თავი - 2
Previous1ხოლო იესოს შობისას ჰურიასტანის ბეთლემში, ჰეროდე მეფის დროს, აჰა, მოგვები აღმოსავლეთიდან მოვიდნენ იერუსალიმში და ამბობდნენ:
2სად არის ახლადშობილი მეფე იუდეველთა? რადგან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რომ თაყვანი ვცეთ მას.
3ეს რომ გაიგო ჰეროდე მეფემ, შეძრწუნდა და მთელი იერუსალიმი მასთან ერთად;
4და შეკრიბა ყველა მღვდელმთავარი და ერის მწიგნობარი და გამოიკითხა მათგან, სად უნდა შობილიყო ქრისტე;
5ხოლო მათ უთხრეს მას: ჰურიასტანის ბეთლემში, — რადგან ასეა დაწერილი წინასწარმეტყველის მიერ:
6და შენ, ბეთლემო, იუდას ქვეყანავ, არაფრით ხარ უმცირესი იუდას მთავართა შორის, რადგან შენგან გამოვა წინამძღვარი, რომელიც დამწყემსავს ჩემს ერს, ისრაელს (მიქ.5,2).
7მაშინ ჰეროდემ ფარულად მოუხმო მოგვებს და გამოიკითხა მათგან დრო ვარსკვლავის გამოჩენისა.
8და გაგზავნა ისინი ბეთლემში და უთხრა: მიდით და ზედმიწევნით გამოიკითხეთ ყრმის შესახებ და, როცა იპოვით, მაცნობეთ მე, რომ მეც მივიდე და თაყვანი ვცე მას.
9ხოლო მათ მოუსმინეს რა მეფეს, წავიდნენ. და აჰა, ვარსკვლავი, რომელიც იხილეს აღმოსავლეთში, წინ უძღოდა მათ, ვიდრე არ მივიდა და დაადგა იმ ადგილს, სადაც იყო ყრმა
10ხოლო მათ, როდესაც იხილეს ვარსკვლავი, ფრიად გაიხარეს დიდი სიხარულით.
11და შევიდნენ რა სახლში, იხილეს ყრმა მარიამთან, მის დედასთან, დაეცნენ და თაყვანი სცეს მას; და გახსნეს თავისი საგანძურები და მიართვეს მას ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური.
12და მიიღეს ბრძანება ჩვენებით, რომ არ მიბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან, და სხვა გზით წავიდნენ თავის ქვეყანაში.
13ხოლო როდესაც გაშორდნენ ისინი, აჰა, ანგელოზი უფლისა გამოეცხადა ჩვენებით იოსებს და უთხრა: ადექი და წაიყვანე ყრმა და დედა მაგისი და გაიქეცი ეგვიპტეში და იყავი იქ, ვიდრე არ გეტყვი შენ, რადგან სურს ჰეროდეს მოძებნა ყრმისა და დაღუპვა მისი;
14ხოლო იგი ადგა და წაიყვანა ყრმა და დედა მისი ღამით და წავიდა ეგვიპტეში.
15და იყო იქ ჰეროდეს აღსასრულამდე, რათა აღსრულებულიყო ნათქვამი უფლისა წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: ეგვიპტიდან მოვუწოდე ჩემს ძეს (ოს.11,1).
16მაშინ ჰეროდემ ნახა, რომ შერცხვენილი აღმოჩნდა მოგვებისგან, და განრისხდა ძლიერ, გაგზავნა და ამოწყვიტა ყველა ყრმა ბეთლემსა და მთელ მის საზღვრებში, ორი წლისა და უმცროსი, იმ დროის მიხედვით, როგორც გამოიკითხა მოგვებისგან.
17მაშინ აღსრულდა ნათქვამი იერემია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:
18ხმა გაისმა რამაში, გოდება, ტირილი და გლოვა დიდი; რაქელი დასტირის თავის შვილებს და არ უნდა ნუგეშისცემა, რადგან აღარ არიან (იერ.31,15).
19ხოლო როდესაც აღესრულა ჰეროდე, აჰა, ანგელოზი უფლისა ჩვენებით გამოეცხადა იოსებს ეგვიპტეში
20და უთხრა: ადექი და წაიყვანე ყრმა და დედა მაგისი და წადი ისრაელის ქვეყანაში, რადგან დაიხოცნენ, ვინც ეძებდა ყრმის სულს.
21ხოლო იგი ადგა და წაიყვანა ყრმა და დედა მისი და მივიდა ისრაელის ქვეყანაში
22და როდესაც გაიგო, რომ არქელაოსი მეფობდა ჰურიასტანში, თავისი მამის, ჰეროდეს, ნაცვლად, შეეშინდა იქ მისვლისა და ბრძანება მიიღო ჩვენებით, გაშორდა და წავიდა გალილეის მხარეში.
23და მივიდა და დამკვიდრდა ქალაქში, რომელსაც ჰქვია ნაზარეთი, რათა აღსრულებულიყო თქმული წინასწარმეტყველთა მიერ, რომ ნაზორეველი ეწოდება (მსჯ.13,5).
Next