თავი - 8
Previous1როცა მოხუცდა სამუელი, ისრაელის მსაჯულებად თავისი შვილები დაადგინა.
2მის პირმშოს სახელად ერქვა იოველი, ხოლო უმცროსს - აბია; ბეერ-შებაში მსაჯულობდნენ ისინი.
3არ გაჰყვნენ შვილები მამის გზას, ანგარებას მისდევდნენ, ქრთამს იღებდნენ და სამართალს ამრუდებდნენ.
4შეიკრიბა ისრაელის უხუცესობა და მივიდა სამუელთან რამათს.
5უთხრეს: შენ მოხუცდი, შენი შვილები კი არ მიჰყვებიან შენს გზას. დაგვიდგინე ახლა მეფე, რომ სხვა ხალხების წესისამებრ განგვსჯიდეს.
6არ მოეწონა ეს ამბავი სამუელს, როცა თქვეს, მეფე მოგვეციო მსაჯულად. მაშინ შეევედრა სამუელი უფალს.
7უთხრა უფალმა სამუელს: შეისმინე ხალხის ყოველი სიტყვა, რასაც გეტყვის, რადგან შენ კი არ უარგყვეს, არამედ მე უარმყვეს თავიანთ მეფედ.
8როგორც იქცეოდნენ იმ დღიდან, როცა ეგვიპტიდან გამოვიყვანე, დღემდე, როცა დამივიწყეს და უცხო ღმერთებს დაემონენ, ასევე გექცევიან შენც.
9ახლა შეისმინე მათი სიტყვა, ოღონდ გააფრთხილე და აუხსენი უფლებები მეფისა, რომელმაც მათზე უნდა იმეფოს.
10უთხრა სამუელმა უფლის სიტყვები ხალხს, მეფეს რომ მოითხოვდნენ მისგან.
11უთხრა: აი, რა უფლებები ექნება მეფეს, რომელიც იმეფებს თქვენზე: წაიყვანს თქვენს შვილებს და თავის ეტლებთან და ცხენებთან დაიყენებს და ირბენენ მისი ეტლის წინ.
12დანიშნავს მათ ათასისთავებად და ორმოცდაათისთავებად, თავის ყანის მხვნელებად და თავისი სამკალის მოსამკელად, თავისი საბრძოლო საჭურველისა და ეტლების მკეთებლებად.
13აიყვანს თქვენს ასულებს მენელსაცხებლებად, მზარეულებად და პურის მცხობლებად.
14წაგართმევთ საუკეთესო ყანებს, ვენახებსა და ზეთისხილის ბაღებს და თავის მორჩილებს დაურიგებს.
15მეათედს აიღებს თქვენი ნათესებიდან და ვენახებიდან და თავის კარისკაცებსა და მორჩილებს უწყალობებს.
16წაგართმევთ საუკეთესო ყმებს, მხევლებს, მსახურ ბიჭებს, სახედრებს და თავის საქმეზე ამსახურებს.
17წაიღებს მეათედს თქვენი ფარიდან და თქვენც მისი ყმები გახდებით.
18მაშინ მოჰყვებით წუწუნს თქვენს არჩეულ მეფეზე, მაგრამ არ მოგისმენთ უფალი.
19არ დაუჯერა ხალხმა სამუელს. თქვეს: არა და არა, მეფე უნდა გვესვას,
20ჩვენც ისეთები უნდა ვიყოთ, როგორც სხვა ხალხები არიან. ჩვენი მეფე განგვსჯის ჩვენ, წინ წაგვიძღვება და ჩვენი გულისთვის იბრძოლებს.
21მოისმინა სამუელმა ხალხის ნათქვამი და შეატყობინა უფალს.
22უთხრა უფალმა სამუელს: შეიწყნარე მათი სიტყვა და დაუდგინე მეფე. უთხრა სამუელმა ისრაელის კაცებს: წადით თქვენ-თქვენს ქალაქებში.
Next