თავი - 10
Previous1აიღო სამუელმა ზეთით სავსე ქილა, თავზე დაასხა, აკოცა და უთხრა: აჰა, გცხო უფალმა თავისი სამკვიდროს მთავრად.
2დღესვე, როცა ჩემგან წახვალ, ორ კაცს შეხვდები რახელის საფლავთან, ბენიამინის საზღვარზე ცელცახში; გეტყვიან: ნაპოვნია ვირები, რომელთა საძებრადაც წამოხვედი. აჰა, დაავიწყდა მამაშენს თავისი ვირები და თქვენზე დარდობს: რა ვუყო ჩემს შვილსო?
3გასცდები ამ ადგილს და მიხვალ თაბორის მუხნართან და შეხვდები ბეთელისკენ სალოცავად მიმავალს სამ კაცს. ერთს სამი თიკანი მიჰყავს, მეორეს სამი პური მიაქვს, მესამეს ტიკით ღვინო.
4მშვიდობით მოგიკითხავენ და ორ პურს მოგცემენ, შენც გამოართმევ.
5შემდგომ ამისა ღვთის ბორცვზე ახვალ, სადაც ფილისტიმელთა სადარაჯოებია. ქალაქში შესვლისას შეხვდები გორაკიდან ჩამომავალ ქადაგთა გუნდს, რომელთაც წინ მიუძღვებიან ქნარით, დაფდაფით, სტვირითა და ებნით. თავად კი ქადაგებენ.
6ღვთის სული გადმოვა შენზე და მათთან ერთად აქადაგდები, სხვა კაცად გარდაიქმნები.
7როცა ყოველივე ეს აგიცხადდება, როგორც მოგიხდეს, ისე მოიქეცი, რადგან ღმერთი იქნება შენთან.
8ჩემზე წინ ჩახვალ გილგალში და მეც მალე მოვალ შენთან, რათა შევწირო აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი. შვიდ დღეს მელოდე, ვიდრე არ მოვალ შენთან და არ გასწავლი, რა უნდა გააკეთო.
9როგორც კი გატრიალდა საული წასასვლელად სამუელისგან, სხვა გული ჩაუდგა მას ღმერთმა და ყველა ნიში აუცხადდა იმ დღეს.
10ავიდნენ გორაკზე და, აჰა, მოდის მისკენ ქადაგთა გუნდი. გადმოვიდა მასზე ღვთის სული და ისიც მათთან ერთად აქადაგდა.
11ყველანი, ვინც მანამდე იცნობდნენ მას, ხედავდნენ ქადაგებთან ერთად გაქადაგებულს და ლაპარაკობდნენ ერთმანეთში: რა დაემართა კიშის ძეს? ნუთუ საულიც გაქადაგდა?
12თქვა პასუხად ერთმა იქაურმა კაცმა: ვინ არის მათი მამა? ასე წარმოიშვა ანდაზა: ნუთუ საულიც გაქადაგდაო?
13მორჩა ქადაგებას და ავიდა გორაკზე.
14უთხრა საულის ბიძამ საულსა და მის მსახურს: სად იარეთ? მიუგო: ვირებს ვეძებდით და როცა ვერსად ვიპოვეთ, სამუელთან წავედით.
15უთხრა საულს ბიძამ: მომიყევი, რა გითხრათ სამუელმა.
16უთხრა საულმა ბიძას: გამოგვიცხადა, ნაპოვნიაო ვირები. ხოლო მეფობის ამბავი, რაც სამუელმა უთხრა, არ გაუმხელია მისთვის.
17მოუხმო სამუელმა ხალხს უფალთან მიცფაში.
18უთხრა ისრაელიანებს: ასე ამბობს უფალი, ღმერთი ისრაელისა: მე გამოვიყვანე ისრაელი ეგვიპტიდან, მე გიხსენით თქვენ ეგვიპტელთაგან და ყველა სამეფოსგან, რომელიც კი გავიწროებდათ.
19ახლა უარყოფთ თქვენს ღმერთს, რომელმაც გიხსნათ ძნელბედობასა და გასაჭირში, რადგან ეუბნებით: მეფე დაგვიდგინეო. აბა, წარუდექით უფალს თქვენთქვენი ტომისა და გვარეულობის მიხედვით.
20სათითაოდ მიიყვანა სამუელმა ისრაელის ყველა ტომი და ბენიამინის ტომს ხვდა წილი.
21მიიყვანა ბენიამინის ტომი საგვარეულოებისდა მიხედვით და მატრის საგვარეულოს ხვდა წილი. მერე საულს, კიშის ძეს, ხვდა წილი. დაუწყეს ძებნა და ვერსად იპოვეს.
22კვლავ შეეკითხნენ უფალს: თუ კიდევ არის აქ ვინმე მიმსვლელი? თქვა უფალმა: აჰა, ჭურჭლებს არის ამოფარებული.
23გაიქცნენ და გამოიყვანეს იქიდან. ჩადგა ხალხში და ერთი თავით ყველაზე მაღალი გამოჩნდა.
24უთხრა სამუელმა მთელს ხალხს: ხომ ხედავთ, ვინ აირჩია უფალმა? რადგან მთელს ხალხში არავინაა მისი მსგავსი. იხუვლა ხალხმა და თქვა: დღეგრძელი იყოს მეფე!
25გამოუცხადა სამუელმა ერს მეფობის უფლებანი, წიგნში ჩაწერა და უფლის წინაშე დადო. მერე დაითხოვა სამუელმა ხალხი და წავიდ-წამოვიდნენ თავ-თავის სახლებში.
26საულიც გაემართა თავისი სახლისკენ, გიბყაში. თან გაჰყვა მამაცი ხალხი, რომელთა გულებს ღმერთი შეეხო.
27უგვანი ხალხი ამბობდა: ეგ ჩვენ როგორ გვიხსნისო, და შეიძულეს იგი და ძღვენი არ მიართვეს. მას კი არაფერი უთქვამს.
Next