თავი - 23
Previous1მაშინ იესო ესაუბრა ხალხს და თავის მოწაფეებს
2და უთხრა: მოსეს დასაჯდომელზე დასხდნენ მწიგნობრები და ფარისევლები.
3ყოველივე, რასაც გეტყვიან თქვენ, რომ დაიცვათ, დაიცავით და გააკეთეთ, მაგრამ მათი საქმეებისამებრ ნუ გააკეთებთ, რადგან ამბობენ და არ აკეთებენ;
4რადგან კრავენ ტვირთს, მძიმეს და ძნელად სატვირთველს, და დებენ კაცთა მხრებზე, ხოლო თავად თითითაც არ უნდათ დაძვრა მისი;
5და თავის ყველა საქმეს აკეთებენ კაცთა დასანახავად, რადგან იფართოებენ თავის საცავებს და იდიდებენ თავისი სამოსლის ფოჩებს,
6უყვართ ინახით წინ სხდომა ნადიმებზე და წინ დასხდომა შესაკრებლებში
7და მისალმება მოედნებზე და რომ უწოდონ ადამიანებმა: რაბი, რაბი
8ხოლო თქვენ ნუ იწოდებით: რაბი, რადგან ერთია მოძღვარი თქვენი — ქრისტე; ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ.
9და მამას ნურავის უწოდებთ თქვენ ქვეყანაზე, რადგან ერთია მამა თქვენი, რომელიც არის ზეცაში.
10ნურც იწოდებით წინამძღვრებად, რადგან ერთია წინამძღვარი თქვენი — ქრისტე;
11ხოლო უდიდესი თქვენ შორის იყოს თქვენი მსახური;
12ხოლო ვინც აიმაღლებს თავს, დამდაბლდება და ვინც დაიმდაბლებს თავს, ამაღლდება.
13ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო თვალთმაქცნო, რადგან ჭამთ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად ხანგრძლივად ლოცულობთ; ამის გამო მიიღებთ უმეტეს სასჯელს.
14ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო თვალთმაქცნო, რადგან კეტავთ ცათა სასუფეველს კაცთა წინაშე; თქვენ არ შედიხართ და არც შემსვლელებს ანებებთ შესვლას.
15ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო თვალთმაქცნო, რადგან მოივლით ზღვასა და ხმელეთს, რათა ერთი ვინმე მაინც მოაქციოთ; და როცა ეს მოხდება, აქცევთ მას გეენის ძედ თქვენზე ორჯერ მეტად.
16ვაი თქვენ, წინამძღვარნო ბრმანო, რომლებიც ამბობთ: ვინც დაიფიცებს ტაძარს, არაფერია, ხოლო ვინც დაიფიცებს ტაძრის ოქროს, ვალდებულია.
17უგუნურნო და ბრმანო, რა უფრო დიდია: ოქრო თუ ტაძარი, რომელიც განწმედს ოქროს?
18და ამბობთ: ვინც დაიფიცებს სამსხვერპლოს, არაფერია; ხოლო ვინც დაიფიცებს შესაწირავს, რომელიც მასზეა, ვალდებულია.
19უგუნურნო და ბრმანო, რა უფრო დიდია: შესაწირავი თუ სამსხვერპლო, რომელიც განწმედს შესაწირავს?
20რადგან ვინც დაიფიცებს სამსხვერპლოს, იფიცებს მას და ყოველივეს, რაც მასზეა;
21და ვინც დაიფიცებს ტაძარს, იფიცებს მას და ვინც დამკვიდრებულია მასში;
22და ვინც დაიფიცებს ცას, იფიცებს ღვთის ტახტს და ვინც ზის მასზე.
23ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო თვალთმაქცნო, რადგან იხდით პიტნის, ცერეცოს და ძირას მეათედს და დაგიტოვებიათ უმთავრესი სჯულისა: სამართალი, წყალობა და რწმენა. ამის გაკეთება გმართებდათ და არც იმის დატოვება.
24წინამძღვარნო ბრმანო, რომლებიც წურავთ კოღოს, ხოლო აქლემს შთანთქავთ.
25ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო თვალთმაქცნო, რადგან წმენდთ გარედან სასმისს და ლანგარს, ხოლო შიგნიდან სავსეა ნაძარცვით და უსამართლობით.
26ფარისეველო ბრმაო, გაწმინდე ჯერ შიგნიდან სასმისი და ლანგარი, რომ იყოს იგი გარედანაც წმინდა.
27ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო თვალთმაქცნო, რადგან მსგავსნი ხართ შეფეთქილი საფლავებისა, რომლებიც გარედან ჩანან მშვენიერნი, ხოლო შიგნით სავსე არიან მკვდრების ძვლებით და ყოველგვარი უწმინდურებით.
28ასევე თქვენც გარედან ჩანხართ კაცთათვის მართალნი, ხოლო შიგნით სავსე ხართ თვალთმაქცობით და უსჯულოებით.
29ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო თვალთმაქცნო, რადგან აშენებთ წინასწარმეტყველთა საფლავებს და ამკობთ მართალთა სამარეებს
30და ამბობთ: რომ ვყოფილიყავით ჩვენი მამების დროს, არ ვიქნებოდით მათი თანაზიარნი წინასწარმეტყველთა სისხლში;
31და ამით ემოწმებით საკუთარ თავს, რომ ძეები ხართ წინასწარმეტყველთა მკვლელებისა;
32და თქვენც აავსეთ საწყაო თქვენი მამებისა.
33გველნო, იქედნეთა ნაშობნო, როგორ გაექცევით გეენის სასჯელს?
34ამის გამო, აჰა, მე გიგზავნით თქვენ წინასწარმეტყველებს, ბრძენებს და მწიგნობრებს, ზოგ მათგანს მოკლავთ და ჯვარს აცვამთ და ზოგ მათგანს გაშოლტავთ თქვენს შესაკრებლებში და განდევნით ქალაქიდან ქალაქში,
35რათა მოიწიოს თქვენზე ყოველი მართალი სისხლი, დათხეული ქვეყანაზე მართალი აბელის სისხლიდან ზაქარიას, ბარუქის ძის, სისხლამდე, რომელიც მოკალით ტაძარსა და სამსხვერპლოს შორის.
36ამინ გეუბნებით თქვენ: მოიწევა ეს ყოველივე ამ მოდგმაზე.
37იერუსალიმო, იერუსალიმო, რომელმაც დახოცე წინასწარმეტყველნი და ჩაქოლე შენთან მოვლინებულნი! რამდენჯერ მსურდა შეკრება შენი შვილებისა, როგორც შემოიკრებს ფრინველი თავის მართვეებს ფრთების ქვეშ, და არ ისურვეთ.
38აჰა, გრჩებათ თქვენ სახლი თქვენი ოხრად,
39რადგან გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ მე ამიერიდან, ვიდრე არ იტყვით: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით (ფს.117,26).
Next