Eleos

Contents

თავი - 16

Previous
1და მივიდნენ ფარისევლები და სადუკევლები, სცდიდნენ მას და მოითხოვდნენ, ზეციდან ნიშანი ეჩვენებინა მათთვის;
2ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: როცა მოსაღამოვდება, ამბობთ: დარი იქნება, რადგან წითელია ცა;
3და განთიადისას — დღეს ავდარი იქნება, რადგან წითელია მოქუფრული ცა. თვალთმაქცნო, ცის სახის ცნობა იცით, ხოლო ჟამთა ნიშნების გამოცნობა არ შეგიძლიათ.
4მოდგმა ბოროტი და მრუში სასწაულს ეძებს და სასწაული არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის სასწაულისა. და დატოვა ისინი და წავიდა.
5და როცა გავიდნენ მისი მოწაფეები გაღმა, დაავიწყდათ პურის წაღება.
6იესომ უთხრა მათ: იხილეთ, ერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს;
7ხოლო ისინი ფიქრობდნენ თავის გულში და ამბობდნენ: იმიტომ რომ პური არ წამოვიღეთ;
8გულისხმაყო იესომ და უთხრა მათ: რატომ ფიქრობთ თქვენს გულში, მცირედმორწმუნენო, რომ პური არ წამოიღეთ?
9ვერ ხვდებით, არც გახსოვთ ხუთი პური ხუთი ათასისა, და რამდენი გოდორი აიღეთ?
10არც შვიდი პური ოთხი ათასისა, და რამდენი კალათი აიღეთ?
11როგორ ვერ ხვდებით, რომ პურის გამო არ გითხარით თქვენ: ერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს?
12მაშინ მიხვდნენ, რომ არ უთხრა მათ, მორიდებოდნენ პურის საფუარს, არამედ ფარისეველთა და სადუკეველთა მოძღვრებას.
13და როცა მივიდა იესო ფილიპეს კესარიის მხარეში, ეკითხებოდა თავის მოწაფეებს და ეუბნებოდა: რას ამბობენ ჩემზე ადამიანები, ვინ არის ძე კაცისა?
14ხოლო მათ უთხრეს: ზოგი ამბობს — იოანე ნათლისმცემელი, ხოლო სხვები — ელია და სხვები — იერემია ან ერთი წინასწარმეტყველთაგანი.
15უთხრა მათ: ხოლო თქვენ რას ამბობთ ჩემზე, ვინ ვარ მე?
16და მიუგო სიმონ-პეტრემ და უთხრა: შენ ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმერთისა.
17ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მას: ნეტარი ხარ შენ, სიმონ, ბარ იონა, რადგან ხორცმა და სისხლმა არ გამოგიცხადა შენ, არამედ ჩემმა ზეცათა მამამ.
18და მე გეუბნები შენ: შენ ხარ პეტრე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ მოერევიან მას.
19და მოგცემ შენ ცათა სასუფევლის კლიტეებს და რასაც შეკრავ ქვეყანაზე, შეკრული იქნება ცაში; და რასაც გახსნი ქვეყანაზე, გახსნილი იქნება ცაში.
20მაშინ უბრძანა თავის მოწაფეებს, არავისთვის ეთქვათ, რომ ის არის ქრისტე.
21ამიერიდან დაიწყო იესომ გამხელა თავისი მოწაფეებისთვის, რომ მართებს მას იერუსალიმში ასვლა და მრავალი ვნება უხუცესებისგან, მღვდელმთავრებისა და მწიგნობრებისგან და მოკლავენ და მესამე დღეს აღდგება.
22და გაიყვანა იგი პეტრემ, დაუწყო მას შეპასუხება და უთხრა: შეიწყალე შენი თავი, უფალო, ნუ იქნება ეს შენთვის;
23ხოლო იგი მიუბრუნდა და უთხრა პეტრეს: გამშორდი, სატანა, საცდური ხარ ჩემთვის, რადგან არ ფიქრობ ღვთისას, არამედ კაცისას.
24მაშინ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: ვისაც უნდა, შემომიდგეს მე, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე;
25რადგან ვისაც უნდა თავისი სულის გადარჩენა, წარწყმედს მას; ხოლო ვინც წარწყმედს თავის სულს ჩემთვის, ის მოიპოვებს მას.
26ან რა სარგებელი ექნება კაცს, თუ მთელ ქვეყანას შეიძენს, ხოლო თავის სულს ავნებს? ან რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?
27რადგან უნდა მოვიდეს ძე კაცისა თავისი მამის დიდებით თავის ანგელოზებთან ერთად და მაშინ მიაგებს თითოეულს მისი საქმისამებრ.
28ამინ გეუბნებით თქვენ: არიან ზოგიერთები აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, ვიდრე არ იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს თავისი სუფევით.
Next