Eleos

Contents

თავი - 12

Previous
1იმ დროს, შაბათს, მიდიოდა იესო ნათესებში, ხოლო მის მოწაფეებს მოშივდათ და დაიწყეს თავთავების მოწყვეტა და ჭამა.
2ფარისევლებმა რომ დაინახეს, უთხრეს მას: აჰა, შენი მოწაფეები იმას აკეთებენ, რისი კეთებაც არ არის მართებული შაბათს;
3ხოლო მან უთხრა მათ: არ ამოგიკითხავთ, რა გააკეთა დავითმა, როდესაც მოშივდათ მას და მასთან მყოფებს?
4როგორ შევიდა ღვთის სახლში და შესაწირავი პურები შეჭამა, რომელთა ჭამა არ იყო მართებული მისთვის და არც მასთან მყოფთათვის, არამედ მხოლოდ მღვდლებისთვის?
5ან არ ამოგიკითხავთ სჯულში, რომ შაბათობით მღვდლები ტაძარში შაბათს უგულებელყოფენ და უდანაშაულონი არიან?
6ხოლო გეუბნებით თქვენ: ტაძარზე დიდი არის აქ.
7რომ გცოდნოდათ, რა არის: წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი (ოს.6,6), — მსჯავრს არ დასდებდით უდანაშაულოებს.
8ასე რომ, ძე კაცისა უფალი არის შაბათისაც.
9და წამოვიდა იქიდან იესო და მივიდა მათ შესაკრებელში;
10და აჰა, იყო იქ კაცი, რომელსაც ხელი ჰქონდა გამხმარი; ჰკითხეს მას და უთხრეს: მართებულია შაბათს განკურნება? რათა დაესმინათ იგი;
11ხოლო მან უთხრა მათ: ვინ არის თქვენ შორის კაცი, რომელსაც ეყოლება ერთი ცხვარი და თუ ჩაუვარდება იგი შაბათს ორმოში, არ მოჰკიდებს ხელს მას და არ ამოიყვანს?
12რამდენად უმჯობესია კაცი ცხვარზე? ამიტომ მართებულია შაბათს სიკეთის კეთება.
13მაშინ უთხრა იმ კაცს: გაშალე შენი ხელი, — და გაშალა და აღუდგა, როგორც მეორე.
14გამოვიდნენ ფარისევლები და ბჭობა გამართეს მის წინააღმდეგ, როგორ დაეღუპათ იგი; ხოლო იესომ გაიგო და გაერიდა იქაურობას;
15და გაჰყვა მას დიდძალი ხალხი და განკურნა ისინი ყველა
16და უბრძანა მათ, რომ არ გაეცხადებინათ იგი,
17რათა აღსრულებულიყო ნათქვამი ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:
18აჰა, ყრმა ჩემი, რომელიც გამოვირჩიე, საყვარელი ჩემი, რომელიც სათნოა ჩემი სულისთვის. დავდებ ჩემს სულს მასზე და სამართალს აუწყებს წარმართებს;
19არ იკამათებს, არც იღაღადებს, არც გაიგონებს ვინმე მოედნებზე მის ხმას;
20შემუსვრილ ლერწამს არ გადატეხს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს, ვიდრე ძლევამდე არ მიიყვანს სამართალს.
21და მისი სახელის მიმართ სასოება ექნებათ წარმართებს (ეს.42,1-4).
22მაშინ მიუყვანეს მას ეშმაკეული ბრმა და მუნჯი და განკურნა იგი, ისე რომ ბრმა და მუნჯი მეტყველებდა და ხედავდა;
23და გაოგნებული იყო მთელი ხალხი და ამბობდა: ნუთუ ეს არის ქრისტე, ძე დავითისა?
24ხოლო ფარისევლებმა, ეს რომ გაიგონეს, თქვეს: ეს ვერ განდევნის ეშმაკებს, თუ არა ბელზებულით, ეშმაკთა მთავრით.
25იცოდა იესომ მათი გულისზრახვები და უთხრა მათ: ყოველი სამეფო, რომელიც თავის წინააღმდეგ გაიყო, მოოხრდება; და ყოველი ქალაქი, გინდა სახლი, რომელიც თავის წინააღმდეგ გაიყო, ვერ იდგება;
26და თუ სატანა სატანას განდევნის, თავის თავში გაიყო; როგორღა იდგება მისი სამეფო?
27და თუ მე ბელზებულით განვდევნი ეშმაკებს, თქვენი ძეები რითღა განდევნიან? ამიტომ ისინივე იქნებიან თქვენი მსაჯულები;
