თავი - 4
Previous1მაშინ იესო აყვანილი იყო უდაბნოში სულის მიერ ეშმაკისგან გამოსაცდელად.
2და იმარხულა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე და ბოლოს მოშივდა.
3მივიდა მასთან გამომცდელი და უთხრა: თუ ძე ხარ ღვთისა, თქვი, რომ ეს ქვები პურებად იქცეს;
4ხოლო მან მიუგო და უთხრა: წერია: არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი, არამედ ყოველი სიტყვით, რომელიც გამოდის ღვთის პირიდან (2სჯ.8,3).
5მაშინ წაიყვანა იგი ეშმაკმა წმიდა ქალაქში და დააყენა იგი ტაძრის სახურავზე
6და უთხრა მას: თუ ძე ხარ ღვთისა, გადაიგდე თავი ქვევით, რადგან წერია: თავის ანგელოზებს უბრძანებს შენთვის და ხელში აგიყვანენ შენ, რომ არსად წამოჰკრა ქვას ფეხი შენი (ფს.90,11-12).
7უთხრა მას იესომ: ასევე წერია: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი (2სჯ.6,16).
8კვლავ წაიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე და უჩვენა მას ქვეყნის ყველა სამეფო. და დიდება მათი.
9და უთხრა მას: ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დავარდები და თაყვანს მცემ მე.
10მაშინ უთხრა მას იესომ: გამშორდი, სატანა, რადგან წერია: უფალ ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე (2სჯ.6,13).
11მაშინ დატოვა იგი ეშმაკმა და აჰა, ანგელოზები მივიდნენ და ემსახურებოდნენ მას.
12ხოლო გაიგო რა იესომ, რომ იოანე შეიპყრეს, გაერიდა და წავიდა გალილეაში.
13და დატოვა ნაზარეთი, მივიდა და დამკვიდრდა ზღვისპირა კაპერნაუმში, ზაბულონისა და ნეფთალემის საზღვრებში,
14რათა აღსრულებულიყო ნათქვამი ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:
15ქვეყანა ზაბულონისა და ქვეყანა ნეფთალემისა, გზა ზღვისა იორდანის გაღმა, გალილეა წარმართთა;
16ერმა, რომელიც ისხდა ბნელში, იხილა ნათელი დიდი და რომლებიც ისხდნენ ბნელსა და სიკვდილის, ჩრდილში, ნათელი ამოუბრწყინდათ მათ (ეს.9,1-2).
17ამიერიდან დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: შეინანეთ, რადგან მოახლოებულია სასუფეველი ცათა.
18და მიდიოდა რა იესო გალილეის ზღვის პირას, იხილა ორი ძმა: სიმონი, რომელსაც ეწოდა პეტრე, და ანდრია, ძმა მისი, ისროდნენ ბადეებს ზღვაში, რადგან იყვნენ მებადურები;
19და უთხრა მათ: მოდით, შემომიდექით მე და გაქცევთ თქვენ კაცთა მებადურებად;
20ხოლო მათ მყისვე დატოვეს თავისი ბადეები და გაჰყვნენ მას.
21როდესაც იქიდან წამოვიდა, იხილა სხვა ორი ძმა: იაკობ ზებედესი და იოანე, ძმა მისი, ნავში, ზებედესთან, მათ მამასთან ერთად, და უხმო მათ;
22ხოლო მათ მყისვე დატოვეს ნავი და თავისი მამა და გაჰყვნენ მას.
23და დადიოდა იესო მთელ გალილეაში, ასწავლიდა მათ შესაკრებლებში და ქადაგებდა სახარებას სასუფევლისას და კურნავდა ყველა სენსა და ყველა უძლურებას ერში.
24და გავრცელდა ხმა მის შესახებ მთელ სირიაში; და მოჰყავდათ მასთან ყველა ავადმყოფი, სხვადასხვა სენით და სატკივრით შეპყრობილი: ეშმაკეული, მთვარეული და დავრდომილი და განკურნა ისინი.
25და მიჰყვებოდა მას დიდძალი ხალხი გალილეიდან და ათქალაქიდან, იერუსალიმიდან და ჰურიასტანიდან და იორდანის გაღმიდან.
Next