Eleos

Contents

თავი - 13

Previous
1იმ დღეს გამოვიდა იესო სახლიდან და დაჯდა ზღვის პირას.
2და შეიკრიბა მასთან დიდძალი ხალხი, ისე რომ იგი ნავზე ავიდა და დაჯდა, და მთელი ხალხი ზღვის პირას იდგა.
3და ეუბნებოდა მათ ბევრს იგავებით და უთხრა: აჰა, გამოვიდა მთესველი დასათესად
4და როცა თესავდა იგი, ზოგი დავარდა გზასთან და მივიდნენ ცის ფრინველები და შეჭამეს იგი;
5და სხვა დავარდა კლდოვანზე, სადაც არ იყო ბევრი მიწა, და მყისვე აღმოცენდა, რადგან არ ჰქონდა მიწას სიღრმე;
6და მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა და, რადგან არ ჰქონდა ფესვი, გახმა;
7და სხვა ჩავარდა ეკლებში და ამოვიდა ეკლები და მოაშთო იგი;
8და სხვა დავარდა კარგ მიწაზე და გამოიღო ნაყოფი: ზოგმა — ასი, ზოგმა — სამოცი და ზოგმა — ოცდაათი.
9ვისაც აქვს ყურები სასმენად, ისმინოს!
10და მივიდნენ მოწაფეები და უთხრეს მას: რატომ ესაუბრები მათ იგავებით?
11ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: თქვენთვის მოცემულია ღვთის სასუფევლის საიდუმლოს შეცნობა, ხოლო იმათთვის არ არის მიცემული;
12რადგან ვისაც აქვს, მიეცემა მას და მიემატება; და ვისაც არა აქვს, რაც აქვს, ისიც წაერთმევა მას.
13ამიტომ იგავებით ვესაუბრები მათ, რადგან ხედავენ და არ ხედავენ, ესმით და არ ესმით, ვერც იგებენ.
14და სრულდება მათზე წინასწარმეტყველება ესაიასი, რომელიც ამბობს: სმენით გესმოდეთ და ვერ გაიგოთ, ხედვით ხედავდეთ და ვერ იხილოთ;
15რადგან გაქვავდა ამ ხალხის გული და ყურით ძნელად ისმინეს და თვალები დახუჭეს, რომ არ იხილონ თვალით და არ ისმინონ ყურით და არ გაიგონ გულით და არ მოიქცნენ და არ განვკურნო ისინი (ეს.6,9-10);
16ხოლო ნეტარია თქვენი თვალები, რადგან ხედავენ, და თქვენი ყურები, რადგან ესმით.
17ამინ გეუბნებით თქვენ, რომ მრავალ წინასწარმეტყველს და მართალს ეწადა, ეხილა, რასაც ხედავთ, და ვერ იხილა და ესმინა, რასაც ისმენთ, და ვერ ისმინა.
18ამიტომ თქვენ ისმინეთ იგავი მთესველისა:
19ყველასთან, ვინც ისმენს სასუფევლის სიტყვას და არ გაიგებს, მიდის უკეთური და იტაცებს დათესილს მისი გულიდან. ეს არის, რომელიც გზასთან დაითესა,
20ხოლო კლდოვანზე დათესილი ეს არის: ვინც ისმენს სიტყვას და მყისვე სიხარულით იღებს მას;
21და რადგან ფესვი არა აქვს თავის თავში, არამედ დროებითია, როდესაც იქნება გაჭირვება ან დევნა ამ სიტყვის გამო, მყისვე დაბრკოლდება;
22ხოლო ეკლებში დათესილი ეს არის: ვინც სიტყვას ისმენს და ამ სოფლის საზრუნავი და სიმდიდრის საცდური აშთობს სიტყვას და უნაყოფო ხდება;
23ხოლო კარგ მიწაზე დათესილი ეს არის: ვინც სიტყვას ისმენს და იგებს; ვისაც გამოაქვს ნაყოფი და აქცევს ზოგი ასად, ზოგი სამოცად, ზოგი ოცდაათად.
24სხვა იგავი შესთავაზა მათ და უთხრა: ემსგავსა სასუფეველი ცათა კაცს, რომელმაც დათესა კარგი თესლი თავის ყანაში;
25და როცა ადამიანებს ეძინათ, მოვიდა მისი მტერი და ჩათესა ღვარძლი ხორბალს შორის და წავიდა;
26ხოლო როდესაც აღმოცენდა ჯეჯილი და ნაყოფი გამოიღო, მაშინ გამოჩნდა ღვარძლიც.
27და როცა მივიდნენ სახლის პატრონის მონები, უთხრეს მას: ბატონო, განა კარგი თესლი არ დათესე შენს ყანაში? საიდან არის ღვარძლი?
28ხოლო მან უთხრა მათ: მტერმა კაცმა გააკეთა ეს. მონებმა უთხრეს მას: გნებავს, რომ მივიდეთ და გამოვარჩიოთ იგი?
29ხოლო მან უთხრა: არა, ვაითუ ღვარძლის გამორჩევისას ამოგლიჯოთ მასთან ერთად ხორბალიც.
30აცალეთ, გაიზარდოს ორივე ერთად მკამდე და მკის დროს ვეტყვი მომკელებს: გამოარჩიეთ ჯერ ღვარძლი და შეკარით ძნებად, რომ დაიწვას იგი, ხოლო ხორბალი შეკრიბეთ ჩემს ბეღელში.