28ხოლო თუ მე ღვთის სულით განვდევნი ეშმაკებს, მაშასადამე, მოიწია თქვენზე სასუფეველი ღვთისა.
29ან როგორ შეძლებს ვინმე შესვლას ძლიერის სახლში და მისი ქონების გატაცებას, თუ ჯერ არ შეკრავს ძლიერს? და მაშინღა გაძარცვავს მის სახლს.
30ვინც არ არის ჩემთან, ჩემ წინააღმდეგ არის; და ვინც არ შეკრებს ჩემთან, განაბნევს;
31ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, ხოლო სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ.
32და ვინც იტყვის სიტყვას ძისა კაცისას წინააღმდეგ, მიეტევება მას, ხოლო ვინც იტყვის სულიწმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება მას არც ამ საუკუნეში და არც მომავალში.
33ან სცანით, რომ ხე კარგია და ნაყოფი მისი კარგია; ან სცანით, რომ ხე უვარგისია და ნაყოფი მისი უვარგისია, რადგან ნაყოფით იცნობა ხე.
34იქედნეთა ნაშობნო, როგორ შეძლებთ კეთილის თქმას, როდესაც უკეთურები ხართ? რადგან გულის სისავსისგან მეტყველებს პირი.
35კეთილ კაცს კეთილი საუნჯიდან გამოაქვს სიკეთე და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯიდან გამოაქვს ბოროტება;
36ხოლო მე გეუბნებით თქვენ, რომ ყოველი უქმი სიტყვის გამო, რომელსაც იტყვიან ადამიანები, პასუხს აგებენ განკითხვის დღეს;
37რადგან შენი სიტყვებით გამართლდები და შენი სიტყვებით განისჯები.
38მაშინ მიუგო მას ზოგიერთმა მწიგნობარმა და ფარისეველმა და უთხრა: მოძღვარო, გვინდა შენგან სასწაულის ხილვა;
39ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: მოდგმა ბოროტი და მრუში სასწაულს ეძებს, და სასწაული არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის სასწაულისა,
40რადგან როგორც იონა იყო ვეშაპის მუცელში სამი დღე და სამი ღამე, ასევე იქნება ძე კაცისა მიწის გულში სამი დღე და სამი ღამე.
41ნინეველი კაცები აღდგებიან სამსჯავროზე ამ მოდგმასთან ერთად და განსჯიან მას, რადგან შეინანეს იონას ქადაგებით, და აჰა, იონაზე მეტი არის აქ.
42სამხრეთის დედოფალი აღდგება სამსჯავროზე ამ მოდგმასთან ერთად და განსჯის მას, რადგან მოვიდა ქვეყნის კიდიდან სოლომონის სიბრძნის მოსასმენად, და აჰა, სოლომონზე მეტი არის აქ.
43და როცა არაწმინდა სული გადის კაცისგან, მოივლის უწყლო ადგილებს და ეძებს მოსვენებას და ვერ პოულობს.
44მაშინ იტყვის: მივბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი. და როცა მივა, იპოვის მას ცარიელს, დაგვილს და შემკულს;
45მაშინ წავა და თან მოიყვანს სხვა შვიდ სულს, თავისზე ბოროტს, და შევლენ და დამკვიდრდებიან იქ. და იქნება იმ კაცისთვის უკანასკნელი პირველზე უარესი. ასე იქნება ამ უკეთური მოდგმისთვისაც.
46როცა იგი ჯერ კიდევ ესაუბრებოდა ხალხს, აჰა, დედა მისი და მისი ძმები იდგნენ გარეთ და ეძებდნენ მას სასაუბროდ.
47მაშინ უთხრა მას ვიღაცამ: აჰა, დედაშენი და შენი ძმები დგანან გარეთ და გეძებენ შენ სასაუბროდ;
48ხოლო მან მიუგო და უთხრა ამის მთქმელს: ვინ არის დედა ჩემი და ვინ არიან ჩემი ძმები?
49და გაიწოდა თავისი ხელი მოწაფეებისკენ და თქვა: აჰა, დედა ჩემი და ჩემი ძმები,
50რადგან ვინც აღასრულებს ჩემი ზეცათა მამის ნებას, ის არის ძმა და და, და დედაჩემი.
Next