თავი - 25
Previous1მაშინ ემსგავსება სასუფეველი ცათა ათ ქალწულს, რომლებმაც აიღეს თავისი ლამპრები და გავიდნენ სიძის მისაგებებლად;
2ხოლო ხუთი მათგანი იყო სულელი და ხუთი — გონიერი.
3სულელებმა აიღეს თავისი ლამპრები და არ წაიღეს თან ზეთი;
4ხოლო გონიერებმა წაიღეს ზეთი ჭურჭლით თავის ლამპრებთან ერთად.
5და რადგან იგვიანებდა სიძე, მიერულა ყველას და დაიძინეს.
6და შუაღამისას ძახილი იყო: აჰა, სიძე მოდის, გამოდით მის მისაგებებლად.
7მაშინ ადგა ყველა ის ქალწული და მოამზადა თავისი ლამპრები;
8ხოლო სულელებმა გონიერებს უთხრეს: მოგვეცით ჩვენ თქვენი ზეთიდან, რადგან ჩვენი ლამპრები ქრება.
9მიუგეს გონიერებმა და უთხრეს: ვაითუ არ გვეყოს ჩვენც და თქვენც; უმჯობესია, წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის.
10და როდესაც წავიდნენ ისინი საყიდლად, მოვიდა სიძე და ვინც მზად იყო, შევიდა მასთან ერთად ქორწილში და დაიხშო კარი.
11ბოლოს მოვიდნენ დანარჩენი ქალწულებიც და ამბობდნენ: უფალო, უფალო, გაგვიღე ჩვენ.
12ხოლო მან მიუგო და უთხრა: ამინ გეუბნებით თქვენ, არ გიცნობთ თქვენ.
13ასე რომ, იფხიზლეთ, რადგან არ იცით დღე, არც ჟამი, როცა ძე კაცისა მოვა.
14რადგან იგი იქნება როგორც კაცი, რომელმაც წასვლისას მოუხმო თავის მონებს და მისცა მათ თავისი ქონება;
15და რომელიღაცას მისცა ხუთი ტალანტი, რომელიღაცას — ორი. ხოლო რომელიღაცას — ერთი ,
16და ვინც ხუთი ტალანტი მიიღო, წავიდა და ასარგებლა იგი და შეჰმატა სხვა ხუთი ტალანტი;
17ასევე, ვინც ორი მიიღო, შეჰმატა სხვა ორიც;
18ხოლო ვინც ერთი მიიღო, წავიდა, ამოთხარა მიწა და დაფლა თავისი ბატონის ვერცხლი.
19დიდი ხნის შემდეგ მოვიდა იმ მონების ბატონი და პასუხი მოსთხოვა მათ.
20და წარუდგა, ვინც ხუთი ტალანტი მიიღო, და მიართვა სხვა ხუთი ტალანტი და უთხრა: ბატონო, ხუთი ტალანტი მომეცი მე, აჰა, სხვა ხუთი ტალანტი შევმატე მას.
21უთხრა მას მისმა ბატონმა: კარგი, მონავ კეთილო და სარწმუნო, მცირედზე სარწმუნო იყავი, მრავალზე დაგადგენ შენ. შედი ბატონის სიხარულში.
22მოვიდა ისიც, ვინც ორი ტალანტი მიიღო და უთხრა: ბატონო, ორი ტალანტი მომეცი მე, აჰა, სხვა ორი ტალანტი შევმატე მას.
23უთხრა მას მისმა ბატონმა: კარგი, მონავ კეთილო და სარწმუნო, მცირედზე სარწმუნო იყავი, მრავალზე დაგადგენ შენ. შედი შენი ბატონის სიხარულში.
24მოვიდა ისიც, ვინც ერთი ტალანტი მიიღო და უთხრა: ბატონო, ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ შენ; იმკი, სადაც არ დაგითესავს და კრებ, სადაც არ დაგიბნევია,
25და შემეშინდა, წავედი და დავმალე შენი ტალანტი მიწაში; აჰა, შენი შენთან არის.
26მიუგო მისმა ბატონმა და უთხრა მას: ბოროტო მონავ და ზარმაცო, იცოდი, რომ ვიმკი, სადაც არ დამითესავს , და ვკრებ, სადაც არ დამიბნევია;
27ამიტომ უნდა მიგეცა შენ ჩემი ვერცხლი ვაჭრებისთვის და, როცა მოვიდოდი, ავიღებდი ჩემსას მონაგებითურთ;
28ამიტომ წაართვით მაგას ეგ ტალანტი და მიეცით, ვისაც აქვს ათი ტალანტი;
29რადგან ყველას, ვისაც აქვს, მიეცემა და მიემატება; ხოლო ვისაც არა აქვს, რაც აქვს, წაერთმევა მას.
30და ეგ ურგები მონა გააგდეთ ბნელ გარესკნელში; იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა.
31ხოლო როცა მოვა ძე კაცისა თავისი დიდებით და ყველა მისი ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე.
32და შეიკრიბება მის წინაშე ყოველი მოდგმა და გამოარჩევს მათ ერთმანეთისგან, როგორც მწყემსი არჩევს ცხვრებს თიკნებისგან.
33და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ, ხოლო თიკნებს მარცხნივ.
34მაშინ ეტყვის მეუფე მის მარჯვნივ მყოფთ: მოდით, კურთხეულნო მამისა ჩემისა და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან,
35რადგან მშიოდა და მომეცით მე საჭმელი, მწყუროდა და მასვით მე, უცხო ვიყავი და შემიწყნარეთ მე,
36შიშველი ვიყავი და შემმოსეთ მე, უძლური ვიყავი და მომხედეთ მე, საპყრობილეში ვიყავი და მოხვედით ჩემთან.
37მაშინ მიუგებენ მას მართალნი და ეტყვიან: უფალო, როდის გნახეთ შენ მშიერი და გაჭამეთ ან მწყურვალი — და გასვით?
38როდის გნახეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ ან შიშველი — და შეგმოსეთ?
39როდის გნახეთ შენ უძლური ან საპყრობილეში და მოვედით შენთან?
40და მიუგებს მეუფე და ეტყვის მათ: ამინ გეუბნებით თქვენ: რაც გაუკეთეთ ერთს, ამ ჩემს ძმათაგან მცირეს, მე გამიკეთეთ.
41მაშინ ეტყვის მარცხნივ მყოფთ: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის,
42რადგან მშიოდა და არ მომეცით მე საჭმელი, მწყუროდა და არ მასვით მე,
43უცხო ვიყავი და არ შემიწყნარეთ მე, შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ მე, უძლური ვიყავი და საპყრობილეში და არ მომხედეთ მე.
44მაშინ მიუგებენ ისინიც და ეტყვიან: უფალო, როდის გნახეთ შენ მშიერი ან მწყურვალი, ან უცხო, ან შიშველი, ან უძლური, ან საპყრობილეში და არ გემსახურეთ შენ?
45მაშინ მიუგებს მათ და ეტყვის: ამინ გეუბნებით თქვენ: რაც არ გაუკეთეთ ერთ ამ მცირეთაგანს, მე არ გამიკეთეთ.
46და წავლენ ისინი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართლები საუკუნო ცხოვრებაში.
Next