თავი - 7
Previous1მოვიდნენ კირიათ-იეყარიმელნი, წაიღეს უფლის კიდობანი და მიიტანეს აბინადაბის სახლში, გორაკზე, და განაწესეს მისი შვილი, ელეაზარი, უფლის კიდობნის დასაცავად.
2გამოხდა მრავალი ხანი კიდობნის დასვენებიდან კირიათ-იეყარიმში, გავიდა ოცი წელი და მოენატრა უფალი მთელს ისრაელს.
3ასე უთხრა სამუელმა მთელს ისრაელის სახლს: თუ მთელი გულით მიისწრაფით უფლისკენ, მოიშორეთ უცხო ღმერთები და აშთორეთები; მიმართეთ გულები უფლისაკენ და მხოლოდ მას ემსახურეთ; მაშინ გიხსნით იგი ფილისტიმელთაგან.
4მოიშორეს ისრაელიანებმა ბაალები და აშთორეთები და მხოლოდ უფალს ემსახურებოდნენ.
5თქვა სამუელმა: შეკრიბეთ მთელი ისრაელი მიცფაში და შევევედრები თქვენთვის უფალს.
6შეიკრიბნენ მიცფაში; ამოჰქონდათ წყალი და უღვრიდნენ უფალს და მარხულობდნენ იმ დღეს. თქვეს იქ: შევცოდეთ უფალს. განსაჯა სამუელმა ისრაელიანები მიცფაში.
7შეიტყვეს ფილისტიმელებმა, მიცფაში რომ იყვნენ შეკრებილნი ისრაელიანები, და დაიძრნენ ფილისტიმელთა მთავრები ისრაელის წინააღმდეგ. გაიგეს ისრაელიანებმა და შეუშინდნენ ფილისტიმელებს.
8უთხრეს ისრაელიანებმა სამუელს: ნუ შეგვიწყვეტ უფლის, ჩვენი ღვთისადმი ღაღადს, იქნებ გვიხსნას ფილისტიმელთაგან.
9აიყვანა სამუელმა ძუძუთა ბატკანი და მთლიანად აღუვლინა იგი უფალს. შეჰღაღადა სამუელმა უფალს ისრაელისათვის და უსმინა მას უფალმა.
10როდესაც სამუელი აღუვლენდა უფალს აღსავლენს და ფილისტიმელებიც მოდგნენ ისრაელთან საბრძოლველად, იგრგვინა ძლიერი ხმით იმ დღეს უფალმა ფილისტიმელებზე, შეაძრწუნა და იძლივნენ ისინი ისრაელიანთაგან.
11გამოვიდნენ ისრაელის კაცები მიცფადან, დაედევნენ ფილისტიმელებს და მუსრი გაავლეს მათ ბეთქორის მახლობლად.
12აიღო სამუელმა ერთი ლოდი და დადო იგი მიცფასა და კლდის შვერილს შორის, თქვა: აქამდე შეგვეწია უფალი. და უწოდა იმ ადგილს სახელად ებენ-ყეზერი (ქვა შეწევნისა).
13დასცხრნენ ფილისტიმელები და აღარ შემოდიოდნენ ისრაელის საზღვრებში. უფლის ხელი იყო ფილისტიმელებზე სამუელის სიცოცხლეში.
14დაუბრუნდა ისრაელს ფილისტიმელთაგან წაღებული ქალაქები, ყეკრონიდან გათამდე. გამოგლიჯა ისრაელმა მათი საზღვრები ფილისტიმელებს. ისრაელსა და ამორეველთა შორის ზავი იყო.
15ისრაელის მსაჯული იყო სამუელი მთელი თავისი სიცოცხლე.
16დადიოდა იგი წლიდან წლამდე, მიმოივლიდა ბეთელს, გილგალს და მიცფას, და განსჯიდა ისრაელს ყეელა ამ ადგილში.
17ბრუნდებოდა რამათს, რადგან იქ იყო მისი სახლი, და იქაც განსჯიდა ისრაელს. იქ აუგო მან სამსხვერპლო უფალს.
Next