თავი - 9
Previous1და ავიდა ნავზე, გავიდა გაღმა და მივიდა თავის ქალაქში.
2და აჰა, მიუყვანეს მას დავრდომილი, სარეცელზე მდებარე. და იხილა იესომ მათი რწმენა და უთხრა დავრდომილს: გამხნევდი, შვილო, მოგეტევა შენ შენი ცოდვები.
3და აჰა, ზოგმა მწიგნობართაგანმა თქვა თავის გულში: ეს გმობს.
4და იცოდა იესომ მათი გულისზრახვები და უთხრა: რატომ ფიქრობთ თქვენ ბოროტს თქვენს გულში?
5რა უფრო ადვილია, თქმა: მოგეტევა შენი ცოდვები, თუ თქმა: ადექი და იარე?
6ხოლო რათა იცოდეთ, რომ ხელმწიფება აქვს ძეს კაცისას ქვეყანაზე ცოდვების მიტევებისა, — მაშინ უთხრა დავრდომილს: ადექი, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში.
7და ადგა და წავიდა თავის სახლში.
8ამის მხილველი ხალხი გაოცდა და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ასეთი ხელმწიფება მისცა ადამიანებს.
9და წამოვიდა იესო იქიდან და იხილა კაცი, რომელიც იჯდა საზვერეში, მათედ წოდებული, და უთხრა მას: გამომყევი მე. და ადგა და გაჰყვა მას.
10და იყო, როდესაც იგი ინახით იჯდა სახლში, აჰა, მრავალი მეზვერე და ცოდვილი მივიდა და დაჯდა თანამეინახედ იესოსთან და მის მოწაფეებთან.
11და როდესაც ნახეს ფარისევლებმა, უთხრეს მის მოწაფეებს: რატომ ჭამს მეზვერეებთან და ცოდვილებთან თქვენი მოძღვარი?
12ხოლო იესომ როდესაც გაიგონა, უთხრა მათ: არ სჭირდებათ ჯანმრთელებს მკურნალი, არამედ ავადმყოფებს.
13ხოლო თქვენ წადით და ისწავლეთ, რა არის: წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი, — რადგან მოვედი არა მართალთა მოსაწოდებლად, არამედ ცოდვილთა.
14მაშინ მივიდნენ მასთან იოანეს მოწაფეები და უთხრეს: რატომ ვმარხულობთ ჩვენ და ფარისევლები ბევრს, ხოლო შენი მოწაფეები არ მარხულობენ?
15და უთხრა მათ იესომ: განა შეუძლიათ ქორწილის ძეებს გლოვა, ვიდრე მათთან არის სიძე? მოვა დღეები, როცა წაიყვანენ მათგან სიძეს, და მაშინ იმარხულებენ.
16არავინ ადებს ახალი ნაჭრის საკერებელს ძველ სამოსს, რადგან დაირღვევა სამოსის მთლიანობა და უფრო დაიხევა;
17არც ასხამენ ახალ ღვინოს ძველ თხიერებში, თორემ დასკდება თხიერები და ღვინო დაიღვრება და თხიერები უვარგისი გახდება; არამედ ასხამენ ახალ ღვინოს ახალ თხიერებში და ორივე ინახება.
18და როდესაც იგი ამას ამბობდა, აჰა, ერთი მთავარი მივიდა, თაყვანს სცემდა მას და ეუბნებოდა: ჩემი ასული ახლახან აღესრულა, მაგრამ მოდი და დაადე შენი ხელი მას და გაცოცხლდება.
19და ადგა იესო და გაჰყვა მას. და მასთან ერთად მისი მოწაფეებიც.
20და აჰა, დედაკაცი, რომელსაც ჰქონდა სისხლდენა თორმეტი წელი, მივიდა ზურგიდან და შეეხო მისი სამოსის კიდეს,
21რადგან ამბობდა თავის გულში: მხოლოდ მის სამოსსაც რომ შევეხო, განვიკურნები.
22ხოლო იესო მიბრუნდა, იხილა იგი და უთხრა: გამხნევდი, ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა შენ. და განიკურნა დედაკაცი იმ დროიდან.
23და როდესაც მივიდა იესო მთავრის სახლში და იხილა იქ მესაკრავენი და შეშფოთებული ხალხი, უთხრა მათ:
24გაშორდით, რადგან არ მომკვდარა გოგონა, არამედ სძინავს. და დასცინოდნენ მას.
25და როდესაც გამოყარეს ხალხი, შევიდა და მოჰკიდა ხელი მას და ადგა გოგონა.
26და გავრცელდა მისი ამბავი მთელ იმ ქვეყანაში.
27და წამოვიდა რა იქიდან იესო, მოსდევდა მას ორი ბრმა, ღაღადებდნენ და ამბობდნენ: შეგვიწყალე ჩვენ, ძეო დავითისაო.
28და როდესაც შევიდა სახლში, მივიდნენ მასთან ბრმები და უთხრა მათ იესომ: გწამთ, რომ შემიძლია ამის გაკეთება? უთხრეს მას: ჰო, უფალო.
29მაშინ შეეხო მათ თვალებს და უთხრა: თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ თქვენ.
30და აეხილათ მათ თვალები; და მკაცრად მიმართა მათ იესომ და უთხრა: იცოდეთ, არავინ გაიგოს.
31ხოლო ისინი გამოვიდნენ და გაავრცელეს ეს ამბავი მთელ იმ ქვეყანაში.
32და როდესაც გამოვიდნენ ისინი, აჰა, მიუყვანეს მას კაცი მუნჯი და ეშმაკეული.
33და როცა განდევნა ეშმაკი, ამეტყველდა მუნჯი. და გაუკვირდა ხალხს და ამბობდა: არასდროს ყოფილა ამგვარი რამ ისრაელში.
34ხოლო ფარისევლები ამბობდნენ: ეშმაკთა მთავრით განდევნის ეშმაკებს.
35და დადიოდა იესო ყველა ქალაქსა და დაბაში, ასწავლიდა მათ შესაკრებლებში და ქადაგებდა სახარებას სასუფევლისას და კურნავდა ყველა სენსა და ყველა უძლურებას ერში.
36და როდესაც იხილა ხალხი, შეებრალა ისინი, რადგან იყვნენ დამაშვრალნი და დაცვენილნი, როგორც ცხვრები, რომელთაც არა ჰყავთ მწყემსი.
37მაშინ უთხრა თავის მოწაფეებს: სამკალი ბევრია, ხოლო მუშაკი — ცოტა;
38ევედრეთ სამკალის პატრონს, რომ გამოიყვანოს მუშაკები თავის სამკალში.
Next