თავი - 9
Previous1იყო ერთი კაცი ბენიამინის შტოდან, სახელად კიმი, ძე აბიელისა, ცერომის ძისა, შექორათის ძისა, აფიახის ძისა, ბენიამინელი, მაგარი ვაჟკაცი.
2ჰყავდა ვაჟი, გამორჩეული და მშვენიერი, სახელად საული. ისრაელიანთა შორის მასზე უკეთესი არავინ იყო; ერთი თავით მაღალი იყო მთელ ხალხზე.
3დაეკარგა ხრდალი ვირები კიშს, საულის მამას, და უთხრა კიშმა საულს, თავის შვილს: წაიყვანე ვინმე მსახური ბიჭი, წადი და მოძებნე ვირები.
4გადაიარა ეფრემის მთა, მოიარა შალიშას მხარე, მაგრამ ვერ იპოვნეს. მოიარეს შაყალიმის მხარე, არც იქ იყო. მოიარა ბენიამინის მხარე და ვერ იპოვეს.
5მივიდნენ ცუფის მხარეში და უთხრა საულმა მსახურ ბიჭს, თან რომ ახლდა: წამო, გავბრუნდეთ უკან; დაავიწყდებოდა მამაჩემს ვირები და ახლა ჩვენი დარდი ექნება.
6მან მიუგო: აი, რას გეტყვი; ღვთისკაცი ცხოვრობს ამ ქალაქში; პატივდებული კაცი, რასაც იტყვის, ყველაფერი სრულდება. წავიდეთ იქ, ეგებ გვასწავლოს, რა გზას დავადგეთ.
7უთხრა საულმა თავის მსახურს: კარგი, წავიდეთ, მაგრამ რა მივუტანოთ იმ კაცს? გუდაში პური აღარა გვაქვს, არც საჩუქარი გვაქვს რამე, ღვთის კაცს რომ მივუტანოთ. რა გვაქვს თან?
8კვლავ მიუგო მსახურმა საულს და უთხრა: აჰა, მეოთხედი შეკელი ვერცხლი მაქვს ხელში. მივცეთ ღვთისკაცს და გვასწავლის გზას.
9უწინ ისრაელში ასე ამბობდა კაცი, ღმერთთან საკითხავად რომ მიდიოდა: მოდი, წავიდეთ მისანთან (რადგან ახლა რომ წინასწარმეტყველია, უწინ მისანი ეწოდებოდა).
10უთხრა საულმა თავის მსახურს: სწორს ამბობ, წამო, წავიდეთ. წავიდნენ ქალაქში, სადაც ღვთისკაცი ცხოვრობდა.
11აიარეს ქალაქის აღმართი და შემოხვდათ წყალზე მიმავალი გოგონები და ჰკითხეს: არის აქ სადმე მისანი?
12მიუგეს: აქვეა, ახლოში. ოღონდ იჩქარეთ, დღეს ამოვიდა ქალაქში, რადგან მსხვერპლშეწირვა აქვს ხალხს ბორცვზე.
13როგორც კი ქალაქში შეხვალთ, მაშინვე მოძებნეთ იგი, ვიდრე ბორცვზე არ ასულა პურის საჭმელად, რადგან ხალხი მის მისვლამდე არაფერს შეჭამს. მან უნდა აკურთხოს საკლავი, მხოლოდ ამის მერე დაიწყებენ ჭამას მიწვეულები. აბა, წადით, რადგან სწორედ ამ დროს შეგეძლებათ მისი ნახვა.
14ავიდნენ ქალაქში. როცა შუა ქალაქში შევიდნენ, ხედავენ, ეგებება მათ გორაკისკენ მიმავალი სამუელი.
15საულის მოსვლამდე ერთი დღით ადრე გამოეცხადებინა უფალს სამუელისთვის.
16ხვალ ამდროს კაცს გამოგიგზავნი ბენიამინის მხარიდან და სცხებ მას ჩემი ერის, ისრაელის, მეფედ; იგი იხსნის ჩემს ერს ფილისტიმელთაგან, რადგან მოვხედე მე ჩემს ერს, როცა მისმა ღაღადისმა ჩემამდე მოაღწია.
17დაინახა სამუელმა საული და უფალმაც დაუდასტურა: აჰა, ის კაცი, რომელზეც გელაპარაკე. იგი იმეფებს ჩემს ერზე.
18შეხვდა ჭიშკართან საული სამუელს და ჰკითხა: მასწავლე, სად არის აქ მისანის სახლი.
19მიუგო სამუელმა საულს და უთხრა: მე ვარ მისანი. წამომყევი გორაკზე; დღეს ჩემთან ერთად შეჭამთ პურს, ხოლო დილას კი გაგიშვებ. ყველაფერს გეტყვი, რაც გულში გაქვს.
20ნუ გადარდებს ვირები, სამი დღის წინ რომ დაკარგე, რადგან ნაპოვნია ისინი. ვის ეკუთვნის ისრაელის მთელი საუნჯე, თუ არა შენ და მამაშენის მთელს სახლს?
21მიუგო საულმა და უთხრა: მე ხომ ბენიამინელი ვარ, ისრაელის უმცირესი ტომის კაცი; ჩემი საგვარეულოც ხომ მცირეა ბენიამინის ტომის საგვარეულოთა შორის? რისთვის მეუბნები ამას?
22წაიყვანა სამუელმა საული და მისი მსახური, შეიყვანა დარბაზში და ოცდაათი წვეული კაცის თავში დასხა.
23უთხრა სამუელმა მზარეულს: მომეცი ნაჭერი, რომელიც მოგაბარე და გითხარი, დაიტოვე-მეთქი.
24გამოიტანა მზარეულმა მთელი ბეჭი და წინ დაუდო საულს. უთხრა სამუელმა: ეს არის, რაც მორჩა. წინ დაიდე და ჭამე, რადგან იმ დროისთვის გადაგინახე, როცა ხალხის მოწვევა განვიზრახე. პურობდა საული იმ დღეს სამუელთან ერთად.
25ჩამოვიდნენ ბორცვიდან ქალაქში და სახლის ბანზე ელაპარაკა საულს.
26ადგნენ დილაადრიანად. განთიადისას დაუძახა სამუელმა საულს ბანზე და უთხრა: ადექი, უნდა გაგისტუმრო. ადგა საული და გავიდნენ ორთავენი, ის და სამუელი, გარეთ.
27როცა ქალაქის ბოლოზე ჩავიდნენ, სამუელმა უთხრა საულს: უბრძანე, ჩვენს წინ იაროს მსახურმა (ისიც წავიდა წინ); შენ კი მცირეხანს დადექი, რომ ღვთის სიტყვა გამოგიცხადო.
Next