თავი - 17
Previous1და ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და იოანე, ძმა მისი, და აიყვანა ისინი მაღალ მთაზე განმარტოებით.
2და ფერი იცვალა მათ წინაშე და გაბრწყინდა მისი სახე, როგორც მზე; ხოლო მისი სამოსი გახდა თეთრი, როგორც ნათელი.
3და აჰა, ეჩვენათ მათ მოსე და ელია, რომლებიც საუბრობდნენ მასთან.
4მიუგო პეტრემ და უთხრა იესოს: უფალო, კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა; თუ გნებავს, გავაკეთოთ აქ სამი კარავი: შენთვის — ერთი და მოსესთვის — ერთი და ელიასთვის — ერთი.
5და ვიდრე იგი ამას ამბობდა, აჰა, ნათელმა ღრუბელმა დაჩრდილა ისინი და აჰა, ხმა იყო ღრუბლიდან მეტყველი: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც სათნოა ჩემთვის, მაგისი ისმინეთ.
6და როცა გაიგონეს მოწაფეებმა, პირქვე დაემხნენ და შეშინდნენ ძლიერ.
7და მივიდა იესო და შეეხო მათ და უთხრა: ადექით და ნუ გეშინიათ.
8და თვალები რომ გაახილეს, ვერავინ ნახეს, არამედ მხოლოდ იესო.
9და როდესაც ჩამოდიოდნენ მთიდან, უბრძანა მათ იესომ და უთხრა: ნურავის ეტყვით ხილვის შესახებ, ვიდრე ძე კაცისა მკვდრეთით არ აღდგება.
10და ჰკითხეს მას მისმა მოწაფეებმა და უთხრეს: რატომ ამბობენ მწიგნობრები, რომ პირველად ელიას მართებს მოსვლა?
11ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მათ: პირველად ელია მოვა და აღადგენს ყოველივეს.
12ხოლო გეუბნებით თქვენ, რომ ელია უკვე მოვიდა და ვერ იცნეს იგი, არამედ მოექცნენ მას, როგორც უნდოდათ; და ასევე ძეს კაცისასაც მოელის ვნება მათგან.
13მაშინ მიხვდნენ მოწაფეები, რომ იოანე ნათლისმცემელზე უთხრა მათ.
14და როდესაც მივიდნენ ისინი ხალხთან, მოვიდა მასთან ერთი კაცი, მუხლი მოუდრიკა მას და უთხრა:
15უფალო, შეიწყალე ჩემი ძე, რადგან მთვარეულია და საშინლად იტანჯება; ხშირად ვარდება ცეცხლში და ხშირად — წყალში.
16და მოვუყვანე იგი შენს მოწაფეებს და ვერ შეძლეს მისი განკურნება.
17ხოლო იესომ მიუგო და უთხრა: ო, მოდგმავ ურწმუნო და უკუღმართო, როდემდე ვიქნები თქვენთან? როდემდე გიტვირთავთ თქვენ? მომიყვანეთ მე იგი აქ.
18და შერისხა იგი იესომ და გავიდა მისგან ეშმაკი და განიკურნა ყრმა იმ დროიდან.
19მაშინ მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და განმარტოებით უთხრეს: რატომ ვერ შევძელით ჩვენ მისი განდევნა?
20ხოლო იესომ უთხრა მათ: თქვენი მცირედმორწმუნეობის გამო; რადგან ამინ გეუბნებით თქვენ: თუ გექნებათ რწმენა მდოგვის მარცვლისოდენა და ეტყვით ამ მთას: გადადექი აქედან იქით, — გადადგება, და არაფერი იქნება შეუძლებელი თქვენთვის;
21ხოლო ეს მოდგმა არ განიდევნება, თუ არა ლოცვითა და მარხვით.
22და როცა იმყოფებოდნენ ისინი გალილეაში, უთხრა მათ იესომ: მოელის ძეს კაცისას გადაცემა კაცთა ხელში
23და მოკლავენ მას და მესამე დღეს აღდგება. ხოლო ისინი შეწუხდნენ ძლიერ.
24და როდესაც მივიდნენ ისინი კაპერნაუმში, მოვიდნენ დიდრაქმის ამკრეფნი პეტრესთან და უთხრეს: თქვენი მოძღვარი არ გადაიხდის დიდრაქმას?
25ხოლო მან უთხრა: ჰო. და როცა შევიდა სახლში, დაასწრო მას იესომ და უთხრა: რას ფიქრობ შენ, სიმონ, ამ ქვეყნის მეფენი ვისგან იღებენ ხარკს ან გადასახადს, თავისი შვილებისგან თუ უცხოებისგან?
26უთხრა მას პეტრემ: უცხოებისგან. მიუგო მას იესომ: ამიტომ თავისუფლები არიან შვილები;
27ხოლო რომ არ დავაბრკოლოთ ისინი, მიდი ზღვასთან, ჩააგდე ანკესი და თევზი, რომელიც პირველად ამოჰყვება, აიღე და გაუღე მას პირი და იპოვი სტატირს, მოიტანე ის და მიეცი მათ შენთვის და ჩემთვის.
Next