თავი - 5
Previous1როდესაც იხილა ხალხი, ავიდა მთაზე, დაჯდა იგი და მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები.
2და გახსნა პირი, ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა:
3ნეტარნი არიან გლახაკნი სულით, რადგან მათია სასუფეველი ცათა.
4ნეტარნი არიან მგლოვიარენი გულით, რადგან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან.
5ნეტარნი არიან მშვიდნი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას.
6ნეტარნი არიან, რომელთაც შიათ და სწყურიათ სიმართლე, რადგან ისინი გაძღებიან.
7ნეტარნი არიან მოწყალენი, რადგან ისინი შეწყალებულნი იქნებიან.
8ნეტარნი არიან წმიდანი გულით, რადგან ისინი ღმერთს იხილავენ.
9ნეტარნი არიან მშვიდობისმყოფელნი, რადგან ისინი ღვთის ძეებად იწოდებიან.
10ნეტარნი არიან დევნილნი სიმართლისათვის, რადგან მათია სასუფეველი ცათა.
11ნეტარნი ხართ თქვენ, როცა გაგლანძღავენ და განგდევნიან და იტყვიან ყოველგვარ ბოროტ სიტყვას სიცრუით თქვენზე ჩემ გამო;
12გიხაროდეთ და მხიარულნი იყავით, რადგან საზღაური თქვენი მრავალია ცაში: რადგან ასევე დევნეს წინასწარმეტყველნი, რომლებიც თქვენზე უწინ იყვნენ.
13თქვენ ხართ მარილი ქვეყნისა, ხოლო თუ მარილი გამტკნარდა, რითღა დამარილდება? აღარაფრად გამოდგება მერე, თუ არა გადასაყრელად გარეთ და გასათელად კაცთაგან.
14თქვენ ხართ ნათელი სოფლისა. შეუძლებელია დაიფაროს ქალაქი მთაზე დაშენებული.
15არც ანთებენ სანთელს, რომ დადგან იგი საწყაოს ქვეშ, არამედ სასანთლეზე და უნათებს იგი ყველას, ვინც სახლში არის.
16ასე ბრწყინავდეს ნათელი თქვენი კაცთა წინაშე, რათა იხილონ საქმენი თქვენნი კეთილნი და ადიდონ მამა თქვენი ზეცათა.
17ნუ გგონიათ, რომ მოვედი დასარღვევად სჯულისა ან წინასწარმეტყველთა; მოვედი არა დასარღვევად, არამედ აღსასრულებლად.
18ამინ გეუბნებით თქვენ: ვიდრე არ გადავა ცა და ქვეყანა, ერთი იოტა ან ერთი წერტილი არ გადავა სჯულისგან და წინასწარმეტყველთაგან, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება.
19ვინც დაარღვევს ერთ ამ მცნებათაგან უმცირესს და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი ეწოდება მას ცათა სასუფეველში; ხოლო ვინც შეასრულებს და ასწავლის, მას დიდი ეწოდება ცათა სასუფეველში,
20რადგან გეუბნებით თქვენ: თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში.
21გსმენიათ, რომ ითქვა ძველთა მიმართ: არ მოკლა (გამ.20,13); ხოლო ვინც მოკლავს, ღირსია სასჯელისა;
22ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყველა, ვინც განურისხდება თავის ძმას უმიზეზოდ, ღირსია სასჯელისა; და ვინც ეტყვის თავის ძმას: რაკა, — განსასჯელია სამსჯავროზე; და ვინც ეტყვის: სულელო, — ღირსია გეენის ცეცხლისა.
23ამიტომ, თუ სწირავ შენს შესაწირავს სამსხვერპლოზე და იქ გაგახსენდა, რომ შენი ძმა გულძვირად არის შენზე,
24დატოვე იქ შენი შესაწირავი სამსხვერპლოს წინ, წადი და ჯერ შეურიგდი შენს ძმას და მაშინ მიდი და შესწირე შენი შესაწირავი.
