თავი - 21
Previous1და როდესაც მიუახლოვდნენ იერუსალიმს და მივიდნენ ბეთბაგეში, ზეთისხილის მთასთან, მაშინ იესომ გაგზავნა ორი მოწაფე
2და უთხრა მათ: წადით დაბაში, რომელიც არის თქვენ პირდაპირ, და მაშინვე იპოვით დაბმულ ვირს და კვიცს მასთან ერთად; ახსენით და მომიყვანეთ მე.
3და თუ ვინმე გეტყვით თქვენ რამეს, უთხარით, რომ უფალს სჭირდება ისინი, და მაშინვე გამოგზავნის მათ;
4ხოლო ეს ყოველივე მოხდა, რათა აღსრულებულიყო ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:
5უთხარით სიონის ასულს: აჰა, მეუფე შენი მოდის შენთან, მშვიდი, და ზის ვირზე და კვიცზე, სახედრის ნაშობზე (ეს.62,11; ზაქ.9,9).
6ხოლო მოწაფეები წავიდნენ და მოიქცნენ ისე, როგორც უბრძანა მათ იესომ —
7მიუყვანეს ვირი და კვიცი და დადეს მათზე თავისი სამოსი და დაჯდა მასზე.
8და დიდძალი ხალხი უფენდა თავის სამოსს გზაზე, ხოლო სხვები ჭრიდნენ რტოებს ხეებიდან და უფენდნენ გზაზე;
9და ხალხი, რომელიც წინ უძღოდა და რომელიც უკან მიჰყვებოდა, ღაღადებდა და ამბობდა: ოსანა დავითის ძეს! კურთხეულია, მომავალი უფლის სახელით (ფს.117,26)! ოსანა მაღალთა შინა!
10და როდესაც შევიდა იგი იერუსალიმში, შეიძრა მთელი ქალაქი და ამბობდნენ: ვინ არის ეს?
11ხოლო ხალხი ამბობდა: ეს არის იესო წინასწარმეტყველი გალილეის ნაზარეთიდან.
12და შევიდა იესო ღვთის ტაძარში და გამოყარა ყველა, ვინც ყიდდა და ყიდულობდა ტაძარში; და მეკერმეთა მაგიდები და მტრედის გამყიდველთა დასასხდომები დაამხო
13და უთხრა მათ: წერია: ჩემს სახლს სალოცავი სახლი ეწოდოს, ხოლო თქვენ გიქცევიათ იგი ავაზაკთა გამოქვაბულად (ეს.56,7; იერ.7,11)
14და მივიდნენ მასთან ბრმები და კოჭლები ტაძარში და განკურნა ისინი.
15და როცა ნახეს მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა სასწაულები, რომლებიც აღასრულა, და ყრმები, რომლებიც ღაღადებდნენ ტაძარში და ამბობდნენ: ოსანა დავითის ძეს, კიცხავდნენ
16და ეუბნებოდნენ მას: გესმის, ესენი რას ამბობენ? ხოლო იესომ უთხრა მათ: ჰო, არასოდეს ამოგიკითხავთ: ჩვილთა და მეძუძურ ყრმათა პირით დაამტკიცე ქება (ფს.8,3)?
17და დატოვა ისინი და გავიდა ქალაქის გარეთ, ბეთანიაში, და დარჩა იქ.
18და განთიადისას, როცა ბრუნდებოდა ქალაქში, მოშივდა;
19და დაინახა ერთი ლეღვის ხე გზაზე, მივიდა მასთან და ვერაფერი იპოვა მასზე, არამედ მარტო ფოთლები და უთხრა მას: ნუღარ გამოვა შენგან ნაყოფი საუკუნოდ; და გახმა უცბად ლეღვის ხე.
20და როდესაც ნახეს მოწაფეებმა, გაუკვირდათ და თქვეს: როგორ უცბად გახმა ლეღვის ხე;
21ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მათ: ამინ გეუბნებით თქვენ: თუ გექნებათ რწმენა და არ დაეჭვდებით, არა მხოლოდ ლეღვის ხის გახმობას შეძლებთ, არამედ ამ მთასაც თუ ეტყვით: აღმოიფხვერი და ჩავარდი ზღვაში, — იქნება ასე;
22და ყველაფერი, რასაც ითხოვთ ლოცვისას რწმენით, მოგეცემათ.
23და როცა მოვიდა იგი ტაძარში და ასწავლიდა, მივიდნენ მასთან მღვდელმთავრები და ერის უხუცესები და უთხრეს: რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას და ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება?
