თავი - 11
Previous1და იყო, როცა დაასრულა იესომ დარიგება თავისი თორმეტი მოწაფისა, წავიდა იქიდან დასამოძღვრად და საქადაგებლად მათ ქალაქებში.
2ხოლო როცა იოანემ გაიგო საპყრობილეში ქრისტეს საქმეები, გაგზავნა თავისი ორი მოწაფე
3და უთხრა მას: შენ ხარ, ვინც უნდა მოვიდეს, თუ სხვას ველოდოთ?
4ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მათ: მიდით და აუწყეთ იოანეს, რაც გესმით და რასაც ხედავთ:
5ბრმები ხედავენ, ხეიბრები დადიან, კეთროვნები იწმინდებიან და ყრუებს ესმით, მკვდრები აღდგებიან და გლახაკებს ეხარებათ;
6და ნეტარია, ვინც არ დაბრკოლდება ჩემ მომართ.
7და როდესაც ისინი წავიდნენ, დაიწყო იესომ საუბარი ხალხთან იოანეზე: რის სანახავად გამოხვედით უდაბნოში? ლერწმისა, ქარისგან შერხეულისა?
8ან რის სანახავად გამოხვედით? კაცისა, ფაფუკი სამოსით შემოსილისა? აჰა, რომლებიც ფაფუკ სამოსს ატარებენ, სამეფო სახლებში არიან.
9ან რის სანახავად გამოხვედით, წინასწარმეტყველისა? ჰო, გეუბნებით თქვენ: და წინასწარმეტყველზე უმეტესისა;
10რადგან ეს არის, რომლის შესახებ წერია: აჰა, მე მივავლენ ჩემს ანგელოზს შენი პირის წინაშე, რომელიც გაამზადებს შენს გზას შენ წინაშე (გამ.23,20; მალ.3,1).
11ამინ გეუბნებით თქვენ: არ აღმდგარა დედაკაცის ნაშობთა შორის იოანე ნათლისმცემელზე დიდი, ხოლო უმცირესი ცათა სასუფეველში დიდია მასზე.
12და იოანე ნათლისმცემლის დღეებიდან აქამდე ცათა სასუფეველი იძულებით მიიღწევა და ვინც აიძულებს თავს, მიიტაცებს მას,
13რადგან ყველა წინასწარმეტყველმა და სჯულმა იოანემდე იწინასწარმეტყველეს;
14და თუ გინდათ მიღება, იგი არის ელია, რომელიც უნდა მოვიდეს.
15ვისაც აქვს ყურები სასმენად, ისმინოს!
16და ვის ვამსგავსო ეს მოდგმა? მსგავსია ყრმებისა, რომლებიც სხედან მოედნებზე და უხმობენ თავის მეგობრებს
17და ეუბნებიან: ვუკრავდით თქვენთვის და არ ცეკვავდით; ვგოდებდით თქვენთვის და არა გლოვობდით.
18რადგან მოვიდა იოანე, არც ჭამს, არც სვამს და ამბობენ: ეშმაკეულია;
19მოვიდა ძე კაცისა, ჭამს და სვამს და ამბობენ: აჰა, კაცი მჭამელი და ღვინის მსმელი, მეგობარი მეზვერეთა და ცოდვილთა. და გამართლდა სიბრძნე თავის შვილთაგან.
20მაშინ დაიწყო იესომ გაკიცხვა იმ ქალაქებისა, რომლებშიც ყველაზე მეტად გამოვლინდა მისი ძალები, რადგან არ შეინანეს:
21ვაი შენ, ქორაზინო, და ვაი შენ, ბეთსაიდა, რადგან ტვიროსსა და სიდონში რომ გამოვლენილიყო ძალები, რომლებიც გამოვლინდა თქვენში, დიდი ხანია, ძაძაში და ნაცარში მსხდომარენი შეინანებდნენ;
22მაგრამ გეუბნებით თქვენ: ტვიროსისა და სიდონისთვის უფრო ასატანი იქნება განკითხვის დღე, ვიდრე თქვენთვის;
23ხოლო შენ, კაპერნაუმო, ცამდე არ ამაღლდები, არამედ ჯოჯოხეთამდე ჩაინთქმები, რადგან სოდომში რომ გამოვლენილიყო ძალები, რომლებიც გამოვლინდა შენში, დღემდე იდგებოდა;
24მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ სოდომის ქვეყნისთვის უფრო ასატანი იქნება განკითხვის დღე, ვიდრე შენთვის.
25იმ დროს ამბობდა იესო და თქვა: გაღიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქვეყნისაო, რადგან დაფარე ეს ბრძენთაგან და გონიერთაგან და გამოუცხადე ეს ჩვილებს.
26ჰო, მამაო, რადგან ასე იყო სათნო შენ წინაშე.
27ყოველივე მომეცა მე ჩემი მამის მიერ. და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ინებებს ძე გამოცხადებას.
28მოდით ჩემთან ყველა მაშვრალი და ტვირთმძიმე და მე მოგასვენებთ თქვენ.
29აიღეთ უღელი ჩემი თქვენზე და ისწავლეთ ჩემგან, რადგან მშვიდი ვარ და მდაბალი გულით, და ჰპოვებთ თქვენი სულების მოსვენებას,
30რადგან უღელი ჩემი ტკბილია და ტვირთი ჩემი — მსუბუქი.
Next