25იყავი კეთილადმცნობელი შენი მეტოქისა უმალ, ვიდრე ხარ გზაზე მასთან ერთად, რომ არ გადაგცეს შენ მეტოქემ მსაჯულს და მსაჯულმა — მსახურს და საპყრობილეში არ ჩავარდე.
26ამინ გეუბნები შენ: ვერ გამოხვალ იქიდან, ვიდრე არ მისცემ უკანასკნელ კოდრანტს.
27გსმენიათ, რომ ითქვა ძველთა მიმართ: არ იმრუშო (გამ.20,14);
28ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველმა, რომელმაც გულისთქმით შეხედა დედაკაცს, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში.
29თუ თვალი შენი მარჯვენა გაცდუნებს შენ, ამოიღე იგი და განაგდე შენგან, რადგან უმჯობესია შენთვის, წარწყმდეს ერთი შენი ასოთაგანი და არა მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენაში.
30და თუ მარჯვენა ხელი შენი გაცდუნებს შენ, მოიკვეთე იგი და განაგდე შენგან, რადგან უმჯობესია შენთვის, წარწყმდეს ერთი შენი ასოთაგანი და არა მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენაში.
31ნათქვამია: ვინც გაუშვებს თავის ცოლს, მისცეს მას განტევების წერილი (2სჯ.24,1);
32ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი, რომელიც გაუშვებს თავის ცოლს სიძვის მიზეზის გარეშე, ამრუშებს მას; და ვინც გაშვებულს შეირთავს, მრუშობს.
33კიდევ გსმენიათ, რომ ითქვა ძველთა მიმართ: არ დაიფიცო ტყუილად, არამედ შეუსრულე უფალს შენი ფიცი (ლევ.19,12; 2სჯ.23,21);
34ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ნუ დაიფიცებთ სრულიად: ნურც ცას, რადგან ტახტია ღვთისა,
35ნურც ქვეყანას, რადგან კვარცხლბეკია მის ფეხთა, ნურც იერუსალიმს, რადგან ქალაქია დიდი მეუფისა,
36ნურც შენს თავს დაიფიცებ, რადგან არ შეგიძლია თმის ერთი ღერის გათეთრება ან გაშავება;
37არამედ იყოს თქვენი სიტყვა: ჰო — ჰო და არა — არა, ხოლო ამაზე მეტი უკეთურისგან არის.
38გსმენიათ, რომ ითქვა: თვალი თვალის წილ და კბილი კბილის წილ (გამ.21,24).
39ხოლო მე გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს; არამედ ვინც გაგარტყამს შენ მარჯვენა ყვრიმალში, მიუშვირე მას მეორეც;
40და ვინც მოინდომებს შენთვის მსჯავრის დადებას და შენი პერანგის წართმევას, დაუტოვე მას სამოსიც;
41და ვინც გაიძულებს შენ, წაჰყვე ერთ მილზე, გაჰყევი მას — ორზე;
42ვინც გთხოვს შენ, მიეცი; და ვისაც უნდა სესხება შენგან, პირს ნუ იბრუნებ.
43გსმენიათ, რომ ითქვა: შეიყვარე მოყვასი შენი და მოიძულე მტერი შენი (ლევ.19,18);
44ხოლო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდეთ თქვენი მტრები; აკურთხეთ თქვენი მაწყევარნი; სიკეთე გაუკეთეთ თქვენს მოძულეებს. და ილოცეთ მათთვის, ვინც მძლავრობს თქვენზე და გდევნით თქვენ,
45რათა იყოთ თქვენ შვილები თქვენი ზეცათა მამისა; რადგან თავისი მზე ამოჰყავს ბოროტებზე და კეთილებზე და აწვიმებს მართლებზე და ცრუებზე;
46რადგან თუ გეყვარებათ მხოლოდ თქვენი მოყვარენი, რა საზღაური გაქვთ? განა მეზვერეებიც ასე არ იქცევიან?
47და თუ მოიკითხავთ მხოლოდ თქვენს მეგობრებს, განსაკუთრებულს რას აკეთებთ? განა წარმართებიც ასე არ იქცევიან?
48იყავით თქვენ სრულნი, როგორც სრულია მამა თქვენი ზეცათა.
Next