ვის მიერაც ძე კაცისა გაიცემა. უმჯობესი იქნებოდა მისთვის, რომ არ შობილიყო ის კაცი.
25მიუგო იუდამ, რომელმაც გასცა იგი, და უთხრა: ნუთუ მე ვარ, რაბი? უთხრა მას იესომ: შენ თქვი.
26და როდესაც ისინი ჭამდნენ, აიღო იესომ პური და აკურთხა, გატეხა და მისცა მოწაფეებს და უთხრა: მიიღეთ და ჭამეთ, ეს არის ხორცი ჩემი;
27და აიღო სასმისი და მადლობდა, მისცა მათ და თქვა: სვით ამისგან ყველამ,
28რადგან ეს არის სისხლი ჩემი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დათხეული მისატევებლად ცოდვათა.
29ხოლო გეუბნებით თქვენ: აღარ შევსვამ ამიერიდან ვენახის ამ ნაყოფისგან იმ დღემდე, როცა შევსვამ თქვენთან ერთად ახალს ჩემი მამის სასუფეველში.
30და იგალობეს და გავიდნენ ზეთისხილის მთაზე.
31მაშინ უთხრა მათ იესომ: თქვენ ყველანი დაბრკოლდებით ჩემ მომართ ამ ღამეს, რადგან წერია: დავცემ მწყემსს და განიბნევიან სამწყსოს ცხვრები (საქ.13,7),
32ხოლო ჩემი აღდგომის შემდეგ წაგიძღვებით თქვენ გალილეისკენ.
33მიუგო პეტრემ და უთხრა მას: თუნდაც ყველა დაბრკოლდეს შენ მიმართ, მე არასოდეს დავბრკოლდები.
34უთხრა მას იესომ: ამინ გეუბნები შენ, რომ ამ ღამეს, მამლის ყივილამდე, სამგზის უარმყოფ მე.
35უთხრა მას პეტრემ: თუნდაც მომიწიოს მე შენთან ერთად სიკვდილი, არ უარგყოფ შენ. და ამგვარადვე ამბობდა ყველა მოწაფე.
36მაშინ მივიდა მათთან ერთად იესო ადგილზე, რომელსაც ეწოდება გეთსიმანია, და უთხრა მოწაფეებს: დასხედით მანდ, ვიდრე მივალ და ვილოცებ იქ.
37და წაიყვანა პეტრე და ზებედეს ორი ძე და დაიწყო წუხილი და ურვა.
38მაშინ უთხრა მათ იესომ: მწუხარეა ჩემი სული სიკვდილამდე. გაჩერდით აქ და იფხიზლეთ ჩემთან ერთად.
39და წავიდა ცოტა წინ და დავარდა პირქვე, ლოცულობდა და ამბობდა: მამაო ჩემო, თუ შესაძლებელია, ამერიდოს მე ეს სასმისი; მაგრამ არა როგორც მე მნებავს, არამედ როგორც შენ.
40და მივიდა მოწაფეებთან და ნახა ისინი მძინარე და უთხრა პეტრეს: ეს ვერ შეძელით, ერთხანს გეფხიზლათ ჩემთან ერთად?
41იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ შეხვიდეთ განსაცდელში; სული მხნეა, ხოლო ხორცი — უძლური.
42კვლავ წავიდა მეორედ, ილოცა და ამბობდა: მამაო ჩემო, თუ არ არის შესაძლებელი, ამერიდოს მე ეს სასმისი, რათა არ შევსვა იგი, იყოს ნება შენი.
43და მივიდა და ნახა ისინი კვლავ მძინარე, რადგან მათ თვალები ჰქონდათ დამძიმებული.
44და დატოვა ისინი, კვლავ წავიდა და ილოცა მესამედ და იგივე სიტყვა თქვა.
45მაშინ მივიდა თავის მოწაფეებთან და უთხრა მათ: დაიძინეთ ცოტა კიდევ და დაისვენეთ; აჰა, მოახლოებულია ჟამი და ძე კაცისა გადაეცემა ცოდვილთა ხელში.
46ადექით, წავიდეთ; აჰა, მოახლოვდა ჩემი გამცემი.
47და ვიდრე იგი ამას ამბობდა, აჰა, იუდა, ერთი თორმეტთაგანი, მივიდა და მასთან ერთად დიდძალი ხალხი მახვილებითა და კეტებით მღვდელმთავრებისა და ერის უხუცესებისგან;
48ხოლო მისმა გამცემმა მისცა მათ ნიშანი და უთხრა: ვისაც ვეამბორები, ის არის, შეიპყარით იგი.
49და მაშინვე მივიდა იესოსთან და უთხრა: გიხაროდეს, რაბი. — და ეამბორა მას;
50ხოლო იესომ უთხრა მას: მოყვასო, რისთვის მოხვედი? მაშინ მივიდნენ და დაადეს ხელი იესოს და შეიპყრეს იგი.
