Eleos

Contents

თავი - 7

Previous
1ნუ განიკითხავთ, რათა არ იყოთ განკითხულნი;
2რადგან რა განკითხვითაც განიკითხავთ, იმითვე განიკითხებით, და რა საწყაოთიც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვებათ თქვენ.
3რად ხედავ ბეწვს შენი ძმის თვალში და შენს თვალში დირეს არ განიცდი?
4ან როგორ ეტყვი შენს ძმას: მაცალე და ამოვიღებ ბეწვს შენი თვალიდან, — და აჰა, დირეა შენს თვალში?
5თვალთმაქცო, ამოიღე პირველად დირე შენი თვალიდან და მაშინ დაინახავ ამოსაღებ ბეწვს შენი ძმის თვალიდან.
6ნუ აძლევთ სიწმიდეს ძაღლებს, ნურც უყრით წინ თქვენს მარგალიტებს ღორებს, რათა არ გათელონ ისინი თავისი ფეხებით და არ მოგიბრუნდნენ და არ დაგგლიჯონ თქვენ.
7ითხოვეთ და მოგეცემათ თქვენ; ეძიეთ და იპოვით; აკაკუნეთ და გაგეღებათ თქვენ,
8რადგან ყველა, ვინც ითხოვს, იღებს და ვინც ეძიებს, პოულობს და ვინც აკაკუნებს, გაეღება.
9ან ვინ არის თქვენ შორის კაცი, რომელიც, თუ სთხოვს თავისი ძე პურს, ქვას მისცემს მას?
10და თუ თევზს სთხოვს, გველს მისცემს მას?
11თუ თქვენ, უკეთურებმა, იცით კეთილი მისაცემის მიცემა თქვენი შვილებისთვის, რამდენად უფრო მამა თქვენი ზეცათა მისცემს კეთილს იმათ, ვინც სთხოვს მას?
12ყოველივე, რაც გინდათ, რომ გაგიკეთონ თქვენ ადამიანებმა, თქვენც ის გაუკეთეთ მათ, რადგან ეს არის სჯული და წინასწარმეტყველნი.
13შედით ვიწრო ბჭით, რადგან ფართოა ბჯე და ვრცელია გზა, რომელსაც მიჰყავს წარსაწყმედად, და მრავალნი არიან რომლებიც დადიან მასზე.
14რა ვიწროა ბჭე და ძნელია გზა, რომელსაც მიჰყავს ცხოვრებისაკენ, და ცოტაა, ვინც პოულობს მას!
15ერიდეთ ცრუწინასწარმეტყველებს, რომლებიც მოდიან თქვენთან ცხვრის სამოსით, ხოლო შინაგანად არიან მტაცებელი მგლები.
16მათი ნაყოფით იცნობთ მათ. განა კრეფენ ეკლიდან ყურძენს ან ნარიდან — ლეღვს?
17ასევე ყოველი კეთილი ხე კარგ ნაყოფს გამოიღებს, ხოლო უვარგისი ხე უკეთურ ნაყოფს გამოიღებს.
18არ შეუძლია კეთილ ხეს უკეთური ნაყოფის გამოღება, არც უვარგის ხეს — კარგი ნაყოფის გამოღება.
19ყოველ ხეს, რომელიც არ გამოიღებს კარგ ნაყოფს, მოჭრიან და ცეცხლში ჩააგდებენ.
20ასე რომ, მათი ნაყოფით იცნობთ მათ.
21არა ყველა ვინც მეუბნება მე: უფალო, უფალო, შევა ცათა სასუფეველში, არამედ ვინც ასრულებს ჩემი ზეცათა მამის ნებას.
22მრავალი მეტყვის მე იმ დღეს: უფალო, უფალო, განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით და შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს და შენი სახელით არ აღვასრულებდით მრავალ სასწაულს?
23და მაშინ გამოვუცხადებ მათ: არ გიცნობთ თქვენ, გამშორდით მე ყველა უსჯულოების მოქმედი.
24ამიტომ ყველას, ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, ვამსგავსებ მას გონიერ კაცს, რომელმაც ააშენა თავისი სახლი კლდეზე.
25და წამოვიდა წვიმა, მოვარდა მდინარეები, დაბერა ქარებმა და ეკვეთნენ იმ სახლს და არ დაეცა, რადგან დაფუძნებული იყო კლდეზე.
26და ყველა ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და არ ასრულებს მათ, ემსგავსება სულელ კაცს, რომელმაც. ააშენა თავისი სახლი ქვიშაზე.
27და წამოვიდა წვიმა, მოვარდა მდინარეები, დაბერა ქარებმა და ეკვეთნენ იმ სახლს და დაეცა. და იყო მისი დაცემა მეტად დიდი.
28და იყო, როცა დაასრულა იესომ ეს სიტყვები, განცვიფრებული იყო ხალხი მისი მოძღვრებით,
29რადგან იგი ასწავლიდა მათ, როგორც ხელმწიფების მქონე და არა როგორც მათი მწიგნობრები და ფარისევლები.
Next