24მიუგო იესომ და უთხრა მათ: გკითხავთ მეც თქვენ ერთ სიტყვას და თუ მეტყვით მე, მეც გეტყვით თქვენ, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.
25ნათლისცემა იოანესი საიდან იყო, ზეციდან თუ კაცთაგან? ხოლო ისინი ბჭობდნენ თავისთვის და ამბობდნენ: თუ ვიტყვით: ზეციდან, — გვეტყვის ჩვენ: რატომ არ ირწმუნეთ მისი?
26ხოლო თუ ვიტყვით: კაცთაგან, — გვეშინია ხალხისა, რადგან ყველამ აღიარა იოანე, როგორც წინასწარმეტყველი.
27და მიუგეს იესოს და უთხრეს: არ ვიცით. უთხრა მათ მანაც: არც მე გეტყვით თქვენ, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.
28როგორ გგონიათ თქვენ? ერთ კაცს ჰყავდა ორი შვილი; მივიდა პირველთან და უთხრა: შვილო, წადი დღეს და იმუშავე ჩემს ვენახში;
29ხოლო მან მიუგო და უთხრა: არ მინდა, — ბოლოს კი ინანა და წავიდა.
30და მივიდა მეორესთან და უთხრა ასევე; ხოლო მან მიუგო და უთხრა: მივდივარ, ბატონო, და არ წავიდა.
31ამ ორთაგან რომელმა შეასრულა მამის ნება? უთხრეს მას: პირველმა. უთხრა მათ იესომ: ამინ ეუბნებით თქვენ, რომ მეზვერეები და მეძავები წინ წაგიძღვებიან თქვენ ღვთის სასუფეველში,
32რადგან მოვიდა იოანე თქვენთან სიმართლის გზით და არ ირწმუნეთ მისი; მეზვერეებმა და მეძავებმა კი ირწმუნეს მისი; ხოლო თქვენ იხილეთ და არც ბოლოს შეინანეთ, რომ გერწმუნათ მისი.
33სხვა იგავი ისმინეთ: ერთი კაცი იყო, სახლის პატრონი, რომელმაც გააშენა ვენახი და ღობე შემოავლო მას, ამოთხარა მასში საწნახელი და ააშენა გოდოლი და გადასცა იგი მიწათმოქმედებს და წავიდა;
34ხოლო როდესაც მოახლოვდა ჟამი ნაყოფისა, გაგზავნა თავისი მონები მიწათმოქმედებთან თავისი ნაყოფის მისაღებად.
35და შეიპყრეს მიწათმოქმედებმა მისი მონები; ზოგს სცემეს, ზოგი მოკლეს, ხოლო ზოგი ჩაქოლეს.
36შემდეგ გაგზავნა სხვა მონები, პირველებზე მეტნი, და მათაც ასევე მოექცნენ.
37და ბოლოს გაგზავნა მათთან თავისი ძე და თქვა: მოერიდებათ ჩემი ძისა;
38ხოლო მიწათმოქმედებმა, როდესაც დაინახეს ძე, თქვეს თავის გულში: ეს არის მემკვიდრე; მოდი, მოვკლათ იგი და დავეუფლოთ მის სამკვიდრებელს.
39და შეიპყრეს იგი და გაიყვანეს ვენახის გარეთ და მოკლეს.
40როდესაც მივა ვენახის პატრონი, რას უზამს იმ მიწათმოქმედებს?
41უთხრეს მას: ბოროტებს ბოროტად ამოწყვეტს და ვენახს გადასცემს სხვა მიწათმოქმედებს, რომლებიც მისცემენ მას ნაყოფს თავის დროზე.
42უთხრა მათ იესომ: არასოდეს ამოგიკითხავთ წერილში: ლოდი, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, იგი იქცა თავკიდურად, უფლის მიერ იყო ეს და საკვირველია ჩვენს თვალში (ფს.117,22-23)?
43ამიტომ გეუბნებით თქვენ, რომ წაგერთმევათ თქვენ სასუფეველი ღვთისა და მიეცემა მოდგმას, რომელიც გამოიღებს მის ნაყოფს.
44და ვინც დაეცემა ამ ლოდზე, შეიმუსრება და ვისაც დაეცემა, გასრესს მას.
45და გაიგონეს რა მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა მისი იგავები, მიხვდნენ, რომ მათზე თქვა,
46და ეძებდნენ მას შესაპყრობად და ეშინოდათ ხალხისა, რადგან წინასწარმეტყველად აღიარებდნენ მას.
Next