31სხვა იგავი შესთავაზა მათ და უთხრა: მსგავსია სასუფეველი ცათა მდოგვის მარცვლისა, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ყანაში;
32მცირეა ყველა თესლზე, ხოლო როცა გაიზრდება, ყველა მხალზე დიდი იქნება და იქცევა ხედ, ისე რომ მოვლენ ცის ფრინველები და მის რტოებში დაიბუდებენ.
33სხვა იგავიც უთხრა მათ: მსგავსია სასუფეველი ცათა საფუვრისა, რომელიც აიღო დედაკაცმა და შეურია სამ საწყაო ფქვილს, ვიდრე არ აფუვდა მთლიანად.
34ყოველივე ეს იესომ იგავებით უთხრა ხალხს და იგავის გარეშე არაფერს ეუბნებოდა მათ,
35რათა აღსრულებულიყო ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: გავხსნი იგავით ჩემს პირს და ვიტყვი დაფარულს ქვეყნის დასაბამიდან (ფს.77,2).
36მაშინ გაუშვა იესომ ხალხი და შევიდა სახლში; მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები და უთხრეს: განგვიმარტე ჩვენ იგავი ყანის ღვარძლისა.
37და მან მიუგო და უთხრა მათ: ვინც თესავს კარგ თესლს, არის ძე კაცისა;
38ხოლო ყანა არის ეს სოფელი; კარგი თესლი — ეს არის სასუფევლის ძეები, ღვარძლი კი არის უკეთურის ძეები;
39ხოლო მტერი, რომელმაც დათესა იგი, არის ეშმაკი; მკა არის დასასრული საუკუნეთა, ხოლო მომკელნი არიან ანგელოზები;
40ამიტომ, როგორც გამოარჩევენ ღვარძლს და ცეცხლში დაწვავენ, ასევე იქნება საუკუნეთა დასასრულს:
41მოავლენს ძე კაცისა თავის ანგელოზებს და გამოარჩევენ მისი სამეფოდან ყველა საცდურსა და უსჯულოების მოქმედს
42და შეყრიან მათ ცეცხლიან ღუმელში. იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა.
43მაშინ მართლები მზესავით გაბრწყინდებიან თავისი მამის სასუფეველში. ვისაც აქვს ყურები სასმენად, ისმინოს!
44კიდევ მსგავსია სასუფეველი ცათა საუნჯისა, რომელიც ყანაშია დაფლული და რომელიც იპოვა კაცმა, დამალა და სიხარულით მიდის, ყიდის ყველაფერს, რაც აქვს, და ყიდულობს იმ ყანას;
45კიდევ მსგავსია სასუფეველი ცათა ვაჭარი კაცისა, რომელიც ეძებს კარგ მარგალიტებს;
46და რომელმაც იპოვა ერთი ძვირფასი მარგალიტი, წავიდა და გაყიდა ყოველივე, რაც ჰქონდა, და იყიდა იგი;
47კიდევ მსგავსია სასუფეველი ცათა მოსასმელი ბადისა, რომელიც ზღვაშია ჩაგდებული და რომელმაც თევზის ყველა სახეობიდან შეკრიბა;
48და როდესაც აივსო, ამოიტანეს იგი ნაპირზე და, როცა დასხდნენ, შეაგროვეს კარგები ჭურჭელში, ხოლო უვარგისები გარეთ გადაყარეს.
49ასე იქნება საუკუნეთა დასასრულს: მოვლენ ანგელოზები და გამოარჩევენ უკეთურებს მართლებისგან
50და ჩაყრიან მათ ცეცხლიან ღუმელში. იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა.
51უთხრა მათ იესომ: გაიგეთ ეს ყოველივე? უთხრეს მას: ჰო, უფალო.
52და უთხრა მათ: ამიტომ ყველა მწიგნობარი, ცათა სასუფეველს დამოწაფებული, მსგავსია კაცისა, სახლის პატრონისა, რომელსაც გამოაქვს თავისი საუნჯიდან ახალი და ძველი.
53და იყო, როდესაც დაასრულა იესომ ეს იგავები, წავიდა იქიდან.
54და მივიდა თავის მამულში და ასწავლიდა მათ შესაკრებელში, ისე რომ განცვიფრებულნი იყვნენ ისინი და ამბობდნენ: საიდან აქვს ამას ეს სიბრძნე და ძალები?
55განა ეს არ არის ძე ხუროსი? განა მის დედას არ ჰქვია მარიამი? და მისი ძმები არ არიან იაკობი, იოსები, სიმონი და იუდა?
56და მისი დები, ყველანი ჩვენთან არ არიან? საიდან აქვს ამას ეს ყველაფერი?
57და ბრკოლდებოდნენ მის მიმართ. ხოლო იესომ უთხრა მათ: არ არის წინასწარმეტყველი უპატიოდ, გარდა თავისი მამულისა და სახლისა.
58და არ აღასრულა იქ მრავალი სასწაული მათი ურწმუნოების გამო.
Next