Eleos

Contents

თავი - 19

Previous
1და იყო, როცა დაასრულა იესომ ეს სიტყვები, წავიდა გალილეიდან და მივიდა ჰურიასტანის საზღვრებთან იორდანის გაღმა.
2და გაჰყვა მას დიდძალი ხალხი და განკურნა ისინი იქ.
3და მივიდნენ მასთან ფარისევლები და სცდიდნენ რა მას, ეუბნებოდნენ: მართებულია კაცისთვის, რომ გაუშვას თავისი ცოლი ნებისმიერი მიზეზით?
4ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: არ ამოგიკითხავთ, რომ ვინც დაბადა, დასაბამიდან მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი (დაბ.1,27)?
5და თქვა: ამის გამო დატოვებს კაცი მამას და დედას და შეუერთდება თავის ცოლს; და იქნებიან ორნი ერთხორცი (დაბ.2,24).
6ასე რომ, აღარ არიან ორნი, არამედ ერთხორცი. ამიტომ ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ განაშორებს.
7უთხრეს მას: რატომღა ბრძანა მოსემ განტევების წერილის მიცემა და გაშვება?
8უთხრა მათ იესომ: მოსემ თქვენი გულქვაობის გამო დაგრთოთ თქვენ ნება, გაგეშვათ თქვენი ცოლები, ხოლო დასაბამიდან არ იყო ეგრე.
9და გეუბნებით თქვენ: ვინც გაუშვებს თავის ცოლს სიძვის მიზეზის გარეშე და სხვას შეირთავს, მრუშობს; და ვინც გაშვებულს შეირთავს, ისიც მრუშობს.
10უთხრეს მას მისმა მოწაფეებმა: თუ ასეთია მამაკაცის ვალი დედაკაცის მიმართ, უმჯობესია, არ დაქორწინდეს;
11ხოლო მან უთხრა მათ: ყველა ვერ იტევს ამ სიტყვას, არამედ რომელთაც მიცემული აქვთ;
12რადგან არიან საჭურისები, რომლებიც დედის მუცლიდან იშვნენ ასე; და არიან საჭურისები, რომლებიც დასაჭურისდნენ კაცთაგან; და არიან საჭურისები, რომლებმაც დაისაჭურისეს თავი ცათა სასუფევლისთვის. ვისაც შეუძლია დატევა, დაიტიოს.
13მაშინ მიუყვანეს მას ყრმები, რომ ხელი დაედო მათთვის და ეკურთხებინა, ხოლო მოწაფეები კიცხავდნენ მათ.
14ხოლო იესომ უთხრა მათ: აცადეთ ყრმებს და ნუ აბრკოლებთ მათ, რომ მოვიდნენ ჩემთან, რადგან ასეთების არის სასუფეველი ცათა.
15და დაადო მათ ხელი და წავიდა იქიდან.
16და აჰა, მივიდა ვიღაც და უთხრა: მოძღვარო სახიერო, რა სიკეთე გავაკეთო, რომ მქონდეს საუკუნო ცხოვრება?
17ხოლო მან უთხრა მას: რად მეძახი მე სახიერს? არავინ არის სახიერი, არამედ მხოლოდ ღმერთი, ხოლო თუ გსურს შესვლა საუკუნო ცხოვრებაში, დაიცავი მცნებები.
18უთხრა მას: რომლები? ხოლო იესომ უთხრა: არ მოკლა, არ იმრუშო, არ მოიპარო, ცილი არ დასწამო,
19პატივი ეცი მამას და დედას და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი (გამ.20,12-16; ლევ.19,18).
20უთხრა მას ჭაბუკმა: ამ ყველაფერს ვიცავდი ჩემი სიყრმიდან; რაღა მაკლია?
21უთხრა მას იესომ: თუ გინდა, სრულყოფილი იყო, წადი, გაყიდე შენი ქონება და მიეცი გლახაკებს და გექნება საუნჯე ცაში; და მოდი და გამომყევი მე.
22და როცა გაიგონა ჭაბუკმა ეს სიტყვა, წავიდა დამწუხრებული, რადგან დიდი ქონება ჰქონდა.
23ხოლო იესომ უთხრა თავის მოწაფეებს: ამინ გეუბნებით თქვენ, რომ მდიდარი ძნელად შევა ცათა სასუფეველში;
24და კვლავ გეუბნებით თქვენ: უფრო ადვილია აქლემის ნემსის ყუნწში გასვლა, ვიდრე მდიდრის შესვლა ღვთის სასუფეველში.
25როდესაც გაიგონეს ეს მისმა მოწაფეებმა, განცვიფრდნენ ძლიერ და ამბობდნენ: ვიღას შეუძლია ცხონება?
26შეხედა იესომ და უთხრა მათ: კაცთათვის ეს შეუძლებელია, ხოლო ღვთისათვის ყოველივე შესაძლებელია.
27მაშინ მიუგო პეტრემ და უთხრა მას: აჰა, ჩვენ დავტოვეთ ყველაფერი და გამოგყევით შენ; რა იქნება ჩვენთვის?
28ხოლო იესომ უთხრა მათ: ამინ გეუბნებით თქვენ, რომ, რომლებიც გამომყევით მე, მომავალი შობისას, როცა დაჯდება ძე კაცისა თავისი დიდების ტახტზე, დასხდებით თქვენც თორმეტ ტახტზე და განსჯით ისრაელის თორმეტ ტომს;
29და ყველა, ვინც დატოვა სახლი ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან ცოლი, ან შვილები, ან მამულები ჩემი სახელისათვის, ასწილად მიიღებს და საუკუნო ცხოვრებას დაიმკვიდრებს;
30ხოლო მრავალი პირველი იქნება უკანასკნელი და უკანასკნელი პირველი.
Next