თავი - 10
Previous1და მოუწოდა თავის თორმეტ მოწაფეს და მისცა მათ ხელმწიფება არაწმინდა სულებზე, რათა განედევნათ ისინი და განეკურნათ ყველა სენი და ყველა უძლურება.
2ხოლო თორმეტი მოციქულის სახელები არის: პირველი — სიმონი, რომელსაც ეწოდა პეტრე, და ანდრია, ძმა მისი; იაკობ ზებედესი და იოანე, ძმა მისი;
3ფილიპე და ბართლომე, თომა და მათე მეზვერე, იაკობ ალფესი და ლებეოსი, რომელსაც ეწოდა თადეოზი.
4სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.
5ეს თორმეტი გაგზავნა იესომ და ამცნო მათ და უთხრა: წარმართთა გზით ნუ წახვალთ და სამარიელთა ქალაქში ნუ შეხვალთ,
6არამედ მიდით უპირატესად ისრაელის სახლის წარწყმედილ ცხვრებთან;
7ხოლო როცა მიხვალთ, უქადაგეთ და უთხარით, რომ მოახლოებულია სასუფეველი ცათა.
8უძლურნი განკურნეთ, მკვდრები აღადგინეთ, კეთროვნები განწმინდეთ, ეშმაკები განდევნეთ; უსასყიდლოდ მიგიღიათ, უსასყიდლოდ გაეცით.
9ნუ გექნებათ ოქრო, ნურც ვერცხლი, ნურც რვალი თქვენს სარტყლებში,
10ნურც აბგა გზაში, ნურც ორი პერანგი, ნურც ხამლი, ნურც კვერთხი, რადგან ღირსია მუშაკი თავისი საზრდოსი.
11რომელ ქალაქშიც და დაბაშიც შეხვალთ, გამოიკითხეთ, ვინ არის მასში ღირსი, და იქ გაჩერდით, სანამ გამოხვალთ;
12ხოლო, როცა შეხვალთ სახლში, მოიკითხეთ იგი და თქვით: მშვიდობა ამ სახლს.
13და თუ იქნება ის სახლი ღირსი, მივა თქვენი მშვიდობა მასზე, ხოლო თუ არ იქნება ღირსი, თქვენი მშვიდობა თქვენვე მოგიბრუნდებათ.
14და თუ არავინ მიგიღებთ თქვენ და არც ისმენს თქვენს სიტყვას, როცა გამოხვალთ იმ სახლიდან ან ქალაქიდან, დაიბერტყეთ მტვერი თქვენი ფეხებიდან.
15ამინ გეუბნებით თქვენ, უფრო ასატანი იქნება სოდომისა და გომორის ქვეყნისთვის განკითხვის დღე, ვიდრე იმ ქალაქისთვის.
16აჰა, მე გგზავნით თქვენ, როგორც ცხვრებს, მგლებს შორის; ამიტომ იყავით გონიერნი, როგორც გველნი, და უმანკონი, როგორც მტრედნი.
17უფრთხილდით ადამიანებს, რადგან გადაგცემენ თქვენ საკრებულოს და თავის შესაკრებლებში დაგტანჯავენ თქვენ;
18და მთავართა და მეფეთა წინაშე მიგიყვანენ ჩემ გამო მათთვის და წარმართთათვის დასამოწმებლად.
19და როცა გადაგცემენ თქვენ, ნუ იზრუნებთ, როგორ ან რა თქვათ, რადგან მოგეცემათ თქვენ იმ დროს, რა თქვათ;
20რადგან არა თქვენ იქნებით მეტყველნი, არამედ სული თქვენი მამისა, რომელიც იმეტყველებს თქვენში;
21რადგან გადასცემს ძმა ძმას სასიკვდილოდ და მამა შვილს; და აღდგებიან შვილები მშობლებზე და დახოცავენ მათ.
22და იქნებით მოძულებული ყველასგან ჩემი სახელის გამო, ხოლო ვინც მოითმენს ბოლომდე, ის ცხონდება.
23როცა დევნას დაგიწყებენ თქვენ ამ ქალაქში, გაიქეცით სხვაში, რადგან, ამინ გეუბნებით თქვენ, ვერ დაასრულებთ ისრაელის ქალაქებს, ვიდრე არ მოვა ძე კაცისა.
24არ არის მოწაფე თავის მოძღვარზე აღმატებული, არც მონა თავის ბატონზე აღმატებული.
25საკმარისია მოწაფისთვის, რათა იყოს, როგორიც თავისი მოძღვარი, და მონისთვის — როგორიც თავისი ბატონი. თუ სახლის პატრონს ბელზებული უწოდეს, რამდენად უფრო — მის სახლეულს?
26ნუ გეშინიათ მათი, რადგან არაფერია დაფარული, რაც არ გაცხადდება, და არც საიდუმლო, რომელიც ცნობილი არ გახდება.
27რასაც გეუბნებით თქვენ ბნელში, თქვით ნათელში და, რასაც ყურით ისმენთ, იქადაგეთ ერდოებზე.
28და ნუ გეშინიათ მათი, ვინც კლავს სხეულს, ხოლო სულის მოკვლა არ შეუძლია; არამედ გეშინოდეთ უფრო იმისი, ვისაც შეუძლია, სულიც და სხეულიც წარწყმიდოს გეენაში.
29განა ორი ჩიტი ასარად არ იყიდება? და ერთი მათგანიც არ დავარდება მიწაზე თქვენი მამის გარეშე;
30ხოლო თქვენს თავზე ყოველი თმაც კი დათვლილია.
31ნუ გეშინიათ, რადგან ბევრ ჩიტზე უმჯობესნი ხართ თქვენ.
32ყველას, ვინც მაღიარებს მე კაცთა წინაშე, მეც ვაღიარებ მას ჩემი ზეცათა მამის წინაშე;
33ხოლო ვინც უარმყოფს მე კაცთა წინაშე, მეც უარვყოფ მას ჩემი ზეცათა მამის წინაშე.
34ნუ გგონიათ, რომ მოვედი მშვიდობის მოსაფენად ქვეყანაზე. მოვედი არა მშვიდობის მოსაფენად, არამედ მახვილისა,
35რადგან მოვედი გასაყოფად კაცისა თავისი მამისგან და ასულისა თავისი დედისგან და რძლისა თავისი დედამთილისგან.
36და მტერი კაცისა იქნება მისი სახლეული.
37ვისაც უყვარს მამა ან დედა ჩემზე მეტად, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც უყვარს ძე ან ასული ჩემზე მეტად, არ არის ჩემი ღირსი.
38და ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და შემომიდგება მე, არ არის ჩემი ღირსი.
39ვინც მოიპოვებს თავის სულს, წარწყმედს მას; და ვინც წარწყმედს თავის სულს ჩემ გამო, მოიპოვებს მას.
40ვინც გიწყნარებთ თქვენ, მე მიწყნარებს; და ვინც მე მიწყნარებს, იწყნარებს ჩემს მომავლინებელს.
41ვინც იწყნარებს წინასწარმეტყველს წინასწარმეტყველის სახელით, წინასწარმეტყველის საზღაურს მიიღებს; და ვინც იწყნარებს მართალს მართლის სახელით, მართლის საზღაურს მიიღებს.
42და ვინც დაალევინებს ერთ ამ მცირეთაგანს ერთ სასმის ცივ წყალს მოწაფის სახელით, ამინ გეუბნებით თქვენ, არ დაეკარგება თავისი საზღაური.
Next