Eleos

Contents

თავი - 24

Previous
1და გამოვიდა იესო ტაძრიდან და წავიდა; და მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები, რათა ეჩვენებინათ მისთვის ტაძრის ნაგებობები;
2ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მათ: ვერ ხედავთ ყოველივე ამას? ამინ გეუბნებით თქვენ: არ დარჩება აქ ქვა ქვაზე, რომელიც არ დაირღვევა.
3და როცა დაჯდა იგი ზეთისხილის მთაზე, მივიდნენ მასთან მოწაფეები განმარტოებით და უთხრეს: გვითხარი ჩვენ, როდის იქნება ეს და რა არის ნიშანი შენი მოსვლისა და საუკუნეთა დასასრულისა?
4მიუგო იესომ და უთხრა მათ: გაფრთხილდით, ვინმემ არ გაცდუნოთ თქვენ,
5რადგან მრავალი მოვა ჩემი სახელით და იტყვის: მე ვარ ქრისტე, და მრავალს აცდუნებს.
6და გაიგებთ ომებზე და ომების ამბებს; იხილეთ და ნუ შეძრწუნდებით, რადგან ეს ყოველივე უნდა იყოს, მაგრამ ჯერ არ არის აღსასრული;
7რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ და იქნება შიმშილი, ჭირი და მიწისძვრები ადგილ-ადგილ;
8ხოლო ეს ყოველივე ტკივილების დასაწყისია.
9მაშინ ჩაგაგდებენ თქვენ გასაჭირში და დაგხოცავენ თქვენ და იქნებით მოძულებულნი ყველა წარმართისგან ჩემი სახელის გამო.
10და მაშინ დაბრკოლდება მრავალი და ერთმანეთს გასცემენ და შეიძულებენ ერთმანეთს.
11და მრავალი ცრუწინასწარმეტყველი აღდგება და აცდუნებს მრავალს;
12და უსჯულოების გამრავლებით გაცივდება სიყვარული მრავალთა,
13ხოლო ვინც მოითმენს ბოლომდე, ის ცხონდება.
14და იქადაგება ეს სახარება სასუფევლისა მთელ ქვეყანაზე დასამოწმებლად ყველა წარმართისათვის და მაშინ მოვა აღსასრული.
15ამიტომ, როდესაც იხილავთ მოოხრების სისაძაგლეს, თქმულს დანიელ წინასწარმეტყველის მიერ მდგომარეს წმიდა ადგილზე (დან.9,27) ვინც ამოიკითხავს, გულისხმა-ყოს.
16მაშინ ვინც ჰურიასტანში იქნება, გაიქცეს მთაში,
17და ვინც ერდოზე იქნება, ნუ ჩამოვა რამის ასაღებად თავისი სახლიდან,
18და ვინც ველზე იქნება, ნუ მობრუნდება უკან თავისი სამოსის ასაღებად;
19ხოლო ვაი ორსულებს და ვინც აწოვებს იმ დღეებში;
20ილოცეთ, რომ არ მოხდეს თქვენი გაქცევა ზამთარში, არც შაბათს;
21რადგან იქნება მაშინ დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან აქამდე და არც იქნება.
22და თუ არ შემოკლდება ის დღეები, ვერ გადარჩება ვერც-ერთი ხორციელი; ხოლო რჩეულთათვის შემოკლდება ის დღეები.
23მაშინ თუ ვინმე გეტყვით თქვენ: აჰა, აქ არის ქრისტე ან — იქ, არ ირწმუნოთ;
24რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და აღასრულებენ დიდ სასწაულებსა და ნიშნებს, რომ აცდუნონ, თუ შეძლებენ, რჩეულნიც.
25აჰა, წინასწარ გითხარით თქვენ:
26თუ გეტყვიან თქვენ: აჰა, უდაბნოშია, — ნუ გახვალთ; აჰა, საიდუმლო ოთახებშია, — ნუ ირწმუნებთ;
27რადგან როგორც ელვა გამოჩნდება აღმოსავლეთიდან და გაანათებს დასავლეთამდე — ასე იქნება მოსვლაც ძისა კაცისა;
28რადგან სადაც იქნება მძორი, იქ შეიკრიბებიან ორბები.
29და მაშინვე, იმ დღეების გაჭირვების შემდეგ, მზე დაბნელდება და მთვარე არ გამოსცემს თავის ნათელს და ვარსკვლავები ჩამოცვივა ზეციდან და ცათა ძალები შეიძვრება (ეს.3,1; ეზეკ.32,7).
30და მაშინ გამოჩნდება ნიშანი ძისა კაცისა ცაზე და მაშინ მოჰყვება გოდებას ყოველი ტომი ქვეყნისა და იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს ცის ღრუბლებზე მრავალი ძალითა და დიდებით (დან.7,13-14).
31და მოავლენს თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხივე ქართაგან, ცათა კიდიდან მათ კიდემდე.
32ხოლო ლეღვის ხის მაგალითით ისწავლეთ: როცა მისი რტო დარბილდება და ფოთლები გამოვა, იცოდეთ, რომ ახლოს არის ზაფხული;
33ასევე თქვენც, როცა იხილავთ ყოველივე ამას, იცოდეთ, რომ ახლოს არის, კარებთან.
34ამინ გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ეს ყოველივე არ იქნება.
35ცა და ქვეყანა გადავა, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავა.
36ხოლო იმ დღისა და ჟამის შესახებ არავინ იცის: არც ცის ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ.
37როგორც ნოეს დღეები, ისე იქნება მოსვლაც ძისა კაცისა,
38რადგან როგორც იყვნენ წარღვნის წინა დღეებში — ჭამდნენ და სვამდნენ, ქორწინდებოდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე არ შევიდა ნოე კიდობანში,
39და ვერ მიხვდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და არ წალეკა ყოველივე — ასევე იქნება მოსვლა ძისა კაცისა.
40მაშინ ორნი იქნებიან ველად: ერთს წაიყვანენ და ერთი დარჩება;
41ორნი დაფქვავენ წისქვილში: ერთს წაიყვანენ და ერთი დარჩება.
42ამიტომ ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი;
43ხოლო ეს იცოდეთ: რომ სცოდნოდა სახლის პატრონს, რომელ სახმილავზე მოვიდოდა მპარავი, იფხიზლებდა და არ დაუშვებდა თავისი სახლის მოთხრას.
44ამიტომ თქვენც იყავით მზად, რადგან რა დროსაც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ძე კაცისა.
45ვინ არის სარწმუნო და გონიერი მონა, რომელიც დაუდგინა ბატონმა თავის სახლეულს, რომ მიეცა მათთვის საზრდო დროულად?
46ნეტარია ის მონა, რომელთანაც მივა მისი ბატონი და იპოვის მას ამგვარად მოქმედს.
47ამინ გეუბნებით თქვენ, რომ მთელ თავის ქონებაზე დაადგენს მას;
48ხოლო თუ იტყვის ის უკეთური მონა თავის გულში: აყოვნებს ჩემი ბატონი მოსვლას,
49და დაიწყებს ცემას თავისი მსგავსი მონებისას და ჭამასა და სმას ლოთებთან ერთად,
50მოვა ბატონი იმ მონისა და იმ დღეს, რომელსაც არ ელის, და იმ დროს, რომელიც არ იცის,
51და ორად გაკვეთს მას და მის ნაწილს თვალთმაქცებთან დადებს; იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა.
Next