Eleos

Contents

თავი - 20

Previous
1რადგან მსგავსია სასუფეველი ცათა კაცისა, სახლის პატრონისა, რომელიც გამოვიდა განთიადისას მუშაკების დასაქირავებლად თავის ვენახში.
2და შეუთანხმდა მუშაკებს დინარზე დღეში და გაგზავნა ისინი თავის ვენახში.
3და გავიდა მესამე ჟამზე და ნახა სხვები, უქმად მდგარნი მოედანზე,
4და უთხრა მათ: წადით თქვენც ჩემს ვენახში და სამართლიანად მოგცემთ თქვენ; ხოლო ისინი წავიდნენ.
5შემდეგ გავიდა მეექვსე და მეცხრე ჟამზე და ასევე მოიქცა.
6ხოლო მეთერთმეტე ჟამზე გავიდა და იპოვა სხვები, უქმად მდგარნი, და უთხრა მათ: რას დგახართ აქ მთელი დღე უქმად?
7უთხრეს მას: არავინ დაგვიქირავა ჩვენ. უთხრა მათ: წადით თქვენც ჩემს ვენახში და სამართლიანად მიიღებთ.
8და როდესაც მოსაღამოვდა, უთხრა ვენახის პატრონმა თავის მოურავს: დაუძახე მუშაკებს და მიეცი მათ საზღაური; დაიწყე უკანასკნელიდან პირველამდე.
9და მივიდნენ მეთერთმეტე ჟამისანი და მიიღეს თითო დინარი;
10მივიდნენ პირველებიც და ეგონათ, რომ მეტს მიიღებდნენ, და მიიღეს მათაც თითო დინარი.
11და როცა მიიღეს, დრტვინავდნენ სახლის პატრონზე
12და ამბობდნენ: ამ უკანასკნელებმა ერთი ჟამი იღვაწეს და გაგვითანაბრე ისინი ჩვენ, რომლებმაც ვიტვირთეთ დღის სიმძიმე და სიცხე.
13ხოლო მან მიუგო ერთ მათგანს და უთხრა: მოყვასო, უსამართლოდ არ გექცევი შენ; განა დინარზე არ შემითანხმდი მე?
14აიღე შენი და წადი; ხოლო მე მინდა, ამ უკანასკნელსაც მივცე, როგორც შენ.
15ნუთუ არ შემიძლია, როგორც მინდა, ისე მოვექცე ჩემსას? თუ თვალი შენი ბოროტია იმის გამო, რომ მე კეთილი ვარ?
16ასე იქნებიან უკანასკნელები პირველები და პირველები — უკანასკნელები, რადგან ბევრია მოწვეული და ცოტა — რჩეული.
17და როდესაც ადიოდა იესო იერუსალიმში, წაიყვანა თორმეტი მოწაფე განმარტოებით და გზაში უთხრა მათ:
18აჰა, ავდივართ იერუსალიმში და ძე კაცისა გადაეცემა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს და მიუსჯიან მას სიკვდილს
19და გადასცემენ მას წარმართებს, რათა დასცინონ, გვემონ და ჯვარს აცვან, და მესამე დღეს აღდგება.
20მაშინ მივიდა მასთან დედა ზებედეს ძეებისა თავის ძეებთან ერთად, თაყვანი სცა და ითხოვა რაღაცა მისგან;
21ხოლო მან უთხრა მას: რა გინდა? უთხრა მას: თქვი, რომ დაჯდეს ეს ჩემი ორი ძე ერთი შენ მარჯვნივ და ერთი შენ მარცხნივ შენს სასუფეველში.
22მიუგო იესომ და უთხრა: არ იცით, რას ითხოვთ. შეგიძლიათ, შესვათ სასმისი, რომელიც მე უნდა შევსვა, ან ნათლისღებით, რომლითაც მე ნათელს ვიღებ, ნათელი მიიღოთ? უთხრეს მათ: შეგვიძლია.
23და უთხრა მათ იესომ: ჩემს სასმისს შესვამთ და ნათლისღებით, რომლითაც მე ნათელს ვიღებ, ნათელს მიიღებთ, ხოლო დაჯდომა ჩემ მარჯვნივ და მარცხნივ არ არის ჩემი მისაცემი, არამედ ვისთვისაც გამზადებულია ჩემი მამის მიერ.
24და როცა გაიგონა იმ ათმა, კიცხავდა ორ ძმას;
25ხოლო იესომ მოუხმო მათ და უთხრა: იცით, რომ წარმართთა მთავრები ბატონობენ მათზე და დიდებულები ხელმწიფობენ მათზე;
26ხოლო ასე ნუ იქნება თქვენ შორის, არამედ რომელსაც უნდა თქვენ შორის, იყოს დიდი, იყოს თქვენი მსახური;
27და რომელსაც უნდა თქვენ შორის, იყოს პირველი, იყოს თქვენი მონა,
28როგორც ძე კაცისა არ მოვიდა, რომ ემსახურონ, არამედ ემსახუროს და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად.
29და როცა გამოვიდნენ ისინი იერიქოდან, გამოჰყვა მას დიდძალი ხალხი.
30და აჰა, ორი ბრმა იჯდა გზის პირას და, როდესაც გაიგონეს, რომ იესო მოდის, შეღაღადეს და თქვეს: შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, ძეო დავითისაო;
31ხოლო ხალხი კიცხავდა მათ, რათა დადუმებულიყვნენ; მაგრამ ისინი უფრო მეტად ღაღადებდნენ და ამბობდნენ: შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, ძეო დავითისაო.
32და შეჩერდა იესო, მოუხმო მათ და უთხრა: რა გინდათ, რომ გაგიკეთოთ თქვენ?
33უთხრეს მას: უფალო, რომ აგვეხილოს ჩვენ თვალები.
34და შეებრალა იესოს, შეეხო მათ თვალებს და მაშინვე აეხილათ და გაჰყვნენ მას.
Next