Eleos

Contents

თავი - 8

Previous
1და როდესაც ჩამოდიოდა იგი მთიდან, გამოჰყვა მას დიდძალი ხალხი.
2და აჰა, კეთროვანი მივიდა, თაყვანს სცემდა მას და ეუბნებოდა: უფალო; თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი განწმენდა.
3და გაიწოდა ხელი იესომ, შეახო მას და უთხრა: მნებავს, განიწმინდე. და მყისვე განიწმინდა იგი კეთრისაგან.
4და უთხრა მას იესომ: იცოდე, არავის უთხრა, არამედ წადი და უჩვენე შენი თავი მღვდელს და შესწირე შესაწირავი, რომელიც ბრძანა მოსემ მათთვის დასამოწმებლად.
5და როცა შევიდა იგი კაპერნაუმში, მივიდა მასთან ასისთავი, ევედრებოდა მას
6და ეუბნებოდა: უფალო, ჩემი მსახური წევს სახლში, დავრდომილი, და ძლიერ იტანჯება.
7უთხრა მას იესომ: მე მოვალ და განვკურნავ მას.
8მიუგო ასისთავმა და უთხრა: უფალო, არა ვარ ღირსი, რომ ჩემ ჭერქვეშ შემოხვიდე, არამედ მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური,
9რადგან მეც კაცი ვარ. ხელმწიფების ქვეშ მყოფი და მყავს ჩემ ხელქვეით მეომრები და ვეუბნები ამას: წადი, — და მიდის; და სხვას: მოდი, — და მოდის; და ჩემს მონას: გააკეთე ეს, — და აკეთებს.
10და ეს რომ გაიგონა იესომ, გაუკვირდა და უთხრა მათ, ვინც მიჰყვებოდა: ამინ გეუბნებით თქვენ: ისრაელშიც ვერ ვპოვე ასეთი რწმენა.
11და გეუბნებით თქვენ, რომ მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან და ინახით დასსხდებიან აბრაამთან, ისააკთან და იაკობთან ცათა სასუფეველში,
12ხოლო სასუფევლის ძენი გაიყრებიან ბნელ გარესკნელში. იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა.
13და უთხრა იესომ ასისთავს: წადი და როგორც ირწმუნე, მოგეგოს შენ. — და განიკურნა მისი მსახური იმ დროს.
14და მივიდა იესო პეტრეს სახლში და იხილა მისი სიდედრი, დავრდომილი ცხელებისაგან;
15შეეხო მის ხელს და დატოვა იგი ცხელებამ, ადგა და ემსახურებოდა მას;
16ხოლო როცა მოსაღამოვდა, მიუყვანეს მას მრავალი ეშმაკეული და განდევნა სულები სიტყვით და ყველა ავადმყოფი განკურნა;
17რათა აღსრულებულიყო ნათქვამი ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: მან უძლურებანი ჩვენი თავს იდო და სნეულებანი იტვირთა (ეს.53,4).
18როდესაც იხილა იესომ მრავალი ხალხი თავის გარშემო, უბრძანა გაღმა გასვლა.
19და მივიდა ერთი მწიგნობარი და უთხრა მას: მოძღვარო, გამოგყვები შენ, სადაც წახვალ.
20უთხრა მას იესომ: მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველებს — ბუდეები, ხოლო ძეს კაცისას არა აქვს, სად მიიდრიკოს თავი.
21ხოლო სხვა მისმა მოწაფეთაგანმა უთხრა მას: უფალო, ნება მომეცი მე, ჯერ წავიდე და დავმარხო მამა ჩემი.
22ხოლო იესომ უთხრა მას: გამომყევი მე და აცალე მკვდრებს, დამარხონ თავისი მკვდრები.
23და ავიდა იგი ნავზე და გაჰყვნენ მას მისი მოწაფეები.
24და აჰა, დიდი ღელვა იყო ზღვაზე, ისე რომ ნავი იფარებოდა ტალღებით; ხოლო მას ეძინა.
25და მივიდნენ მისი მოწაფეები, გააღვიძეს იგი და უთხრეს: უფალო, გვიხსენი ჩვენ, ვიღუპებით.
26და უთხრა მათ: რატომ შეშინდით, მცირედმორწმუნენო? მაშინ ადგა და შერისხა ქარები და ზღვა და დადგა დიდი მყუდროება;
27ხოლო ადამიანებს გაუკვირდათ და თქვეს: ვინ არის ეს, რომ ქარებიცა და ზღვაც ემორჩილებიან მას?
28და როდესაც გავიდა იგი გაღმა, გერგესელთა მხარეში, შეხვდა მას საფლავებიდან გამოსული ორი ეშმაკეული, მეტად საზარელი, ისე რომ არავის შეეძლო ამ გზაზე გავლა.
29და აჰა, შეღაღადეს და თქვეს: რა გინდა ჩვენგან შენ, იესო, ძეო ღვთისაო? მოხვედ აქ დროზე ადრე ჩვენ სატანჯველად?
30და მათგან მოშორებით ღორების დიდი კოლტი ძოვდა.
31ხოლო ეშმაკები ევედრებოდნენ მას და ეუბნებოდნენ: თუ განგვდევნი ჩვენ, გვიბრძანე, შევიდეთ ღორების კოლტში.
32და უთხრა მათ: წადით; ხოლო ისინი გავიდნენ და შევიდნენ ღორების კოლტში; და აჰა, გადაეშვა ღორების მთელი კოლტი კბოდიდან ზღვაში და შთაინთქა წყალში,
33ხოლო მწყემსები გაიქცნენ და, მივიდნენ რა ქალაქში, აუწყეს ყოველივე და ეშმაკეულების შესახებაც.
34და აჰა, მთელი ქალაქი გამოვიდა იესოს შესახვედრად და, როცა ნახეს იგი, შეევედრნენ, რომ გასულიყო მათი საზღვრებიდან.
Next