თავი - 22
Previous1და მიუგო იესომ კვლავ იგავებით და უთხრა მათ:
2ემსგავსა სასუფეველი ცათა კაცს, მეფეს, რომელმაც გაუმართა ქორწილი თავის ძეს.
3და გაგზავნა თავისი მონები, რათა მოეწვიათ ქორწილში წვეულნი, და არ ინებეს მოსვლა.
4კვლავ გაგზავნა სხვა მონები და უთხრა: უთხარით წვეულებს: აჰა, სადილი ჩემი მზად არის, ზვარაკები ჩემი და ნასუქი საქონელი დაკლულია და ყველაფერი მზად არის; მოდით ქორწილში.
5მაგრამ ისინი უგულისხმოდ მოიქცნენ და წავიდნენ: ზოგი საკუთარ ყანაში, ზოგი თავის სავაჭროში;
6ხოლო დანარჩენებმა შეიპყრეს მისი მონები, აგინეს და დახოცეს.
7და მეფე განრისხდა, გაგზავნა თავისი ჯარი და ამოწყვიტა ის მკვლელები და მათი ქალაქი გადაწვა.
8მაშინ უთხრა თავის მონებს: ქორწილი მზად არის, ხოლო წვეულები არ იყვნენ ღირსნი.
9წადით გზათა გასაყრებზე და, რამდენსაც იპოვით, მოიწვიეთ ქორწილში.
10და გავიდნენ ის მონები გზებზე და შეკრიბეს ყველა, რამდენიც იპოვეს, ბოროტი და კეთილი; და გაივსო ქორწილი მეინახეებით;
11ხოლო როცა შევიდა მეფე მეინახეთა სანახავად, იხილა იქ კაცი, რომელსაც არ ემოსა საქორწილო სამოსი,
12და უთხრა მას: მოყვასო, როგორ შემოხვედი აქ, რადგან არა გაქვს საქორწილო სამოსი? ხოლო იგი დუმდა.
13მაშინ უთხრა მეფემ თავის მსახურებს: შეუკარით მაგას ფეხები და ხელები და გააგდეთ იგი ბნელ გარესკნელში; იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა;
14რადგან ბევრია მოწვეული და ცოტა — რჩეული.
15მაშინ წავიდნენ ფარისევლები და შეთანხმდნენ, როგორ დაეგოთ მახე მისთვის სიტყვით.
16და მიუგზავნეს მას თავისი მოწაფეები ჰეროდიანებთან ერთად და უთხრეს: მოძღვარო, ვიცით, რომ ჭეშმარიტი ხარ და ღვთის გზას ჭეშმარიტებით ასწავლი და არ პირმოთნეობ შენ არავისთან, რადგან არ უყურებ კაცის სახეს;
17ამიტომ გვითხარი ჩვენ, რას ფიქრობ შენ: მართებულია ხარკის მიცემა კეისრისთვის თუ არა?
18მიხვდა იესო მათ უკეთურებას და უთხრა: რად მცდით მე, თვალთმაქცნო?
19მაჩვენეთ მე ხარკის მონეტა; ხოლო მათ მიუტანეს მას დინარი.
20და უთხრა მათ: ვისია ეს სახე და წარწერა?
21უთხრეს მას: კეისრისა. მაშინ უთხრა მათ: მიეცით კეისრისა კეისარს და ღვთისა — ღმერთს.
22და როცა გაიგონეს, გაუკვირდათ და დატოვეს იგი და წავიდნენ.
23იმ დღეს მივიდნენ მასთან სადუკევლები, რომლებიც ამბობდნენ: არ არსებობს აღდგომა, — და ჰკითხეს მას
24და უთხრეს: მოძღვარო, მოსემ თქვა: თუ ვინმე მოკვდეს და არ ჰყავდეს შვილები, შეირთოს მისმა ძმამ მისი ცოლი და აღუდგინოს თესლი თავის ძმას (2სჯ.25,5).
25იყო ჩვენ შორის შვიდი ძმა; და პირველმა იქორწინა და მოკვდა და არ დარჩა თესლი და დაუტოვა თავისი ცოლი თავის ძმას;
26ასევე მეორემ და მესამემ — მეშვიდემდე;
27ხოლო ყველაზე ბოლოს მოკვდა დედაკაციც.
28აღდგომისას შვიდთაგან რომლის ცოლი იქნება, რადგან ყველას ჰყავდა იგი?
29მიუგო იესომ და უთხრა მათ: ცდებით, რადგან არ იცით წერილი, არც ძალა ღვთისა;
30რადგან აღდგომისას არც ქორწინდებიან და არც თხოვდებიან, არამედ როგორც ღვთის ანგელოზები, ცაში არიან;
31ხოლო მკვდართა აღდგომის შესახებ არ ამოგიკითხავთ თქვენთვის თქმული ღვთის მიერ, რომელიც ამბობს:
32მე ვარ ღმერთი აბრაამისა და ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა (გამ.3,6). არ არის ღმერთი — ღმერთი მკვდართა, არამედ ცოცხალთა.
33და გაიგონა ეს ხალხმა და განცვიფრდა მისი მოძღვრებით.
34ხოლო როცა ფარისევლებმა გაიგონეს, რომ გააჩუმა სადუკევლები, შეიკრიბნენ ერთად
35და ჰკითხა ერთმა მათგანმა, სჯულისმოძღვარმა, სცდიდა მას და ეუბნებოდა:
36მოძღვარო, რომელი მცნებაა უდიდესი სჯულში?
37ხოლო იესომ უთხრა მას: შეიყვარე უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით (მსჯ.6,5).
38ეს არის პირველი და უდიდესი მცნება;
39და მეორე — მსგავსი ამისი: შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი (ლევ.19,18).
40ამ ორ მცნებაზეა მთელი სჯული და წინასწარმეტყველნი დამოკიდებული.
41ხოლო როდესაც შეიკრიბნენ ფარისევლები, ჰკითხა მათ იესომ
42და უთხრა: რას ფიქრობთ თქვენ ქრისტეზე, ვისი ძე არის? უთხრეს მას: დავითისა.
43უთხრა მათ: როგორღა უწოდებს დავითი მას სულით უფალს და ამბობს:
44უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემ მარჯვნივ, ვიდრე დავცემ შენს მტრებს შენ ფეხთქვეშ (ფს.109,1)?
45თუ დავითი უწოდებს მას უფალს, როგორ არის მისი ძე?
46და არავის შეეძლო მისთვის სიტყვის მიგება, ვეღარც გაბედა ვინმემ იმ დღიდან რამის კითხვა მისთვის.
Next