თავი - 14
Previous1იმ დროს გაიგო ჰეროდე ტეტრარქმა იესოს ამბავი
2და უთხრა თავის მსახურებს: ეს არის იოანე ნათლისმცემელი. იგი აღმდგარა მკვდრეთით და ამის გამო ძალები მოქმედებენ მის მიერ,
3რადგან ჰეროდემ შეიპყრო იოანე, შებორკა იგი და საპყრობილეში ჩასვა ჰეროდიას, თავისი ძმის, ფილიპეს, ცოლის გამო;
4რადგან ეუბნებოდა მას იოანე: არ არის მართებული, რომ გყავდეს შენ იგი ცოლად.
5და უნდოდა მისი მოკვლა, მაგრამ ეშინოდა ხალხისა, რადგან როგორც წინასწარმეტყველს აღიარებდნენ მას.
6ხოლო როცა ჰეროდეს დაბადების დღე იყო, როკავდა ჰეროდიას ასული წვეულთა შორის და მოეწონა ჰეროდეს,
7რის გამოც ფიცით აღუთქვა მას, რომ მისცემდა, რასაც ითხოვდა.
8ხოლო იგი წინასწარ იყო დარიგებული თავისი დედისგან და უთხრა: მომეცი მე აქ ლანგრით თავი იოანე ნათლისმცემლისა.
9და შეწუხდა მეფე, მაგრამ ფიცისა და თანამეინახეთა გამო ბრძანა, მიეცათ მისთვის.
10და გაგზავნა და თავი მოჰკვეთა იოანეს საპყრობილეში.
11და მოიტანეს მისი თავი ლანგრით და მისცეს ქალს და მიუტანა თავის დედას.
12და მივიდნენ მისი მოწაფეები, აიღეს გვამი და დამარხეს იგი და მოვიდნენ და უთხრეს იესოს.
13ეს რომ გაიგო იესომ, გაერიდა და წავიდა იქიდან ნავით უდაბურ ადგილას მარტო; და როცა გაიგო ხალხმა, გაჰყვა მას ფეხით ქალაქებიდან.
14და გამოვიდა რა იესო, იხილა დიდძალი ხალხი და შეებრალა ისინი და განკურნა მათი სნეულები.
15როცა მოსაღამოვდა, მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები და უთხრეს: უდაბურია ეს ადგილი და დრო უკვე გასულია; გაუშვი ხალხი, რომ წავიდეს გარშემო დაბებში და იყიდოს თავისთვის საჭმელი;
16ხოლო იესომ უთხრა მათ: არ სჭირდებათ წასვლა; თქვენ მიეცით მათ საჭმელი;
17და მათ უთხრეს მას: არაფერი გვაქვს აქ, გარდა ხუთი პურისა და ორი თევზისა.
18და უთხრა მათ: მომიტანეთ მე ისინი აქ.
19და უბრძანა ხალხს დასხდომა ბალახზე, აიღო ხუთი პური და ორი თევზი, აიხედა ცისკენ და აკურთხა და გატეხა და მისცა მოწაფეებს პურები, ხოლო მოწაფეებმა — ხალხს.
20და ჭამა ყველამ და გაძღა; და აიღეს დარჩენილი ნატეხები თორმეტი გოდორი სავსე.
21ხოლო ვინც ჭამა, იყო ხუთი ათასამდე მამაკაცი, გარდა დედაკაცებისა და ყრმებისა.
22და მაშინვე აიძულა იესომ თავისი მოწაფეები, ასულიყვნენ ნავზე და გასულიყვნენ მასზე ადრე გაღმა, ვიდრე გაუშვებდა ხალხს.
23და როცა გაუშვა ხალხი, ავიდა მთაზე სალოცავად განმარტოებით. და როდესაც მოსაღამოვდა, მარტო იყო იქ.
24ხოლო ნავი უკვე გაშორებული იყო ხმელეთს მრავალ უტევანზე და ირყეოდა ტალღებისგან, რადგან იყო საპირისპირო ქარი.
25და ღამის მეოთხე სახმილავზე მივიდა მათთან იესო ზღვაზე სვლით;
26ხოლო როდესაც მოწაფეებმა დაინახეს იგი ზღვაზე მავალი, შეძრწუნდნენ და თქვეს: მოჩვენებაა. და შიშისაგან შეჰყვირეს.
27მაშინვე დაელაპარაკა მათ იესო და უთხრა: გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ.
28მიუგო მას პეტრემ და უთხრა: უფალო, თუ შენ ხარ, მიბრძანე მე, მოვიდე შენთან წყალზე სვლით;
29ხოლო მან უთხრა: მოდი! და გადავიდა ნავიდან პეტრე და წყალზე სვლით წავიდა იესოსკენ,
30მაგრამ როდესაც იხილა ძლიერი ქარი, შეშინდა და დაიწყო ჩაძირვა, შეჰყვირა და თქვა: უფალო, მიხსენი მე!
31და მყისვე გაუწოდა იესომ ხელი, მოჰკიდა მას და უთხრა: მცირედმორწმუნევ, რად დაეჭვდი?
32და როდესაც ავიდნენ ისინი ნავზე, დაცხრა ქარი.
33ხოლო ვინც ნავში იყვნენ, მივიდნენ, თაყვანი სცეს მას და უთხრეს: ჭეშმარიტად ძე ღვთისა ხარ შენ.
34და გავიდნენ გაღმა და მივიდნენ გენესარეთის ქვეყანაში.
35და იცნეს იგი იმ მხარის კაცებმა, გაგზავნეს მთელ იმ შემოგარენში და მიუყვანეს მას ყველა ავადმყოფი
36და ევედრებოდნენ მას, რომ მხოლოდ შეხებოდნენ მისი სამოსის კიდეს; და რამდენიც შეეხო, განიკურნა.
Next