Eleos

Contents

თავი - 15

Previous
1მაშინ მივიდნენ იესოსთან იერუსალიმიდან ფარისევლები: და მწიგნობრები და უთხრეს:
2რატომ არღვევენ შენი მოწაფეები ხუცესთა გადმოცემას, რადგან არ იბანენ ხელებს, როცა პურს ჭამენ?
3ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: თქვენ რატომღა არღვევთ ღვთის მცნებას თქვენი გადმოცემით?
4რადგან ღმერთმა თქვა: პატივი ეცი მამას და დედას; და ვინც ბოროტს იტყვის მამაზე ან დედაზე, სიკვდილით აღესრულოს (გამ.20,12;21,17);
5ხოლო თქვენ ამბობთ: ვინც ეტყვის მამას ან დედას: ძღვენია, რითაც ჩემგან უნდა გესარგებლა,
6და პატივს არ სცემს თავის მამას და თავის დედას, — ამით აუქმებთ ღვთის სიტყვას თქვენი გადმოცემით.
7თვალთმაქცნო, კარგად იწინასწარმეტყველა თქვენზე ესაიამ, რომელიც ამბობდა:
8მიახლოვდება მე ეს ერი თავისი პირით და ბაგით პატივს მცემს მე, ხოლო გული მათი შორს არის განშორებული ჩემგან.
9ამაოდ მემსახურებიან მე, რადგან ასწავლიან კაცთა მოძღვრებასა და მცნებას (ეს.29,13).
10და მოუხმო ხალხს და უთხრა მათ: ისმინეთ და გაიგეთ:
11არა პირიდან შემავალი ბილწავს კაცს, არამედ პირიდან გამომავალი ბილწავს კაცს.
12მაშინ მივიდნენ მოწაფეები და უთხრეს მას: იცი, რომ ფარისევლები დაბრკოლდნენ, როცა მოისმინეს ეს სიტყვა?
13ხოლო მან მიუგო და უთხრა: ყოველი ნერგი, რომელიც არ დანერგა ჩემმა ზეციერმა მამამ, აღმოიფხვრება.
14აცალეთ მათ, ბრმები არიან ბრმათა წინამძღვრები; ხოლო თუ ბრმა ბრმას წინ უძღვის, ორივე ორმოში ჩავარდება.
15მიუგო პეტრემ და უთხრა მას: განგვიმარტე ჩვენ ეს იგავი.
16ხოლო იესომ უთხრა: თქვენც ჯერ კიდევ უგულისხმონი ხართ?
17არ იცით, რომ ყველაფერი, რაც პირში შედის, მუცელში ჩადის და გასავალში გადის?
18ხოლო პირიდან გამომავალი გულიდან გამოდის და ის ბილწავს კაცს;
19რადგან გულიდან გამოდის ბოროტი გულისზრახვა, მკვლელობა, მრუშობა, სიძვა, პარვა, ცილისწამება, გმობა.
20ეს არის, რაც ბილწავს კაცს, ხოლო დაუბანელი ხელით ჭამა არ ბილწავს კაცს.
21და გამოვიდა იქიდან იესო, გაშორდა და წავიდა ტვიროსისა და სიდონის მხარეს.
22და აჰა, ქანანელი დედაკაცი გამოვიდა იმ საზღვრებიდან, ღაღადებდა და ამბობდა: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისაო, ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულია.
23ხოლო მან სიტყვა არ მიუგო მას; და მივიდნენ მასთან მოწაფეები, სთხოვეს მას და უთხრეს: გაუშვი იგი, რადგან ღაღადებს და მოგვდევს ჩვენ.
24მან მიუგო და უთხრა: არა ვარ მოვლინებული სხვებისთვის, არამედ მხოლოდ ისრაელის სახლის წარწყმედილი ცხვრებისთვის.
25ხოლო იგი მივიდა, თაყვანს სცემდა მას და ეუბნებოდა: უფალო, შემეწიე მე.
26და მან მიუგო და უთხრა: არ არის კარგი პურის აღება შვილებისგან და ძაღლებისთვის დაგდება.
27ხოლო მან უთხრა: ჰო, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ჭამენ ნამცეცებს, გადმოცვენილს მათი ბატონების ტაბლიდან.
28მაშინ მიუგო იესომ და უთხრა მას: ო, დედაკაცო, დიდია შენი რწმენა, მოგეგოს შენ, როგორც გინდა. — და განიკურნა მისი ასული იმ დროიდან.
29და წამოვიდა იქიდან იესო, მივიდა გალილეის ზღვის პირას და ავიდა მთაზე და დაჯდა იქ.
30და მივიდა მასთან დიდძალი ხალხი, რომლებსაც თან ჰყავდათ კოჭლები, ბრმები, მუნჯები, საპყრები და სხვა მრავალი და დასხეს ისინი მის ფეხთით და განკურნა ისინი;
31ისე რომ უკვირდა ხალხს, როცა ხედავდნენ, რომ მუნჯები მეტყველებდნენ, კოჭლები დადიოდნენ, საპყრები იკურნებოდნენ, ბრმები ხედავდნენ და ადიდებდნენ ისრაელის ღმერთს.
32ხოლო იესომ მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა: მებრალება ეს ხალხი, რადგან უკვე სამი დღეა, მელოდება მე და არაფერი აქვთ, რომ ჭამონ; და მათი გაშვება უჭმელად არ მინდა, ვაითუ დაუძლურდნენ გზაში.
33და უთხრეს მას მისმა მოწაფეებმა: საიდან გვაქვს ჩვენ უდაბნოში იმდენი პური, რომ გავაძღოთ ამდენი ხალხი?
34უთხრა მათ იესომ: რამდენი პური გაქვთ? ხოლო მათ უთხრეს: შვიდი, და ცოტა თევზი.
35და უბრძანა ხალხს დასხდომა მიწაზე
36და აიღო შვიდი პური და თევზები და მადლობდა, გატეხა და მისცა მოწაფეებს, ხოლო მოწაფეებმა ხალხს.
37ჭამა ყველამ და გაძღა; და აიღეს დარჩენილი ნატეხები შვიდი კალათი სავსე;
38ხოლო ვინც ჭამა, იყო ოთხი ათასი მამაკაცი, გარდა დედაკაცებისა და ყრმებისა.
39და გაუშვა ხალხი, ავიდა ნავზე და მივიდა მაგდალას საზღვრებთან.
Next