თავი - 6
Previous1ერიდეთ თქვენი მოწყალება არ გასცეთ კაცთა წინაშე მათ დასანახავად, თუ არა, საზღაური არ გექნებათ თქვენი ზეცათა მამისგან.
2ამიტომ, როცა მოწყალებას გასცემ, ნუ გაახმაურებ შენ გარშემო, როგორც თვალთმაქცნი იქცევიან შესაკრებლებსა და ქუჩებში, რათა იდიდონ კაცთაგან. ამინ გეუბნებით თქვენ: იღებენ თავის საზღაურს;
3ხოლო შენ როცა მოწყალებას გასცემ, ნუ ეცოდინება შენს მარცხენას, რას აკეთებს შენი მარჯვენა,
4რათა იყოს შენი მოწყალება დაფარული; და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად.
5და როცა ლოცულობთ, ნუ იქნებით, როგორც თვალთმაქცნი, რადგან უყვართ შესაკრებლებსა და ქუჩის კუთხეებში დგომა და ლოცვა კაცთა დასანახავად. ამინ გეუბნებით თქვენ: იღებენ თავის საზღაურს;
6ხოლო შენ, როცა ლოცულობ, შედი შენს საგანძურში, დახურე შენი კარი და ილოცე შენი მამის მიმართ, რომელიც არის დაფარული. და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად.
7და ლოცვისას მრავალს ნუ იტყვით, როგორც წარმართნი, რადგან ჰგონიათ, რომ თავისი მრავალმეტყველებით იქნებიან შესმენილნი.
8ამიტომ ნუ ემსგავსებით მათ, რადგან იცის მამამ თქვენმა, რა გჭირდებათ, ვიდრე ითხოვთ თქვენ მისგან;
9ხოლო თქვენ ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი;
10მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი როგორც ცაში, ასევე ქვეყანაზე;
11პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს;
12და მოგვიტევე ჩვენ ვალები ჩვენი, როგორც ჩვენ მივუტევებთ ჩვენს მოვალეებს;
13და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. რადგან შენია სუფევა, ძალა და დიდება საუკუნეთა მიმართ; ამინ.
14რადგან თუ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, მოგიტევებთ თქვენც მამა თქვენი ზეცათა,
15ხოლო თუ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც მამა თქვენი მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს.
16და როდესაც მარხულობთ, ნუ იქნებით, როგორც თვალთმაქცნი, მჭმუნვარე, რადგან იმწუხრებენ თავის სახეებს, რათა ეჩვენონ ადამიანებს მმარხველად. ამინ გეუბნებით თქვენ: იღებენ თავის საზღაურს;
17ხოლო შენ, როცა მარხულობ, იცხე თავზე და დაიბანე პირი შენი,
18რათა არ ეჩვენო ადამიანებს მმარხველად, არამედ — მამას შენსას, რომელიც არის დაფარული; და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად.
19ნუ იუნჯებთ თქვენთვის საუნჯეს ქვეყანაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც მპარავნი თხრიან და იპარავენ;
20არამედ დაიუნჯეთ თქვენთვის საუნჯე ზეცაში, სადაც არც ჩრჩილი, არც ჟანგი სპობს და არც მპარავნი თხრიან და იპარავენ;
21რადგან, სადაც არის თქვენი საუნჯე, იქ იქნება თქვენი გულიც.
22სანთელი სხეულისა არის თვალი. ამიტომ თუ თვალი შენი წრფელი იქნება, მთელი შენი სხეული ნათელი. იქნება;
23ხოლო თუ თვალი შენი ბოროტი იქნება, მთელი შენი სხეული ბნელი იქნება. ამიტომ თუ ნათელი, რომელიც შენშია, ბნელია, ბნელი რამდენიღა იქნება?
24არავის შეუძლია ორი ბატონის მონება: ან ერთს მოიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან ერთს დაემორჩილება და მეორეს უგულებელყოფს. ვერ შეძლებთ ღვთისა და მამონის მონებას.
25ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი სულისთვის, რა ჭამოთ და რა სვათ; ნურც თქვენი სხეულისთვის, რა შეიმოსოთ. განა სული მეტი არ არის საზრდოზე და სხეული — სამოსზე?
26შეხედეთ ცის ფრინველებს, რადგან არ თესავენ, არც მკიან, არც აგროვებენ ბეღლებში და მამა თქვენი ზეცათა ასაზრდოებს მათ. განა თქვენ მათზე უმჯობესნი არა ხართ?
27რომელი თქვენგანი იზრუნებს და შეძლებს, მოუმატოს თავის სიმაღლეს ერთი წყრთა?
28და სამოსისთვის რას ზრუნავთ? შეხედეთ ველის შროშანებს, როგორ იზრდებიან: არ შრომობენ, არც ართავენ;
29ხოლო გეუბნებით. თქვენ: არც სოლომონი შემოსილა მთელი თავისი დიდებისას, როგორც ერთი ამათგანი;
30ხოლო თუ ველის ბალახს, რომელიც დღეს არის და ხვალ თონეში ჩაიყრება, ღმერთი ასე მოსავს, თქვენ უფრო მეტად არა, მცირედმორწმუნენო?
31ამიტომ ნუ ზრუნავთ და ნუ ამბობთ: რა ვჭამოთ ან რა ვსვათ, ან რა შევიმოსოთ? —
32რადგან ყოველივე ამას წარმართები ეძიებენ; რადგან იცის თქვენმა ზეციერმა მამამ, რომ გჭირდებათ ეს. ყოველივე;
33ხოლო ეძიეთ პირველად სასუფეველი ღვთისა და სიმართლე მისი და ეს ყოველივე შეგემატებათ თქვენ;
34ამიტომ ნუ ზრუნავთ ხვალისთვის, რადგან ხვალე იზრუნებს თავისთვის.
35საკმარისია დღისთვის ბოროტება მისი.
Next