Eleos

Contents

თავი - 6

Previous
1შვიდ წელიწადს იყო უფლის კიდობანი ფილისტიმელთა ქვეყანაში.
2იხმეს ფილისტიმელებმა ქურუმები და მისნები და უთხრეს: რა ვუყოთ უფლის კიდობანს? გვასწავლეთ, როგორ გავგზავნოთ თავის ადგილზე.
3მიუგეს: თუ ისრაელის ღვთის კიდობნის გაგზავნა გინდათ, ძღვნის გარეშე ნუ გაგზავნით: შესწირეთ მას დანაშაულის გამოსასყიდი მსხვერპლი; მაშინ განიკურნებით და გაიგებთ, რატომ არ გცილდებათ მისი ხელი.
4თქვეს: რა უნდა შევწიროთ დანაშაულის გამოსასყიდ მსხვერპლად? მიუგეს: ხუთ-ხუთი ოქროს ბუგრი დ ხუთ-ხუთი ოქროს თაგვი ფილისტიმელთა მთავრების რიცხვისამებრ, რადგან ერთია სასჯელი თქვენთვისა და ფილისტიმელთა მთავრებისთვის.
5გააკეთეთ თქვენი ბუგრების გამოსახულებები და თქვენი თაგვებისა, რომლებიც ყანებს გინადგურებენ, და პატივს მიაგებთ ამით ისრაელის ღმერთს, ვინძლო შეამსუბუქოს ხელი თქვენზე, თქვენს ღმერთებზე და თქვენს ქვეყანაზე.
6რატომ ისასტიკებთ გულს, როგორც ეგვიპტელები და ფარაონი ისასტიკებდნენ? ხომ გაუშვეს მათ ხალხი, როგორც კი გაამწარა ისინი უფალმა?
7ახლა ადექით და ერთი ახალი ურემი გააკეთეთ, გამოარჩიეთ ორი მეწველი, უღელდაუდგმელი ფური და შეაბით ფურები ურემში, ხბორები კი მოაცილეთ და სახლში გაგზავნეთ.
8აიღეთ უფლის კიდობანი და ურემზე შედგით. სკივრში ოქროს ნივთები ჩააწყეთ, რომელთაც დანაშაულის გამოსასყიდ მსხვერპლად ატანთ, და გვერდში მიუდგით. მერე გაუშვით, და წავიდეს.
9თვალი გააყოლეთ, და თუ თავისი ქვეყნის გზას დაადგა, ბეთ-შემეშისკენ, მას დაუწევია ჩვენს თავზე ეს დიდი უბედურება, თუ არადა, გვეცოდინება, რომ მის ხელს არ ვუგვემივართ, შემთხვევით გვეწვია ეს ამბავი.
10ასეც მოიქცა ხალხი: გამოარჩიეს ორი მეწველი ფური და ურემში შეაბეს; ხბორები კი სახლში დაამწყვდიეს.
11ურემზე შედგეს უფლის კიდობანი და სკივრი ოქროს თაგვებითა და თავიანთი ბუგრების გამოსახულებებით.
12პირდაპირ ბეთ-შემეშის გზას დაადგნენ ფურები. ერთ გზას მიჰყვებოდნენ და ზმუოდნენ, არც მარჯვნივ გადაუხვევიათ, არც მარცხნივ. უკან ფილისტიმელთა მთავრები მისდევდნენ ბეთ-შემეშის საზღვრამდე.
13ბეთ-შემეში ამ დროს პურს მკიდა ველზე. გაიხედგნ და დაინახეს კიდობანი, და გაუხარდათ დანახვა.
14ბეთ-შემეშელ იესოს ყანაში შევიდა ურემი და იქ გაჩერდა. დიდი ქვა იდო იქ. ურმის ხეები დაჩეხეს, ფურები კი აღსავლენ მსხვერპლად აღუვლინეს უფალს.
15ლევიანებმა გადმოიღეს უფლის კიდობანი და სკივრი ოქროს ნივთებით და იმ დიდ ქვაზე დადეს. ბეთ-შემეშელებმა კი აღსავლენი აღავლინეს და საკლავი დაუკლეს უფალს იმ დღეს.
16ეს რომ დაინახეს, იმავე დღეს გაბრუნდა ყეკრონს ფილისტიმელთა ხუთი მთავარი.
17აი, ოქროს ბუგრები, რომლებიც უფალს შესწირეს ფილისტიმელებმა დანაშაულის გამოსასყიდელ მსხვერპლად. ერთი აშდოდისთვის იყო, ერთი - ასკალონისთვას, ერთი გათისთვის, ერთიც ყეკრონისთვის.
18იყო აგრეთვე ოქროს თაგვები ფილისტიმელთა ქალაქების რიცხვის მიხედვით, რომლებიც ეკუთვნოდა ხუთ მთავარს - ციხე-სიმაგრიანი ქალაქებიდან მოყოლებული უგალავნო დაბებამდე. რაც შეეხება დიდ ქვას, სადაც დაასვენეს უფლის კიდობანი, ის დღემდე ბეთმემეშელი იესოს ყანაში იმყოფება.
19მოსრა უფალმა ბეთ-შემეშელნი, რადგან ჩაიხედეს მათ უფლის კიდობანში; ორმოცდაათიათას სამოცდაათი კაცი მოსრა უფალმა; მოთქვამდა მთელი ბეთ-შემეში, რადგან დიდად დააზარალა უფალმა ხალხი.
20თქვეს ბეთ-შემეშელებმა: ვინ დაუდგება უფალს, ამ წმიდა ღმერთს? ვისთან წავა ჩვენგან?
21გაუგზავნეს მოციქულები კირიათ-იეყარიმის მოსახლეობას: დააბრუნეს ფილისტიმელებმა უფლის კიდობანი, ჩამოდით და წაიღეთო.
Next