თავი - 18
Previous1იმ დროს მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და უთხრეს: ვინ არის უფრო დიდი ცათა სასუფეველში?
2და მოუხმო იესომ ყრმას და დააყენა იგი მათ შორის
3და უთხრა: ამინ გეუბნებით თქვენ: თუ არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ყრმები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში;
4რადგან ვინც დაიმდაბლებს თავს, როგორც ეს ყრმა, იგი უფრო დიდი იქნება ცათა სასუფეველში;
5და ვინც შეიწყნარებს ერთ ასეთ ყრმას ჩემი სახელით, მე შემიწყნარებს;
6ხოლო ვინც დააბრკოლებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც სწამს ჩემი, უმჯობესია მისთვის, რომ დაეკიდოს წისქვილის დოლაბი მას ქედზე და დაინთქას ზღვის უფსკრულში.
7ვაი ამ სოფელს საცდურთაგან, რადგან გარდაუვალია საცდურთა მოსვლა; მაგრამ ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის საცდური.
8თუ ხელი შენი ან ფეხი შენი გაცდუნებს შენ, მოიკვეთე იგი და განაგდე შენგან: უმჯობესია შენთვის, შეხვიდე საუკუნო ცხოვრებაში ხეიბარი ან კოჭლი, ვიდრე ორი ხელი და ორი ფეხი გქონდეს და ჩავარდე საუკუნო ცეცხლში.
9და თუ თვალი შენი გაცდუნებს შენ, ამოიღე იგი და განაგდე შენგან: უმჯობესია შენთვის, ერთი თვალით შეხვიდე საუკუნო ცხოვრებაში, ვიდრე ორი თვალი გქონდეს და ჩავარდე ცეცხლის გეენაში.
10იცოდეთ, არ შეურაცხყოთ ერთი ამ მცირეთაგანი, რადგან გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ცაში მარად ხედავენ ჩემი ზეცათა მამის პირს;
11რადგან მოვიდა ძე კაცისა გამოსახსნელად წარწყმედილისა.
12რას ფიქრობთ თქვენ: რომ ჰყავდეს ერთ კაცს ასი ცხვარი და გზას ასცდეს ერთი მათგანი, არ დატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს მთაში, არ წავა და არ მოძებნის გზასაცდენილს?
13და როცა იპოვის მას, ამინ გეუბნებით თქვენ, რომ უფრო გაიხარებს იმის გამო, ვიდრე იმ ოთხმოცდაცხრამეტისა, რომლებიც გზას არ აცდენილან.
14ასევე არ არის ნება თქვენი ზეცათა მამისა, რომ წარწყმდეს ერთი ამ მცირეთაგანი.
15და თუ შეგცოდებს შენ შენი ძმა, მიდი და ამხილე იგი, როცა შენ და ის იქნებით მარტო. თუ ისმინა შენი, შეიძინე შენ ძმა,
16ხოლო თუ არ ისმინა, მიიყვანე შენთან ერთად კიდევ ერთი ან ორი, რომ ორი ან სამი მოწმის პირით დამტკიცდეს ყოველი სიტყვა (2სჯ.19,15);
17ხოლო თუ მათიც არ ისმინა, უთხარი ეკლესიას; ხოლო თუ ეკლესიისაც არ ისმინა, იყოს შენთვის, როგორც წარმართი და მეზვერე.
18ამინ გეუბნებით თქვენ: რამდენსაც შეკრავთ ქვეყანაზე, შეკრული იქნება ცაში და რამდენსაც გახსნით ქვეყანაზე, გახსნილი იქნება ცაში.
19კვლავ ამინ გეუბნებით თქვენ: თუ ორი თქვენგანი შეთანხმდება ქვეყანაზე ყველა საქმეში, რასაც ითხოვენ, ექნებათ მათ ჩემი ზეცათა მამისგან;
20რადგან სადაც არის ორი ან სამი შეკრებილი ჩემი სახელით, იქ ვარ, მათ შორის.
21მაშინ მივიდა მასთან პეტრე და უთხრა: უფალო, რამდენგზის შემცოდოს მე ჩემმა ძმამ და მივუტევო მას? შვიდგზის?
22უთხრა მას იესომ: არ გეუბნები შენ — შვიდგზის, არამედ სამოცდაათჯერ შვიდგზის.
23ამიტომ ემსგავსა სასუფეველი ცათა კაცს, მეფეს, რომელმაც ინება ანგარიშის გასწორება თავის მსახურებთან.
24და როდესაც დაიწყო მან ანგარიშის გასწორება, მიუყვანეს მას ერთი მოვალე ათი ათასი ტალანტისა.
25და რადგან არ ჰქონდა მას, რომ დაებრუნებინა, ბრძანა ბატონმა გაყიდვა მისი ცოლისა, შვილებისა და ყველაფრისა, რაც ჰქონდა, და დაბრუნება.
26დავარდა მსახური, თაყვანს სცემდა მას და ეუბნებოდა: სულგრძელი იყავი ჩემ მომართ, ბატონო, და ყველაფერს დაგიბრუნებ შენ.
27შეებრალა ბატონს ის მსახური, გაუშვა იგი და ვალიც აპატია მას.
28და როცა გავიდა ის მსახური, ნახა ერთი თანამსახური, რომელსაც ემართა მისი ასი დინარი; შეიპყრო იგი, ახრჩობდა და ეუბნებოდა: დამიბრუნე, რაც გმართებს.
29ფეხებში ჩაუვარდა მას თანამსახური, ევედრებოდა მას და ეუბნებოდა: სულგრძელი იყავი ჩემ მომართ და ყველაფერს დაგიბრუნებ შენ;
30ხოლო მან არ ისურვა, არამედ წავიდა და ჩააგდო იგი საპყრობილეში, ვიდრე არ დაუბრუნებდა ვალს.
31და როცა ნახეს მისმა თანამსახურებმა, რაც მოხდა, ძლიერ შეწუხდნენ, მივიდნენ და აუწყეს თავის ბატონს ყველაფერი, რაც მოხდა.
32მაშინ უხმო მას მისმა ბატონმა და უთხრა მას: ბოროტო მსახურო, მთელი ის ვალი გაპატიე შენ, რადგან მევედრებოდი მე;
33განა არ გმართებდა, შენც შეგეწყალებინა შენი თანამსახური, როგორც მე შენ შეგიწყალე?
34და განრისხდა მისი ბატონი და გადასცა იგი მტანჯველებს, ვიდრე არ დაუბრუნებდა მთელ ვალს.
35ასევე მოგექცევათ თქვენ ჩემი ზეცათა მამა, თუ არ მიუტევებთ თითოეული მთელი თქვენი გულით თქვენს ძმას მის შეცოდებებს.
Next