51და აჰა, ერთმა, იესოსთან მყოფმა, აღმართა ხელი, იშიშვლა თავისი მახვილი და დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და მოჰკვეთა მას ყური.
52მაშინ უთხრა მას იესომ: დააბრუნე მახვილი თავის ადგილას, რადგან ყველა, ვინც აიღებს მახვილს, მახვილით მოკვდება.
53თუ გგონია, რომ არ შემიძლია, შევევედრო ჩემს მამას და წარმომიდგინოს მე აქ ახლა ანგელოზთა თორმეტ გუნდზე მეტი?
54და როგორღა აღსრულდება წერილი, რომ ასე უნდა მოხდეს?
55იმ დროს უთხრა იესომ ხალხს: როგორც ავაზაკზე, გამოხვედით მახვილებითა და კეტებით ჩემს შესაპყრობად; ყოველდღე თქვენთან ვიჯექი და გასწავლიდით ტაძარში და არ შემიპყარით მე;
56ხოლო ეს ყოველივე მოხდა, რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველთა დაწერილი. მაშინ ყველა მოწაფემ დატოვა იგი და გაიქცა.
57და მათ შეიპყრეს იესო და მიიყვანეს კაიაფა მღვდელმთავართან, სადაც მწიგნობრები და უხუცესები შეკრებილიყვნენ;
58ხოლო პეტრე მიჰყვებოდა მას მოშორებით მღვდელმთავრის ეზომდე და შევიდა შიგნით და დაჯდა მსახურებთან, რომ ენახა დასასრული;
59ხოლო მღვდელმთავრები და უხუცესები და მთელი საკრებულო ეძებდნენ ცრუმოწმობას იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი,
60და ვერ პოულობდნენ. და მრავალი ცრუმოწმე იყო მოსული, მაგრამ ვერ იპოვეს; და ბოლოს მოვიდნენ ორნი
61და თქვეს: ეს ამბობდა: შემიძლია, დავანგრიო ღვთის ტაძარი და სამ დღეში ავაშენო.
62და ადგა მღვდელმთავარი და უთხრა მას: არაფერს მიუგებ იმაზე, რასაც ესენი შენ წინააღმდეგ მოწმობენ?
63ხოლო იესო დუმდა. მღვდელმთავარმა უთხრა მას: გაფიცებ შენ ცოცხალ ღმერთს, რომ გვითხრა ჩვენ, შენ ხარ თუ არა ქრისტე, ძე ღვთისა?
64უთხრა მას იესომ: შენ თქვი. მაგრამ გეუბნებით თქვენ: ამიერიდან იხილავთ ძეს კაცისას, მჯდომარეს ძალის მარჯვნივ და მომავალს ცის ღრუბლებზე.
65მაშინ მღვდელმთავარმა შემოიხია თავისი სამოსი და თქვა: დაგმო, რაღად გვინდა მოწმეები? აჰა, ახლა გაიგონეთ გმობა მისგან.
66თქვენ რას ფიქრობთ? ხოლო მათ მიუგეს და უთხრეს: ღირსია სიკვდილისა!
67მაშინ აფურთხებდნენ მას სახეში და მუშტებს ურტყამდნენ, ხოლო ზოგი ყვრიმალში სცემდა
68და ეუბნებოდა: გვიწინასწარმეტყველე ჩვენ, ქრისტე, ვინ არის, ვინც დაგარტყა შენ?
69ხოლო პეტრე იჯდა გარეთ, ეზოში. და მივიდა მასთან ერთი მხევალი და უთხრა: შენც იყავი იესო გალილეველთან;
70ხოლო მან უარყო ყველას წინაშე და თქვა: არ ვიცი, რას ამბობ.
71და როდესაც გამოდიოდა იგი ჭიშკარში, დაინახა იგი სხვამ და უთხრა იქ მყოფთ: ესეც იყო იესო ნაზორეველთან.
72და ისევ უარყო ფიცით და თქვა: არ ვიცნობ იმ კაცს.
73ხოლო ცოტა ხნის შემდეგ მივიდნენ იქ მდგომნი და უთხრეს პეტრეს ჭეშმარიტად შენც მათგანი ხარ, რადგან შენი ლაპარაკიც გამჟღავნებს შენ.
74მაშინ დაიწყო შეჩვენება და ფიცი: არ ვიცნობ ამ კაცს. — და მყისვე მამალმა იყივლა.
75და გაახსენდა პეტრეს იესოს სიტყვა, რომელიც უთხრა მას: მამლის ყივილამდე სამგზის უარმყოფ მე — და გამოვიდა გარეთ და ტიროდა მწარედ.
Next